Thumbnail
  • 10 ივლისი, 19:30 საათი: ტორპედო V შერიფი
  • ტორპედო ჩემპიონთა ლიგის მატჩს 7 ახალი ფეხბურთელით ხვდება

10 ივლისს, 19:30 საათზე ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის ტორპედო ტირასპოლის შერიფს უმასპინძლებს. ორ-რაუნდიანი დუელის პირველი შეხვედრა რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ტორპედო შერიფს ოპტიმალური შემადგენლონით დაუპირისპირდება. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ტრავმის გამო შეხვედრას გამოტოვებს, ვაჟა ტაბატაძეა. გუნდში 7 ახალი ფეხბურთელია: მამუკა კობახიძე, ლაზარ მარინი, მარეკ ჰლინკა, მათე ცინცაძე, ალექსანდრ აზაცკი, ლევან გეგეჭკორი და არფანგ დაფე.

მატჩის წინა დღეს, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გაიმართა, კომენტარებს კი ქვემოთ გაეცნობით…

კახა ჩხეტიანი (ტორპედოს მწვრთნელი):
“ვფიქრობ, რომ მზად ვართ თამაშისთვის. გუნდში შვიდი ახალი ფეხბურთელია და სავარაუდოდ, ერთი კიდევ დაგვემატება. ბევრი ლაპარაკობს შეუთამაშებლობაზე. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, რომ ახალი ფეხბურთელები უფრო ადრე მოსულიყვნენ გუნდში, მაგრამ დღეს ამაზე ლაპარაკი უკვე აზრს მოკლებულია. წინ ორი უმნიშვნელოვანესი მატჩია და ჩვენც ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ჩვენი მიზანია, რომ სანახაობრივი ფეხბურთი ვაჩვენოთ და ორი მატჩის ჯამში, ვაჯობოთ მეტოქეს. დარწმუნებული ვარ, ქუთაისელი გულშემატკივრები გაავსებენ ტრიბუნებს და მათი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი იქნება. რაც შეეხება შერიფს, აქვს სუსტი მხარეები და უნდა ვეცადოთ ამის გამოყენებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ქვეყანას წარმოვადგენთ, ქართველ ხალხს კი ძალიან სჭირდება გახარება. ამ პასუხისმგებლობას ყველანი ვგრძნობთ”.

ტორპედოს მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

როინ კვასხვაძე (ტორპედო):
“ყველას კარგად გვესმის თუ რაოდენ მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. გუნდში ახალი ფეხბურთელები მოვიდნენ, თუმცა არამგონია, რომ შეუთამაშებლობის პრობლემამ იჩინოს თავი. შევისწავლეთ მეტოქის თამაში, პლუსები, მინუსები და ვეცდებით, რომ მინუსები კარგად გამოვიყენოთ და ერთი ნაბიჯი წინ გადავდგათ განმეორებითი მატჩის წინ”

გორან სამრიჩი (შერიფის მწვრთნელი):
“შევისწავლეთ მეტოქე. ტორპედო ძლიერი გუნდია, რომელსაც ბურთის კონტროლი უყვარს. ვფიქრობ, ამ შეხვედრისთვის სათანადოდ მოვემზადეთ და თავს კარგად წარმოვაჩენთ. პირველ შეხვედრაში შანსები თანაბარია. გასულ სეზონში, ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშეთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამჯერად, ჩემპიონთა ლიგაზე წარმოვაჩინოთ თავი. დიდი იმედი მაქვს, რომ პირველ თამაშში გოლის გატანას შევძლებთ, დაპირისპირების ბედი კი განმეორებით პაექრობაში გადაწყდება”. 

კომენტარები

ბოლო ამბები