Thumbnail
  • დიდი გამარჯვება ქართველთათვის ეგზოტიკურ სპორტის სახეობაში
  • თორნიკე შენგელია ინდივიდუალურ მწვერვალებს იპყრობს
  • დიდი იმედგაცრუება თელ-ავივში
  • ევროპის ჩემპიონი ვეღარ, მაგრამ ვიცე-ჩემპიონია
  • სანაკრებო ბატალიების წინ იმედიანად ვართ

popsport.com გთავაზობთ უკვე ტრადიციად ქცეულ თვის TOP-5 მოვლენას ქართულ სპორტში.

ამონათვალში ზოგიერთი მოვლენა დადებითად დაგვამახსოვრდა, რასაც ვერ ვიტყვით ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც, ალბათ, თვის იმედგაცრუება იყო.

► თებერვლის TOP-5 მოვლენა ქართულ სპორტში

► იანვრის TOP 5 მოვლენა ქართულ სპორტში

მარტის TOP-5 მოვლენა ქართულ სპორტში

1. მსოფლიოს ჩემპიონატი ჰოკეიში - გამარჯვება კეიპტაუნში

ჰოკეის ნაკრებმა დივიზიონი მოიგო

ალბათ, ბევრი არ ელოდა, რომ ქართული სპორტის მთავარი გამარჯვება აპრილში ყინულის ჰოკეის ნაკრების წარმატება იქნებოდა. ჩვენმა გუნდმა კეიპტაუნში 5-დან 4 გამარჯვება იზეიმა, III დივიზიონში პირველი ადგილი დაიკავა და გაისად ერთი რანგით მაღლა იასპარეზებს.

ქართულ სპორტში ახალი ვარსკვლავები გამოჩდნენ - ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი, ოლივერ ობოლგოგიანი და სხვები...

2. თორნიკე შენგელია - ორგზის MVP?

თორნიკე შენგელია MVP-ის ტიტულისთვის იბრძვის

თორნიკე შენგელია პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელსაც ევროლიგის თვის MVP-ის პრიზი გადასცეს. ევროლიგამ გამარჯვებული 2 აპრილს გამოაცხადა, თორნიკეს პრიზი ფენერბაჰჩესთან მესამე თამაშის წინ გადასცეს. 

თორნიკე ორ გამოკითხვაში არის მოწინავეთა რიგებში, მას აქვს შანსი გახდეს, როგორც ევროლიგის სეზონის, ასევე ესპანეთის ჩემპიონატის MVP. სპეციალისტთა აზრით, თორნიკე ამჟამად ევროპაში მოთამაშე საუკეთესო მძიმე ფორვარდია.

3. ტრიუმფს ველოდით და...

გურამ თუშიშვილი მედალთან ახლოს იყო

თელ-ავივში ძიუდოში ევროპის პირველობა ყველაზე დიდი იმედგაცრუება გამოდგა ქართული ძიუდოს ისტორიაში. პირველად მოხდა, რომ საქართველოს წარმომადგენელმა ერთი მედალიც კი ვერ მოიგო ევროპის ჩემპიონატზე. არადა, 9 მონაწილიდან 8 თავიას წონაში განთესილთა შორის იყო და ფავორიტთა შორისაც მიიჩნეოდა. 

ფიასკოს მოყვა მწვრთნელთა შტაბის სრული შემადგენლობით გადადგომა ირაკლი ცირეკიძის მეთაურობით. 

4. იყო ჩემპიონი, გახდა ვიცე...

ნანა ძაგნიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ევროპის ჩემპიონატი ქალ მოჭადრაკეთა შორის ტეპლიცეში გაიმართა. ნანა ძაგნიძე, კონტინენტის შარშანდელი ჩემპიონი ახლაც ფავორიტთა შორის იყო. მან 11 ტურიდან 8 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილი დაიკავა. მართალია, ქართველმა დიდოსტატმა ტიტული ვერ შეინარჩუნა, თუმცა ევროპის ვიცე-ჩემპიონობაც მიღწევაა. 

5. ველით უეფას ერთა ლიგას

ახლა საბას დროა - ლობჟანიძემ აპრილში 6 გოლი გაიტანა

ბოლო წლებში ქართველი ლეგიონერების კარგი თამაშით განებირვებულნი იშვიათად ვართ, თუმცა ამ სეზონში სიტუაცია შეიცვალა და ნაკრების რამდენიმე წევრი სტაბილურად ათამაშდა.

აპრილის თვეში რაპიდის ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ 4 გოლი გაიტანა, დანიურ რანდერსში მოთამაშე საბა ლობჟანიძემ კი 6 (!), სარაგოსა პრიმერას საგზურისთვის იბრძვის, გიორგი პაპუნაშვილი კი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა, მან აპრილში 2 გოლის გატანა შეძლო. 

TOP-5-ის მიღმა

ნიკა შენგელია მხოლოდ ფინალში დამარცხდა

ხუთეულს მიღმა დარჩა, თუმცა დიდი წარმატებას არ ვუკარგავთ ქართველ მოფარიკავე ნიკა შენგელიას, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე (U23) ვერცხლის მედალი მოიპოვა. 

მცირე ჩავარდნის შემდეგ კარგად ათამაშდა ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც აპრილში ზედიზედ სამი ტურნირის მეოთხედფინალში (მაროკო, ტუნისი, ბუდაპეშტი) გავიდა და რეიტინგშიც დაწინაურდა.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები (U20) ევროპის ახალგაზრდული ლიგის ოთხთა ფინალის გამარჯვებული გახდა.

გოგა ბითაძე ოფიციალურად დადგა NBA-ს დრაფტზე.

მეტს ველოდით

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებისგან, რომელიც დევისის თასზე ლუქსემბურგთან დამარცხდა და ევრო-აფრიკის მესამე ზონაში გავარდა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისგან, რომელმაც მსოფლიოს გუნდურ თასზე ამერიკაში მხოლოდ მე-5 ადგილი დაიკავა. 

ტყვიის სროლაში ნინო სალუქვაძემ მსოფლიოს თასზე სუსტად იასპარეზა. 

კომენტარები

ბოლო ამბები