Thumbnail

2021 წელს შეიძლებოდა, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ეთამაშა. ამ ოცნებასთან ვლადიმირ ვაისის გუნდი უპრეცედენტოდ ახლოს იყო - მხოლოდ ერთი მოგება აშორებდა მიზანს, მაგრამ 12 ნოემბერს ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალი ეროვნულმა გუნდმა თბილისში არცთუ ძლიერ ჩრდილოეთ მაკედონიასთან წააგო (0:1) და საგაისოდ საქართველოს ნაკრებისთვის სულ სხვა ტურნირი გახდა პრიორიტეტული - 2022 წლის მუნდიალი. უფრო სწორად, ყატარის ტურნირის საკვალიფიკაციო შეჯიბრება, რომლის წილისყრაც კარს მოგვადგა.

წაგებული ფინალი - ევროზე ჩრდილოეთ მაკედონია მიდის

7 დეკემბერს მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა კორონავირუსის პანდემიის გამო, ვიდეოკონფერენციის სახით გაიმართება. წილისყრა თბილისის დროით, 21:00 საათზე დაიწყება და საქართველოს ნაკრები მუნდიალის საკვალიფიკაციოში 5 ან 4 მეტოქის ვინაობას შეიტყობს.

საკვალიფიკაციო ეტაპზე კალათებში გუნდები ნოემბრის ფიფას რეიტინგის მიხედვით გადანაწილდებიან, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ევროპაში თამაშები დასრულებულია და რეიტინგიც არაოფიციალურად დათვლილია. მაშ ასე, საქართველოს ნაკრები კინაღამ გავარდა მეხუთე კალათში ნოემბრის მატჩების ცუდად ჩატარებისთვის, თუმცა საბოლოოდ მე-4 კალათში დარჩა.

ვაისის 5-წლიანი კარიერა საქართველოში წარუმატებლად დასრულდა

1. ბელგია, საფრანგეთი, ინგლისი, პორტუგალია, ესპანეთი, იტალია, ხორვატია, დანია, გერმანია, ნიდერლანდები

2. შვეიცარია, უელსი, პოლონეთი, შვედეთი, ავსტრია, უკრაინა, სერბეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი

3. რუსეთი, უნგრეთი, ირლანდია, ჩეხეთი, ნორვეგია, ჩრდ. ირლანდია, ისლანდია, შოტლანდია, საბერძნეთი, ფინეთი

4. ბოსნია, სლოვენია, მონტენეგრო, ჩრდ. მაკედონია, ალბანეთი, ბულგარეთი, ისრაელი, ბელარუსი, საქართველო, ლუქსემბურგი

5. სომხეთი, კვიპროსი, ფარერები, აზერბაიჯანი, ესტონეთი, ყაზახეთი, კოსოვო, ლიტვა, ლატვია, ანდორა

6. მალტა, მოლდოვა, ლიხტენშტაინი, გიბრალტარი, სან მარინო

სხვათა შორის, კალათები ისე განაწილდა, რომ ორი გრანდი ერთ ჯგუფში გამოირიცხა. ასე რომ, სულ მცირე, პლეი ოფისთვის ბრძოლა ბევრ გუნდს შეეძლება და ვიმედოვნებთ, რომ მათ შორის საქართველოს ნაკრებიც იქნება. 

საქართველოს ნაკრები მუნდიალზე მეშვიდედ ითამაშებს, ფინალური ეტაპი კვლავ ოცნებაა

როგორ იბრძოლებენ ევროპული ნაკრებები მუნდიალის საგზურებისთვის?

7 დეკემბერს ევროპის 55 ქვეყანა 10 ჯგუფში გადანაწილდება. ბუნებრივია, ყველა ჯგუფში ერთნაირი რაოდენობა ვერ იქნება, რადგან ბოლო კალათში მხოლოდ 5 ნაკრებია. A-E ჯგუფებში (ხუთი ჯგუფი) 5-5 გუნდი იქნება, ხოლო  F–J ჯგუფებში (ხუთი ჯგუფი) - 6-6. ყატარის საგზურს იღებს ჯგუფის გამარჯვებული - სულ 10 ნაკრები. 10 მეორეადგილოსანი კი (რომელთაც ერთა ლიგიდან კიდევ 2 გუნდი დაემატება) მუნდიალის საკვალიფიკაციო პლეი ოფში გადადის (უფრო დეტალურად ქვემოთ).

7 დეკემბერს წილისყრა პირველი კალათიდან დაიწყება და მეექვსეთი დასრულდება. 

შეზღუდვები წილისყრაზე

1. ერთა ლიგის მიზეზი
ერთა ლიგის ოთხთა ფინალში გასული ნაკრებები (საფრანგეთი, ბელგია, იტალია და ესპანეთი) აუცილებლად უნდა მოხვდნენ 5-გუნდიან ჯგუფებში (A-E), რადგან მათ შემოდგომით ოთხთა ფინალიც აქვთ სათამაშო და კალენდარში ნაკლები თამაში ესაჭიროებათ. 

2. პოლიტიკური მიზეზები
არ შეიძლება: სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთ ჯგუფში მოხვედრა; გიბრალტარის და ესპანეთის; კოსოვოსა და ბოსნიის; კოსოვოსა და სერბეთის, კოსოვოსა და რუსეთის, რუსეთისა და უკრაინის.

3. კლიმატური მიზეზი
ცივი ქვეყნებიდან (ბელარუსი, ესტონეთი, ფარერები, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია, რუსეთი, უკრაინა) ჯგუფში არ შეიძლება 2-ზე მეტი მოხვდეს. ამასთან, ფარერები და ისლანდია არ შეიძლება ერთ ჯგუფში მოხვდნენ, რადგან მარტში და ნოემბერში მათ მასპინძლობა აკრძალული აქვთ.

4. გეოგრაფიული მიზეზი
არ შეიძლება: აზერბაიჯანი მოხვდეს ისლანდიასთან, გიბრალტართან და პორტუგალიასთან ერთად; ისლანდია მოხვდეს ამ ოთხეულთან (სომხეთი, საქართველო, კვიპროსი, ისრაელი); ყაზახეთი მასთან დაშორებულ დასავლეთ ევროპულ ქვეყნებიდან ერთდროულად მხოლოდ ორთან შეიძლება მოხვდეს. 

კალენდარი

1 ტური: 24–25 მარტი 2021 წ.
2 ტური:  27–28 მარტი
3 ტური: 30–31 მარტი
4 ტური: 1–2 სექტემბერი
5 ტური: 4–5 სექტემბერი
6 ტური: 7–8 სექტემბერი
7 ტური: 8–9 ოქტომბერი
8 ტური: 11–12 ოქტომბერი
(სადაც საჭიროა)
9 ტური: 11–13 ნოემბერი
10 ტური: 14–16 ნოემბერი

პლეი ოფი ანუ შესარჩევის მეორე რაუნდი

10 მეორეადგილოსანი და ერთა ლიგის 2 რჩეული ნაკრები (რომლებიც საგზურს შესარჩევი ციკლიდან ვერ მოიპოვებენ) სამ 4-გუნდიან გზას შექმნის, სადაც ნახევარფინალები და ფინალები გაიმართება. ფინალში გამარჯვებული სამი ნაკრები ჯგუფების 10 გამარჯვებულს დაემატება და ყატარში იასპარეზებს.

პლეი ოფები 24-25 მარტს და 28-29 მარტს გაიმართება. ნახევარფინალებს შესარჩევი ციკლის 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი უმასპინძლებს, ფინალის მასპინძელი კი წილისყრით გადაწყდება.

მეშვიდე ცდა

საქართველოს ნაკრები მარტში მის ისტორიაში მეშვიდე მუნდიალს დაიწყებს. რა თქმა უნდა, აქამდე ფინალურ ეტაპზე მოხვედრის ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ყველაზე მაღალი პოზიცია ნაკრებს 2002 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ჯგუფში ჰქონდა, სადაც მესამე ადგილი დაიკავა (ხუთ გუნდში). ორჯერ ნაკრები მე-4 ადგილზე გავიდა (1998, 2014), ერთხელ მეხუთეზე (2018), ორჯერ კი - მე-6 პოზიციაზე (2006, 2010). მხოლოდ 2010 წლის სამხრეთ აფრიკის მუნდიალის საკვალიფიკაციო ჯგუფი იყო, რომელიც გუნდმა ბოლო ადგილზე დაასრულა. მუნდიალზე სულ ეროვნულმა გუნდმა 56 მატჩი ჩაატარა, რომელთაგანაც მხოლოდ 8 მოიგო, 16 ფრედ დაასრულა და 31 წააგო. საქართველოს ნაკრებმა 51 გოლი გაიტანა, 89 კი გაუშვა. 

ერთა ლიგა 2022

ერთა ლიგის მეორე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძე ძალიან დაგვაკლდა

ერთა ლიგის მეორე სეზონი დასრულებულია, მესამე 2022 წელს გველის. საქართველოს ნაკრები ისევ C დივიზიონში იასპარეზებს, სადაც სავარაუდოდ (ჯერ ოფიციალურად ფორმატი არ გამოქვეყნებულა) მესამე კალათში მოხვდება ლიტვასთან, კოსოვოსთან და აზერბაიჯანთან ერთად. შესაბამისად, ეს გუნდები ჩვენი მეტოქეები ვერ იქნებიან. პირველ კალათაში B-დან დაქვეითებული თურქეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი და ჩრდილოეთ ირლანდია იქნებიან, მეორეში - საბერძნეთი, ბელარუსი, ლუქსემბურგი და ჩრდილოეთ მაკედონია. მეოთხე კალათაში არიან D-დან აღზევებული გიბრალტარი და ფარერები, ორი გუნდის ვინაობა კი გასარკვევია (ყაზახეთი, კვიპროსი, ესტონეთი, მოლდოვიდან). 

კომენტარები

ბოლო ამბები