Thumbnail
  • 'მისი მოედანზე გაყვანა ძალიან საშიშია მაშინ, როდესაც თამაში ქულა ქულაში მიდის'
  • მოსკოვის ცსკა-ს ქართველი კალათბურთელი სადებიუტო სეზონში სუსტად გამოიყურება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანს თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში მორიგი არადამაჯერებელი მატჩი ჰქონდა (ევროლიგის ეგიდით, მიუნხენის ბაიერნთან), რასაც ცნობილი რუსული სააგენტო Sports.ru გამოეხმაურა და შეეცადა, ქართველი ფორვარდის წარუმატებელი თამაშის მიზეზები გამოეკვლია. აი, რას წერს აღნიშნული ვებ-გვერდი:

“უკანასკნელი კვირის განმავლობაში ცსკა-მ ევროლიგაში 3 გამარჯვება იზეიმა და უეცრად აინაცვლა ევროლიგის მე-2 ადგილზე. უეცრად იმიტომ, რომ ერთი შეხედვით პოზიტიური შედეგების მიუხედავად, “ლურჯ-წითლების” თამაში ბევრ კითხვას იწვევს: განიავებული 15-ქულიანი უპირატესობები, უფერული შენგელია, დროდადრო დაკარგული მაიკ ჯეიმსი...

ის, რომ ქართველი კალათბურთელის გუნდთან შეგუება რთული იქნებოდა, მოსალოდნელი გახლდათ, თუმცა, არა ამ დონეზე, თოკო უბრალოდ წვალობს. ერთის მხრივ, ცსკა-მ არ იცის როგორ დაეხმაროს შენგელიას. მასთან დაკავშირებით შეტევის მხოლოდ 2 მიმართულებაა. ან ბურთი ჩადის ფლანგებზე, სადაც ის მყის ორმხრივი მეურვეობის ქვეშ ხვდება და უმეტეს შემთხვევებში ვერც იერიშს იწყებს და ვერც პასს აკეთებს. ანაც პერიმეტრზე მეტოქესთან ერთი ერთზე ტოვებენ, რომელსაც სისწრაფის ხარჯზე უნდა აჯობოს. სამწუხაროდ, თორნიკე ისეთი სწრაფი არ არის, რომ ფარქვეშ შესვლისას მინიმუმ მასზე წესების დარღვევა ვერ მოასწრონ.

თორნიკე შენგელიამ ბაიერნთან მატჩში მხოლოდ 6 ქულა ჩააგდო

სათქმელია ისიც, რომ მოედანზე შენგელიას მოქმედების ზონები ხშირად იკვეთება გუნდის კიდევ ერთ ახალწვეულ ნიკოლა მილიტუნოვის არეალთან. ამდენად, ამ 2 კალათბურთელის ერთდროულად გამოყენება, ხშირ შემთხვევაში, “არმიელებისთვის” წამგებიანია.

მეორეს მხრივ, შენგელია თავადაც დაკარგულია. ის საჯარიმოს ხაზიდან მხოლოდ 60%-იანი სიზუსტით ესვრის და ეს მის კარიერაში უარესი მაჩვენებელია, გასულ სეზონში 77% ჰქონდა. ზუსტი სამქულიანების მაჩვენებელი 20%-ია, არადა, თორნიკე შორი დისტანციიდან მხოლოდ მაშინ უტევს, როდესაც სუპერღია პოზიციაში იმყოფება. ესეც მისი კარიერის ყველაზე ცუდი შედეგია. შედარებისთვის, გასულ ორ სეზონში პერიმეტრიდან 39%-იანი სიზუსტით უტევდა.

თუკი არაზუსტი ორქულიანების რაოდენობა კიდევ შეიძლება აიხსნას გუნდური ორგანიზაციის არარსებობით, ყველაფერი დანარჩენი უკვე თავად ქართველი კალათბურთელის ბრალია. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, შენგელიას მოედანზე გაყვანა ძალიან საშიშია მაშინ, როდესაც თამაში ქულა ქულაში მიდის. ლოგიკურიცაა, რომ ის ამ დროს სკამზე რჩება. ცხადია, მას გამონათებები აქვს, თუმცა, ძალიან იშვიათად.

ნათელია, რომ მაიკ ჯეიმსთან ურთიერთობების მოგვარების შემდეგ, დიმიტრის იტუდისის მთავარი ამოცანა ის უნდა იყოს, რომ შენგელიასგან მართლაც მიიღოს ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი (თორნიკე გუნდში სწორედ ამ სტატუსით მივიდა), იქნება ეს ფსიქოლოგიური კონსულტაციებით, ტაქტიკური გადაწყობებით თუ სხვა რამით. ცსკა ხომ შენგელიასგან გაცილებით მეტს ელის, ვიდრე 3-ბალიანი სარგებლიანობის კოეფიციენტია, რომელიც მას ბოლო ორ მატჩში ჰქონდა”.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფორვარდი რუსულ გრანდს მიმდინარე სეზონის დასაწყისში შეუერთდა, თუმცა, ჯერჯერობით, სათანადო  დონეზე ვერ გამოიყურება. ევროლიგის დასკვნით შეხვედრებში, ლიეტუვურ ჟალგირისთანა და გერმანულ ბაიერნთან, შესაბამისად, 7 და 6 ქულა ჰქონდა, სეზონში კი საშუალოდ, 8.9 ქულას აგროვებს, რაც მისი კალიბრის მოთამაშისთვის დაბალი მაჩვენებელია.

კომენტარები

ბოლო ამბები