Thumbnail
  • დანიის ნაკრების მწვრთნელმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
  • ოგე ჰარეიდეს გუნდის ლიდერი კრისტიან ერიკსენია
დანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოგე ჰარეიდე

მსოფლიოს ჩემპიონატი ახლოვდება და გუნდების მთავარმა მწვრთნელებმაც ნელ-ნელა წინასწარი, გაფართოებული შემადგენლობების დასახელება დაიწყეს. დანიის ნაკრების თავკაცმა ოგე ჰარეიდემ 35-კაციანი სია გამოაქვეყნა, საიდანაც 23 საუკეთესოს 4 ივნისამდე დაასახელებს. გუნდის ლიდერი და მთავარი იმედი ტოტენჰენის გამთამაშებელი კრისტიან ერიკსენია. 

“ორი აზრი არ არსებობს, კრისტიანი ჩვენი ყველაზე მთავარი კაცია. მან ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა. თუმცა, ჩვენ სხვა ისეთი ფეხბურთელებიც გვყავს, რომლებიც ასევე ძალიან კარგ ფორმაში არიან - მაგალითად, კასპერ შმაიხელი ან სიმონ კიაერი,” - აცხადებს მიონხენგლადბახის ბორუსიას მცველი იანიკ ვესტერგაარდი.

აღსანიშნავია, რომ გაფართოებულ სიაშია როსენბორგის თავდამსხმელი ნიკლას ბენდტნერი. შეგახსენებთ, რომ ევროპის 1992 წლის ჩემპიონმა დანიამ ბოლოს 2014 წლის მუნდიალიც გამოტოვა და ვერც ევრო 2016-ზე იასპარეზა.

ვილიამ კვისტი, თომას დილეინი, ნიკლას ბენდტნერი და იუსუფ პოულსენი

“დიდი ხანია, დიდ ტურნირზე აღარ გვითამაშია. ამიტომ, მუნდიალს გაათმაგებული მონდომებით ველოდებით. იმედი გვაქვს, რომ დანიელი გულშემატკივრები ჩვენით იამაყებენ,” - დასძენს ვესტერგაარდი.

შეგახსენებთ, რომ დანია მუნდიალზე C ჯგუფში, საფრანგეთთან, პერუსთან და ავსტრალიასთან ერთად მოხვდა. დანიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ასე გამოიყურება: 

► მეკარეები: იესპერ ჰანსენი (მიდტიულანდი), იონას ლიოსლი (ჰადერსფილდი), ფრედერიკ რიონოვი (ბრონდბიუ), კასპერ შმაიხელი (ლესტერი).

► მცველები: პეტერ ანკერსენი (კოპენჰაგენი), ანდრეას ბიელანდი (ბრენტფორდი), ნიკოლაი ბოილესენი (კოპენჰაგენი), ანდრეას კრისტენსენი (ჩელსი), ჰენრიკ დალსგაარდი (ბრენტფორდი), რიზა დურმისი (ბეტისი), მათიას იორგენსენი (ჰადერსფილდი), სიმონ კიაერი (სევილია), იონას კნუდსენი (იპსვიჩი), იენს ლარსენი (უდინეზე), იანიკ ვესტერგაარდი (გლადბახი).

► ნახევარმცველები: თომას დილეინი (ვერდერი), კრისტიან ერიკსენი (ტოტენჰემი), პიერ ემილ ჰოიბერგი (საუთჰემპტონი), მათიას იენსენი (ნორდსიელანდი), მაიკ იენსენი (როსენბორგი), მიკაელ კრონ-დელი (დეპორტივო), ვილიამ კვისტი (კოპენჰაგენი), ლუკას ლერაგერი (ბორდო), ლასე შიონე (აიაქსი), დანიელ ვასი (სელტა).

► თავდამსხმელები: ნიკლას ბენდტნერი (როსენბორგი), მარტინ ბრეიტუეიტი (ბორდო), ანდრეას კორნელიუსი (ატალანტა), კასპერ დოლბერგი (აიაქსი), ვიკტორ ფიშერი (კოპენჰაგენი), ნიკოლაი იორგენსენი (ფეიენოორდი), იუსუფ პოულსენი (ლაიპციგი), პიონე სისტო (სელტა), რობერტ სკოვი (კოპენჰაგენი), კენეტ ზოჰორე (კარდიფი).

P.S. სხვა გუნდების შემადგენლობები ნახეთ ამ ბმულზე.

კომენტარები

ბოლო ამბები