Thumbnail
  • მსოფლიოს საუკეთესო ათეულის მოთამაშეები ტურნირს ნელ-ნელა ტოვებენ
  • ძალიან დამაჯერებლად მიიწევენ წინ ფავორიტები - ნადალი და ფედერერი

უიმბლდონის მეოთხე სათამაშო დღე მსოფლიო რეიტინგის რამდენიმე ლიდერის მარცხით დაგვამახსოვრდა. ტომას ფაბიანოსთან გადადებული და ნაწვალები მატჩი წააგო სტენ ვავრინკამ. წინა დღით, წვიმის გამო შეწყვეტილი შეხვედრა, გუშინ გაგრძელდა. ვავრინკა სეტებში 2:0 უკვე აგებდა. მატჩის გაგრძელების შემდეგ კი, მესამე სეტიც წააგო და ტურნირს დაემშვიდობა - 6:7, 3:6, 6:7.

მეორე სენსაცია მსოფლიოს მეხუთე ჩოგანის, ხორვატი მარინ ჩილიჩისა და არგენტინელი გუიდო პელას შეხვედრაში დაფიქსირდა. ეს მატჩიც წვიმის გამო იყო შეწყვეტილი და გუშინ გაგრძელდა. 28 წლის არგენტინელმა, რომელიც უიმბლდონის პირველ წრეს არასდროს გასცდენია, ორი წაგებული სეტის შემდეგ, ჩილიჩს ისეთი გაქცევა მოუწყო, რომ ხორვატმა თამაშის შემოტრიალება ვეღარ შეძლო. ხუთსეტიანი მატჩი რეიტინგის 82-ე პოზიციაზე მყოფი პელას გამარჯვებით დასრულდა - 3:6, 1:6, 6:4, 7:6, 7:5.

სამ სეტში, ბელგიელ ელისონ ვან იუიტვანკთან (რეიტინგში 47-ე) სენაციურად დამარცხდა მსოფლიოს მესამე ჩოგანი გარბინ მუგურუსა  - 7:5, 2:6, 1:6. მისგან განსხვავებით, საოცარი დამაჯერებლობით გამოირჩევა ქალთა რეიტინგის ლიდერი - სიმონა ჰალეპი. რუმინელი ჩოგბურთელი არაჩვეულებრივ ფორმაშია და ერთმანეთის მიყოლებით უმკლავდება მეტოქეებს. გუშინ, სიმონამ ჩინელი საისაი ჩენგი ორ სეტში - 7:5, 6:0 დაამარცხა. წინ კარგად მიიწევს ანჟელიკ კერბერიც, რომელმაც საათსა და 56 წუთში, სამსეტიან შეხვედრაში კლერ ლიუს სძლია - 3:6, 6:2, 6:4.

მამაკაცთა ერთეულებში, რაფაელ ნადალმა 30 წლის მიხაილ კუკუშკინი სამ სეტში - 6:4, 6:3, 6:4 დაამარცხა. ასევე, სამ სეტში იმარჯვა ნოვაკ ჯოკოვიჩმა - 6:1, 6:2, 6:3, რომლის მეტოქეც ჰორაციო ძებალოსი იყო. კვლავ შეუჩერებელია ნიკ კირიოსი. ავსტრალიელი საკმაოდ ეფექტურ თამაშს აჩვენებს და აშკარაა, რომ ფიზიკურად თავს ძალიან კარგად გრძნობს. მსოფლიო რეიტინგის მე-19 ნომერმა, ამჯერად ჰონალდიელი რობინ ჰაასე დაამარცხა - 6:3, 6:4, 7:5.

ნიკ კირიოსი

ბერნარდ ტომიჩს ოთხ სეტში სძლია იაპონელმა კეი ნიშიკორიმ - 2:6, 6:3, 7:6, 7:5. მომდევნო წრეში გავიდა ხუან-მარტინ დელ პოტროც. არგენტინელმა ესპანელი ლოპესი სამ სეტში, საკმაოდ იოლად - 6:4, 6:1, 6:2 დაამარცხა. მსოფლიოს მე-8 ჩოგანმა, სამხრეთაფრიკელმა კევინ ანდერსონმა კი, ანდრეას სეპპი ოთხ სეტში - 6:3, 6:7, 6:3, 6:4 დაამარცხა.

დღეს, დები უილიამსები, გაელ მონფილსი, როჯერ ფედერერი და მილოშ რაონიჩი ითამაშებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები