Thumbnail

20 წლის ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ტატო გადამწყვეტ შეხვედრაში ბულგარელ ივაილო ივანოვს გადაეყარა და 45 წამში ვაზარიზე 2-ჯერ დასცა, რაც ავტომატურად იპონში გადაიზარდა.

ქართველმა ძიუდოისტმა ტურნირი იტალიელ კრისტიან პარლატისთან ვაზარით მოგებით დაიწყო, რასაც ბერძენ ტეოდოროს დემურციდისთან იპონი მოჰყვა, შემდეგ იყო თანამემამულე ლუკა მაისურაძესთან გამარჯვება, ნახევარფინალში კი ტატომ ევროპის 2019 წლის ჩემპიონს, ბელგიელ მატიას კასეს აჯობა, ასე რომ, გრიგალაშვილმა ტურნირი ტრიუმფალურად მოიგო.

📺 ტატო გრიგალაშვილი V ივაილო ივანოვი

ამავე წონაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ხსენებული ლუკა მაისურაძე, რომელიც მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს გაეჯიბრა და დიდი ბრძოლა გადაიტანა. ქართველმა ძიუდოისტმა ვაზარი მალევე აიღო, შემდეგ მსაჯმა 2 შიდო მისცა, თუმცა, ბოლოსკენ ლუკამ მეტოქე იპონზე მაინც დასცა.

შეგახსენებთ, რომ მაისურაძე ევროპის ჩემპიონატში მე-2 წრიდან ჩაერთო და მოლდოველ ნიკონ ზაბოროსკიუჩს ვაზარით აჯობა, უკრაინელი არტიომ ბუბირი 20 წამში დააიპონა, მეოთხედფინალში კი გრიგალაშვილთან ვაზარით დამარცხდა. ლუკა რეპეშაჟში გადაერთო, სადაც “გოლდენ სქორში” აზერბაიჯანელ მურად ფაიტიევს ვაზარით აჯობა, მერე კი, უკვე ბრინჯაოს ორთაბრძოლა იყო.

📺 ლუკა მაისურაძე V ფრანკ დე ვიტი

ამგვარად, ქართული დელეგაციის აქტივში ყველა სინჯის თითო მედალია (დღესვე ვერცხლი ლაშა შავდათუაშვილმა დაისაკუთრა) და ამ დროისთვის ჩვენს გუნდს ვაჟთა ჩათვლაში პირველი ადგილი უკავია. ხვალ, ევროპის ჩემპიონატზე დასკვნითი დღეა და ტატამიზე კიდევ ოთხ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ. 90 კგ-ში ბექა ღვინიაშვილი ისლანდიელი ეგიილ ბლონდალს გაეჯიბრება, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) ძალებს ბერძენ გიორგიოს მალიაროპულოსთან სცდის, მძიმე წონაში (+100 კგ.) კი ორ ქართველ ძიუდოისტი გამოვა: ლევან მატიაშვილი ევროპირველობას ნიდერლანდელ როი მეიერთან შერკინებით დაიწყებს, ხოლო გურამ თუშიშვილის მეტოქე რუმინელი ლუკა კუნსაბო იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები