Thumbnail

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-16 ტურში დინამო ბათუმმა გორის დილას უმასპინძლა და მეტოქე გიორგი ნიქაბაძის გოლით, ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ეს შეხვედრა ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართა, სადაც პირველად ჩატარდა თამაში.

მატჩის შემდეგ თამაში ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა შეაფასა. გია გეგუჩაძის გაცხადებით, სასიხარულოა, რომ ახალი სტადიონი დინამო ბათუმის გამარჯვებით გაიხსნა, ხოლო გიორგი ნემსაძემ აღნიშნა, რომ ფრე უფრო ლოგიკური იქნებოდა და მსაჯის შეცდომაზე ისაუბრა.

ნიქაბაძე ახალ სტადიონზე პირველ და გამარჯვების გოლს იტანს

გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი): "პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ ყველას სტადიონის გახსნა, ეს იყო პირველი თამაში ამ სტადიონზე და მგონი ყველასთვის გასახარია ეს ამბავი. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და მითუმეტეს გასახარია, რომ გახსნა დინამო ბათუმის გამარჯვებით მოხდა. თამაში ძალიან რთული გამოდგა და ეს მოსალოდნელიც გახლდათ. მიუხედავად იმ დიდი უპირატესობისა, რომელიც ტაიმნახევრის განმავლობაში გვქონდა, აბსოლუტურად რადიკალურად შეიცვალა მდგომარეობა ჩვენი ფეხბურთელის გაძევების შემდეგ. თუმცა, მოვიგეთ და ეს სასიხარულოა. კიდევ ერთხელ ვულოცავ გულშემატკივრებს, ფეხბურთელებს, ყველას, ვისაც უხარია ფეხბურთის წინსვლა და დინამო ბათუმის გამარჯვება".

გიორგი ნემსაძე (დილას მთავარი მწვრთნელი): "პირველ რიგში, მინდა მივულოცო ბათუმელებს და გულშემატკივრებს ულამაზესი სტადიონის გახსნა. პირველად ვარ აქ და მართლა საფეხბურთო ატმოსფეროა. ალბათ, აქ უცოდინარი ისწავლის ფეხბურთის თამაშს. მივულოცავ ამ ახალ სტადიონზე გამარჯვებას დინამო ბათუმს. რაც შეეხება თამაშს, უპირატესობას, რა თქმა უნდა, დინამო ბათუმი ფლობდა, რადგან სახლში თამაშობდა. უბრალოდ, გამომდინარე იქედან, რა მომენტებიც გვქონდა, შეიძლებოდა ანგარიშის გათანაბრება, ან თავიდან დავწინაურებულიყავით. იყო ერთ ეპიზოდი, როცა შეიძლებოდა პენალტის დანიშვნა. იმასთან შედარებით, რა პენალტიც ჩვენი კარის მიმართულებით დანიშნეს, რა თქმა უნდა, ჩვენი უფრო მკაფიო იყო, მაგრამ ალბათ მსაჯმა თვალები დაიბრმავა. ყოფილი ფეხბურთელი ვარ და არ მინდა, რომ მსაჯებზე გადავტეხო ჯოხი, რადგან არ არის შესაფერისი. ვფიქრობ, რომ მაინც ფრე იქნებოდა ლოგიკური შედეგი და კარგი იქნებოდა ჩვენთვის, რომ ქულა წაგვეღო, მაგრამ რას ვიზამთ, ფეხბურთია და კიდევ ერთხელ ვულოცავ დინამო ბათუმს და წარმატებებს ვუსურვებ".

📺 დინამო ბათუმი V დილა

დინამო ბათუმს 14 ტურის შემდეგ 29 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა. გია გეგუჩაძის გუნდი ლიდერ დინამო თბილისს 2 ქულით ჩამორჩება და საჩემპიონო ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. დილა 16 მატჩში მოპოვებული 24 ქულით მე-3 პოზიციაზეა.

დინამო ბათუმი მომდევნო მატჩს 26 ნოემბერს, ისევ "ბათუმი არენაზე" გამართავს და მე-14 ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლებს. გორის დილა კი 30 ნოემბერს, შინ თბილისის საბურთალოს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები