Thumbnail
  • გერმანიის ნაკრებისგან ასეთი დაულაგებელი ფეხბურთი ყველას გაუკვირდა
  • ქაოსი უკანა ხაზში - დიდი სივრცეები დაცვასა და ნახევარდაცვას შორის
  • მატს ჰუმელსმა თანაგუნდელები გააკრიტიკა
  • თუ ასე გააგრძელებენ, მსოფლიოს ჩემპიონები ჯგუფში ჩარჩებიან

მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე ტოპ-გუნდის მარცხი არავის უკვირს - ასეთები ხდებოდა, ხდება და მომავალშიც მოხდება. საქმე ისაა, რომ ამას გერმანიის ნაკრებისგან არავინ ელოდა.

ლიოვი და მისი შეგირდები წნეხის ქვეშ არიან

წაგებაშიც არ არის საქმე - მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა მექსიკის ნაკრებთან, მოულოდნელად, ძალიან ქაოტური ფეხბურთი ითამაშა და საბოლოოდ ლოგიკურად დამარცხდა. არადა, გერმანიას წელსაც ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპზე ათივე თამაში მოიგო.

ფაქტია: თუ დარჩენილ 2 შეხვედრაში გერმანელები რადიკალურად არ გამოსწორდებიან  და არ დალაგდებიან, ბუნდესგუნდი კიდევ მხოლოდ 3 კვირა იქნება მსოფლიოს ჩემპიონი და უარეს შემთხვევაში ჯგუფურ ეტაპსაც ვერ გადალახავს.

მექსიკასთან წაგების (0:1) შემდეგ, გერმანიაში განგაშის ზარებს შემოჰკრეს. “ეს მარცხი ძალიან გვაშინებს!” - ასეთი სათაური მიუძღვნა “ბილდმა” ბუნდესნაკრების ფალშსტარტს. იოახიმ ლიოვის გუნდისთის ახლა ჯგუფური ეტაპის ორივე მატჩი (შვედეთთან და სამხრეთ კორეასთან) გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი იქნება - გერმანიის ნაკრები წნეხის ქვეშაა.

ცუდი ნიშანი: ბოლი 4 ჩემპიონიდან 3 ჯგუფში ჩარჩა. 2002-ში საფრანგეთი, 2010-ში იტალია, 2014-ში ესპანეთი. სწორედ ამის ეშინიათ ახლა გერმანელებსაც.

უდიდესი მონდომებით მებრძოლი მექსიკელების წინააღმდეგ გერმანელებს ფაქტობრივად არაფერი გამოსდიოდათ. 

განსაკუთრებით ცუდად ბუნდესგუნდის უკანა ხაზმა ითამაშა!

გერმანიის ნაკრებს დაცვაში პრობლემები რომ ჰქონდა, ეს ავსტრიასთან (1:2) და საუდის არაბეთან (2:1) ამხანაგურ მატჩებშიც გამოჩნდა. მექსიკასთან განსაკუთრებით ცუდად ჯერომ ბოატენგმა ითამაშა, რომელიც არაერთხელ შეცდა პოზიციურად. კარგად არც მატს ჰუმელსი და ჯოშუა კიმიხი გამოიყურებოდნენ.

ასე გაიტანა ლოსანომ გოლი გერმანიის ნაკრების კარში

გერმანიის ნაკრები არც შეტევაში ვარგოდა!

მექსიკელებმა ტონი კროოსი გააუვნებელყვეს

მექსიკის ნაკრების ნახევარმცველებმა ბუნდესგუნდის უმთავრეს გამთამაშებელ ტონი კროოსს გასაქანი არ მისცეს და რა გასაკვირია, რომ მისი პასების გარეშე ბუნდესგუნდს წინ არაფერი გამოუვიდა.

“ტონი ძალიან მაგრად დაკეტეს. სადაც არ უნდა ყოფილიყო, მასთან ყოველთვის ვიღაც იყო. შესაბამისად, უკნიდან შეტევებს ნორმალურად ვეღარ ვიწყებდით,” - განაცხადა მატჩის შემდეგ იოახიმ ლიოვმა. აბსოლუტურად არ ჩანდა მესუთ იოზილიც, ვინც ასევე გამთამაშებელია და პასების (უფრო ბოლო პასის) ჩამორიგება ევალება.

► ზოგადად, გერმანიის ნაკრების ნახევარდაცვაში უდიდესი ხვრელები ჩნდებოდა. ლიოვის შეგირდები ბურთს ზედმეტად ხშირად კარგავდნენ და მექსიკელებს ძალიან სახიფათო კონტრიერიშების განხორციელების საშუალებას აძლევდნენ. ლეგენდარულმა ოლივერ კანმა, რომელიც ამ მუნდიალზე სატელევიზიო ექსპერტია, მექსიკელთა კონტრშეტევებს “ბრუტალური შემოსევები” უწოდა.

► გამოჩნდა, რომ გერმანიის ნაკრებს კონცენტრაციის პრობლემაც აქვს. დებიუტანტმა იულიან ბრანდტმა (22 წლის, შეცვლაზე ითამაშა) საფინალო სასტვენის შემდეგ ფანთან ერთად სელფი გადაიღო და გადაღების დროს ისე გაიღიმა, თითქოს მისმა გუნდმა მუნდიალი მოგებით დაიწყო.

"მე და ბოატენგი ძალიან ხშირად მარტონი ვრჩებოდით. ეს გასახდელშიც ძალიან ხმამაღლა ვთქვი!" - მატს ჰუმელსი

მატჩის შემდეგ, ჰუმელსმა თანაგუნდელები გააკრიტიკა: “დაზღვევაზე ძალიან ცუდად გამოვიყურებოდით - ეს აუცილებლად უნდა ითქვას! მე და ბოატენგი ძალიან ხშირად მარტონი ვრჩებოდით. ეს გასახდელშიც ძალიან ხმამაღლა ვთქვი. საუდის არაბეთთან შეხვედრაშიც გამოჩნდა, რომ დაზღვევაზე პრობლემები გვქონდა. ვერ ვხვდები, რატომ ვითამაშეთ მექსიკასთან ასე ცუდად. თუ ასე გავაგრძელებთ, საგანგაშო სიტუაციაში აღმოვჩნდებით. შანსი ჯერ კიდევ გვაქვს და ეს კარგია.”

რაც შეეხება პოზიტივს: კაპიტანი მანუელ ნოიერი ფორმაშია! ასევე კარგი იყო მარკო როისი, რომელიც ლიოვმა შეცვლაზე ათამაშა და, დიდი ალბათობით, მეორე შეხვედრაში ძირითადში იქნება, რადგან იულიან დრაქსლერმა “იოგის” იმედები ვერ გაამართლა.

მექსიკელები თითოეული სანტიმეტრისთვის უდიდესი მონდომებით იბრძოდნენ

“მარცხით იმედგაცრუებულები ვართ. ფაქტია, რომ ასეთ სიტუაციებს მიჩვეულები არ ვართ. სტარტი ცუდი გამოვიდა, მაგრამ ჯგუფში კიდევ ორი მატჩი გვაქვს. ცხადია, რომ მეორე მატჩი (შვედეთთან, 23 ივნისს) უნდა მოვიგოთ!” - ეს ლიოვის სიტყვებია.

გერმანიის ნაკრებისთვის შვედეთთან გამარჯვება მართლაც აუცილებელია - წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუნდესგუნდს ისტორიული ფიასკოს საფრთხე დაემუქრება. უკვე საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ გერმანიის ნაკრებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავოს. თუ ასე მოხდა, შესაძლოა, ბუნდესგუნდს მერვედფინალში ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ მოუწიოს ბრძოლა - “სელესაომ” მუნდიალი შვეიცარიასთან ფრით (1:1) დაიწყო.

კომენტარები

ბოლო ამბები