Thumbnail

უნიკალური შანსი ბორჯღალოსნებს | მოვუგოთ ფიჯის და შევიდეთ მსოფლიოს TOP-10-ში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • თუ "ბორჯღალოსნები" ფიჯის დაამარცხებენ, წყნარი ოკეანის თასს მოიგებენ
  • ამ მოგებით საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად შევა მსოფლიო რეიტინგის ათეულში
  • მსოფლიოს განახლებული რეიტინგი

16 ივნისს საქართველოს ნაკრები წყნარი ოკეანის თასის მეორე მატჩს გამართავს მასპინძელ ფიჯისთან. გამარჯვების შემთხვევაში, "ბორჯღალოსნები" წყნარი ოკეანის თასს დაეუფლებიან. 

თუმცა გარდა ამ ტიტულისა, მილტონ ჰეიგის გუნდმა შეიძლება, რაგბის ისტორიაში პირველად რეიტინგის ათეულში შეაღწიოს.

საქართველოს ნაკრების საუკეთესო შედეგი რეიტინგში მე-11 პოზიციაა. 2016 წელს ათეულში შესვლის შანსი გვქონდა, მაგრამ ის ხელიდან გავუშვით. 

დღეისათვის საქართველოს ნაკრები 74.75 ქულით მე-12 პოზიციაზეა, ჩვენი მომავალი მეტოქე ფიჯი კი 77.93 ქულით მეცხრეა. 

"ბორჯღალოსნები" მე-10 ადგილზე

საქართველო უგებს ფიჯის (ნებისმიერი ანგარიშით)

ნებისმიერი ანგარიშით მოგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ფიჯის რეიტინგში გადაუსწრებს, რადგან +1.62 ქულა დაემატება, ხოლო ფიჯის ამდენივე მოაკლდება. 

თუ 15 ქულაზე მეტი სხვაობით ვიმარჯვებთ, რეიტინგში +2.43 ქულა მოგვემატება. 

თუ მატჩი ფრედ დასრულდება წყნარი ოკეანის თასი მასპინძლებს დარჩებათ, საქართველო რეიტინგში +0.62 ქულას მოიმატებს, მაგრამ ეს წინსვლისთვის საკმარისი არ იქნება. 

უშუალო მატჩის მოგების შემთხვევაში ფიჯის კი ვუსწრებთ, მაგრამ გასათვალისწინებელია მე-10 ადგილზე მყოფი არგენტინა და მე-11-ზე მყოფი იაპონიაც. 

შაბათს იაპონია იტალიას მასპინძლობს, ხოლო არგენტინა - უელსს. "ბორჯღალოსნების" წინსვლა ამ ორ თამაშზეც არის დამოკიდებული, თუმცა ათეულში შესვლისთვის საკმარისია ფიჯი თუნდაც 1 ქულით დავამარცხოთ. ამ შემთხვევაში იაპონიამ დიდი ანგარიშითაც, რომ დაამარცხოს იტალია, მაინც საქართველო იქნება მე-10 ადგილზე. 

'ბორჯღალოსნები' მე-9 ადგილზე

საქართველო დიდი ანგარიშით უგებს ფიჯის და არგენტინა უელსთან მარცხდება

საქართველოს ნაკრები შეიძლება მე-9 ადგილზეც კი გადავიდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ "ბორჯღალოსნები" ფიჯის და 15-ზე მეტი ქულით დაამარცხებენ, ხოლო არგენტინა უელსთან თუნდაც მინიმალური სხვაობით დამარცხდება. ამ შემთხვევაში "პუმებს" გადავუსწრებთ!

ბუნებრივია, ყველაფერი მალევე შეიძლება შეიცვალოს, რადგან ივნისის ტესტების მესამე მატჩში "ბორჯღალოსნები" იაპონიის ნაკრებს სტუმრობენ. იმ შეხვედრაში ფიჯისთან მოპოვებული რეიტინგ-ქულების, როგორც შენარჩუნება, ისე განიავება შეიძლება. 

კომენტარები

ბოლო ამბები