Thumbnail

შესანიშნავი ნახევარმცველი სუნთქვისშემკვრელი უნარებით - რას წერდა SHOOT ყიფიანზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 1982 წლის მუნდიალის წინ, გამოცემა SHOOT დავით ყიფიანზე წერდა
  • ჟურნალის პროგნოზით, თბილისის დინამოს ათიანი ტურნირის ვარსკვლავი უნდა გამხდარიყო
  • სამწუხაროდ, მსოფლიომ იმ მუნდიალზე ყიფიანი ვერ იხილა

1969 წელს, დიდ ბრიტანეთში ყოველკვირეული საფეხბურთო ჟურნალის, SHOOT-ის პირველი ნომერი გამოვიდა, რომელიც ინგლისურ და შოტლანდიურ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა. 1980-წლიდან ჟურნალმა პროფილი შეიცვალა და მსოფლიო ფეხბურთში მიმდინარე მოვლენების გაშუქებაც დაიწყო. SHOOT იმითაც იყო ცნობილი, რომ ყოველ სეზონში ერთ ცნობილ ფეხბურთელს გვერდს უთმობდა, სადაც ისინი საკუთარ კარიერაზე, ცხოვრებასა და მსოფლიო საფეხბურთო სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე წერდნენ. SHOOT-ში წერდნენ კევინ კიგანი, ბრაიან რობსონი, ჩარლი ნიკოლასი, ეშლი კოული, დენი მილსი და ა.შ

1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ჟურნალში გამოქვეყნდა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებსაც მუნდიალზე დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშათ. აღსანიშნავია, რომ ბრიტანულმა ჟურნალმა ლეგენდარულ მოთამაშეებში დავით ყიფიანი შეიყვანა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მუნდიალზე საბჭოთა კავშირის ნაკრებში ოთხი ქართველი ფეხბურთელი იყო, ქართველ გულშემატკივარს დღემდე გული წყდება, რომ 1982 წლის მუნდიალზე საფეხბურთო სამყარომ დათო ყიფიანი ვერ იხილა...

აი, რას წერდა SHOOT დავით ყიფიანზე:

მარცხნივ დავით ყიფიანი, მარჯვნივ კლაუდიო ჯენტილე...

ძალიან გამხდარი, ფაქტობრივად მელოტი, 30 წელს გადაცილებული - დავით ყიფიანი არ ჰგავს მსოფლიო თასის პოტენციურ ვარსკვლავს.

მაგრამ სთხოვეთ ვესტ ჰემის ფანს, გაიხსენოს მისი თამაში თბილისის დინამოს შემადგენლობაში “ჩაქუჩების” წინააღმდეგ “აპტონ პარკზე” და ის მოგიყვებათ უკიდურესად ქედმაღალ, შესანიშნავ ნახევარმცველზე, ბურთის ფლობის სუნთქვისშემკვრელი უნარით და საოცარი სიშორის, დაცვის მხლეჩი გადაცემების კეთების ალღოთი!

თასების მფლობელთა თასი თბილისის დინამომ მოიგო, 30 წლის ყიფიანის სახელი კი საერთაშორისო ასპარეზზე გაისმა.

აგვისტოში, მადრიდის რეალთან ამხანაგურ შეხვედრაში მიღებულმა მუხლის ტრავმამ იგი ფეხბურთს 6 თვით ჩამოაშორა. ახლა სრულად ჯანმრთელი, იგი მზადაა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის თავისი ერთადერთი შანსი გამოიყენოს. ყიფიანი დარწმუნებულია, რომ შეუძლია, წინ გაუძღვებს რუსებს და მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში ბრაზილიის ნაკრებს სენსაციური მარცხი აგემოს.

შოტლანდიელთა სატურნირო ამბიციებს ყიფიანი აუცილებლად დიდ პრობლემებს შეუქმნის.

ქართველები მსოფლიო ჩემპიონატზე: სერგო კოტრიკაძე, მიხეილ მესხი, გივი ჩოხელი, სლავა მეტრეველი, ანზორ კავაზაშვილი, მურთაზ ხურცილავა, გიორგი სიჭინავა, კახი ასათიანი, გივი ნოდია, რევაზ ძოძუაშვილი, ვიტალი დარასელია, თენგიზ სულაქველიძე, რამაზ შენგელია, ალექსანდრე ჩივაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები