Thumbnail

"მარადისობა" | რომში ფრანჩესკო ტოტის ქანდაკებას დაუდგამენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • სტატუა გალარეა Plus Arte Plus-ში 10-12 მაისს გამოიფინება
  • მოქანდაკემ მის სახელწოდებაში ქალაქი, კლუბი და ფეხბურთელი გააერთიანა

რომას ლეგენდას ფრანჩესკო ტოტის ქანდაკებას უდგამენ. როგორც Il Romanista იუწყება, 41 წელს მიღწეული ყოფილი ფეხბურთელის სტატუა, რომელზე სკულპტორმა სტეფანო მეცარომამ იმუშავა, გალარეა Plus Arte Plus-ში, 10-12 მაისს გამოიფინება.

მოქანდაკემ ნამუშევარს Aeterno უწოდა, რაც ითარგმნება, როგორც "მარადისობა". სახელწოდებაში გათვალისწინებულია რომის მეტსახელიც (მარადიული ქალაქი) და ტოტისა და კლუბის სამუდამო კავშირიც.

შეგახსენებთ, რომ იტალიელმა ფეხბურთელმა, რომელსაც რომას გარდა სხვა კლუბში არასდროს უთამაშია, კარიერა ერთი წლის წინ დაასრულა. იტალიის დედაქალაქში მას გრანდიოზული გაცილება მოუწყვეს.

ტოტი რომაში 1992 წლიდან თამაშობდა. გუნდის მაისურით ჩატარებულ 786 მატჩში მან 307 გოლი გაიტანა და 197 საგოლე პასი მიითვალა. ფეხბურთელმა რომასთან ერთად სკუდეტო 2001 წელს მოიგო, ორ-ორჯერ კი იტალიის თასი (2007 და 2008 წლებში) და სუპერთასი (2001 და 2007 წლებში) დაისაკუთრა.

ფრანჩესკომ ეროვნულ გუნდში 58 მატჩში 9 გოლი გაიტანა და მასთან ერთად 2006 წელს მუნდიალი მოიგო, ევრო 2000-ზე კი ვერცხლს დასჯერდა.

კარიერის დასრულების შემდეგ, ტოტიმ რომას დირექტორის თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა.

კომენტარები

ბოლო ამბები