Thumbnail

ბათუმმა ტიმიშოარა სარასენსი დაამარცხა და პლეი ოფის საგზური მოიპოვა

  • ბათუმის მძიმე მატჩი ტიმიშოარასთან
  • დიდი გამარჯვება კონტინენტის ფარზე
  • 2018 წლის იანვარში პლეი ოფები გველის   

კონტინენტის ფარის მეოთხე ტურის შეხვედრაში, ბათუმმა ტიმიშოარა სარასენსს უმასპინძლა. შეხვედრა უაღრესად დაძაბული გამოდგა.

მე-7 წუთზე რუმინელებმა ლელოს დადება მოახერხეს, რასაც ზუსტი გარდასახვაც მიაყოლეს. ბათუმი გაშვებული ლელოს შემდეგ გააქტიურდა ,  ბახვა კობახიძემ ჯარიმით სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა.

38-ე წუთზე ხანგრძლივი შეტევის შემდეგ, ბექა მამრიკიშვილმა ლელოს დადება მოახერხა, კობახიძე გარდასახვის დროსაც ზუსტი იყო და პირველი ტაიმი ბათუმელებმა 10:7 მოიგეს.

მეორე ტაიმში რუმინელებმა სწრაფად შეძლეს  ლელოს დადება, თუმცა გარდასახვა ვეღარ გაიტანეს.

57-ე წუთზე ბათუმმა კიდევ ერთხელ გამოიყენა უპირატესობა.  მასპინძელთა მეცხრე ნომერმა, ზურა თუთბერიძემ ლელო დადო და ბახვა კობახიძემ გარდასახვაც ზუსტად შეასრულა. მთელი თამაშის განმავლობაში, შერკინებაში უპირატესობას ვფლობდით, 65-ე წუთზე მეტოქე დავაჯარიმეთ , კობახიძემ ისევ უშეცდომოდ დაარტყა და ბათუმმა რვაქულიანი უპირატესობა მოიპოვა. რუმინელებმა ბოლო წუთზე ლელოს დადება მოახერხეს, მაგრამ გარდასახვა ვეღარ გაიტანეს და საბოლოო ანგარიში ტაბლოზე 20:17 დაფიქსირდა.  ბათუმმა კიდევ ერთი დიდი გამარჯვება მოიპოვა,  ქართულმა კლუბმა პლეი ოფის საგზური გაინაღდა. ეს იყო ისტორიული გამარჯვება, პირველივე წელს ევროტურნირის პლეი ოფში გასვლა მართლაც დიდი მიღწევაა. შეგახსენებთ, რომ პლეი ოფის მატჩები 2018 წლის იანვარში გაიმართება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები