Thumbnail
  • გერმანიამ პირველად ვერ გადალახა მუნდიალის ჯგუფური ეტაპი
  • ისტორიული ფიასკოს მიზეზები

ის, რაც მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შემდეგ მთელ საფეხბურთო მსოფლიოს წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, რეალობად იქცა: მსოფლიოს ჩემპიონი გერმანიის ნაკრები ჯგუფში ჩარჩა. ეს იყო პირველი შემთხვევა გერმანიის ნაკრების ისტორიაში - ბუნდესგუნდმა მუნდიალის ჯგუფური ეტაპი პირველად ვერ გადალახა. ვისი და რისი ბრალია მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების ფიასკო? 7 მწარე სიმართლე იოახიმ ლიოვის გუნდზე:

1. გერმანიას მოტივაცია აკლდა

პირდაპირ ვთქვათ: გერმანიის ნაკრები დანაყრებული იყო! გუნდს აკლდა მონდომება, კონცენტრაცია და მოტივაცია. 2014 წელს ყველაფერი სხვანაირად იყო - მაშინ გერმანიას ერთ-ერთი ყველაზე მონდომებული გუნდი ჰყავდა. ერთი ან ორი მატჩი ნებისმიერმა ტოპ-გუნდმა შეიძლება ჩააგდოს, მაგრამ ფეხბურთი, რომელსაც იოახიმ ლიოვის გუნდი ამ მუნდიალზე თამაშობდა, ზედმეტად ნელი და არაშემოქმედებითი იყო.

გერმანელი ფეხბურთელები მსოფლიოს ჩემპიონატზე თითქოს ვალის მოხდის მიზნით თამაშობდნენ. მსოფლიოს ჩემპიონები, რომლებმაც საკვალიფიკაციო ეტაპი ბრწყინვალედ ჩაატარეს, საკუთარ თავს არ ჰგავდნენ. ყველაზე ცუდი შთაბეჭდილება მესუთ იოზილმა, თომას მიულერმა და სამი ხედირამ დატოვეს. მექსიკასთან (0:1) და სამხრეთ კორეასთან (0:2) მატჩებში ისინი საკუთარი თავის აჩრდილები იყვნენ, აჩრდილები კი მუნდიალზე მერვედფინალშიც კი ვერ გადიან ხოლმე.

2. ლიოვის უპატიებელი შეცდომა

გერმანიის ნაკრების თავკაცმა იოახიმ ლიოვმა ვეღარ დაამტკიცა, რომ კარგი ყნოსვა აქვს. ფეხბურთელების შერჩევისას "იოგი" შეცდომებს არ უშვებდა ხოლმე. ლეროი სანეს განაცხადს მიღმა დატოვება მას უდიდეს შეცდომად უნდა ჩავუთვალოთ. მანჩესტერ სიტის გარემარბი ბუნდესგუნდს ფინალამდე ალბათ ვერ მიიყვანდა, მაგრამ სანეს შეუძლია დრიბლინგი, სწრაფია, ტექნიკური და, რაც მთავარია, მსოფლიოს ჩემპიონატზე უდიდესი მონდომებით ითამაშებდა.

ლეროი სანემ ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, მაგრამ ლიოვმა მუნდიალზე არ წაიყვანა

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სანე პრემიერლიგის გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს. ლიოვის ეს გადაწყვეტილება კაციშვილმა ვერ გაიგო - ვერც გერმანიაში და, მით უმეტეს, ვერც ინგლისში, სადაც სანე ერთ-ერთი საუკეთესოა.

3. გერმანია რეალურად ცუდ ფორმაში იყო

ჯერ კიდევ მუნდიალის დაწყებამდე იყო იმის ნიშნები, რომ გერმანიის ნაკრები ტურნირს ჩააგდებდა. ფაქტია, რომ ბუნდესგუნდს 2017 წლის (!) შემოდგომის შემდეგ კარგად აღარ უთამაშია. მხოლოდ ორი მოგება 9 შეხვედრაში - მიუხედავად ამისა, გერმანიაში სჯეროდათ, რომ მათი გუნდი რუსეთში კარგად იასპარეზებდა. საკმარისია, გავიხსენოთ ავსტრიასთან წაგებული ტესტ-მატჩი და მხოლოდ 2:1 საუდის არაბეთთან, რომ დავრწმუნდებით - ბუნდესგუნდი მუნდიალს რეალურად ცუდ ფორმაში შეხვდა. მექსიკასთან მარცხი გერმანელებმა სერიოზულ ნიშნად არ მიიღეს, მერე კი, შვედეთთან ბოლო წამზე მოგებულმა შეხვედრამ ყველა დააბრმავა. არადა, ის მატჩი ბუნდესგუნდმა ტონი კროოსის ჯარიმით მოიგო და მეტი არაფერი!

ტონი კროოსის ჯარიმა შვედეთთან

4. მხოლოდ კროოსი და ნოიერი

შარშან გერმანიამ კონფედერაციათა თასი ფაქტობრივად მეორე შემადგენლობით, ახალგაზრდა ფეხბურთელებით მოიგო. ლიოვს მუნდიალზეც მათზე რომ გაეკეთებინა აქცენტი, ბუნდესგუნდი ჯგუფში ალბათ არ ჩარჩებოდა. ფაქტი ის არის, რომ დღესდღეობით გერმანელებს მხოლოდ ორი მსოფლიო დონის ფეხბურთელი ჰყავთ - მანუელ ნოიერი, რომელიც შემოდგომიდან უთამაშებელი იყო და ტონი კროოსი.

მარკო როისს, ჯოშუა კიმიხსა და იულიან დრაქსლერს მსოფლიო დონემდე ბევრი აკლიათ. თომას მიულერი დიდი ხანია, საკუთარი თავის აჩრდილია. აღარაფერს ვამბობთ იოზილზე, რომელსაც ისედაც ყველა აკრიტიკებს. ტიმო ვერნერი ბუნდესლიგისთვის, შესაძლოა, კარგი თავდამსხმელია, მაგრამ ზედმეტად გამოუცდელია იმისთვის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გოლები გაეტანა. მარიო გომესის მზეც დიდი ხანია, ჩაესვენა. ლიოვმა მუნდიალზე არ წაიყვანა სანდრო ვაგნერი, რომელიც ქედმაღალი ტიპია, მაგრამ მის მონდომებასა და მოტივაციაზე ლეგენდები დადის…

5. გერმანია არ იყო ერთ მუშტად შეკრული გუნდი

წლევანდელ და 2014 წლის ჩემპიონ გერმანიას შორის უდიდესი განსხვავებაა. ეს უკვე აღარ იყო ერთ მუშტად შეკრული გუნდი. გარდა ამისა, გერმანიას აღარ ჰყავს ლიდერი ფილიპ ლამი, მებრძოლი ბასტიან შვაინშტაიგერი, გოლეადორი მიროსლავ კლოზე და ისეთი მონდომებული ტიპები, როგორებიც ლუკას პოდოლსკი და პერ მერტეზაკერი იყვნენ. გარდა ამისა, გერმანიის ნაკრები რუსეთში პრობლემებით ჩავიდა - იოზილმა და გიუნდოგანმა ერდოღანთან ფოტოები რომ გადაიღეს, ეს სულაც არ არის ერთი ჩვეულებრივი ამბავი. ამ მოვლენას უდიდესი გამოხმაურება და დისკუსიები მოჰყვა, რამაც გუნდზე რეალურად ცუდად იმოქმედა.

მესუთ იოზილის და ილქაი გიუნდოგანის ფოტოები ერდოღანთან ერთად

6. გერმანული ფეხბურთი კრიზისშია

ევროპის 2000 წლის ჩემპიონატზე კატასტროფული თამაშის შემდეგ, გერმანიაში განგაშის ზარებს შემოჰკრეს და დაწერეს ხანგრძლივვადიანი კონცეფცია, მთლიანად შეცვალეს ბავშვთა ფეხბურთის სისტემა, შექმნეს ახალი აკადემიები და შედეგი წლების შემდეგ მიიღეს: 2006, 2010 და 2014 წლების მუნდიალებზე გერმანიას შესანიშნავი გუნდი ჰყავდა, რომელიც გახდა კიდეც მსოფლიოს ჩემპიონი.

ახლა კი აშკარაა, რომ გერმანულ ფეხბურთს რეგრესი დაეწყო. ნაკრებსაც რომ თავი დავანებოთ, გერმანული კლუბებიც ვერ დგანან მოწოდების სიმაღლეზე. უეფას თასი და ევროპალიგა გერმანელებს 1997 წლის შემდეგ აღარ მოუგიათ (შალკე), ჩემპიონთა ლიგაში კი მხოლოდ ბაიერნი თამაშობს კარგად და ბოლო დროს მაქსიმუმ ნახევარფინალში გადის.

7. ფიასკო ლოგიკურია

გერმანიის ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლა არ დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლო ამბები