Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებში ვლადიმირ ვაისის მოღვაწეობა დასრულდა
  • სლოვაკმა ამ თანამდებობაზე ძალიან დიდხანს, 5 წელი იმუშავა
  • ამ სტატიაში პოპსპორტი მის მუშაობას აჯამებს და აფასებს

საქართველოს ნაკრებში ვლადიმირ ვაისის პერიოდი, რომელიც 5 წელიწადს და 47 თამაშს მოიცავდა, დასრულდა. დასრულდა ისე, როგორც არავის უნდოდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყვეელაზე მნიშვნელოვან თამაშში მარცხი იმას ნიშნავს, რომ ვაისი იმ მწვრთნელად დარჩება, რომელმაც ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვა.

როგორ უნდა შეფასდეს ხუთწლიანი პერიოდი სლოვაკ სპეციალისტთან ერთად? რა იყო მისი ძლიერი და სუსტი მხარეები?

განტევების ვაცი

ქართულმა ფეხბურთმა ისეთი შოკი მიიღო, რომლისგანაც კიდევ ძალიან დიდხანს ვერ გამოვა. ამ სიტუაციაში ყველაზე იოლი ‘განტევების ვაცის’ მოძებნაა, რომელსაც ყველაფერი დაბრალდება. სლოვაკი სპეციალისტი ამ როლს იდეალურად ერგება.

მიუხედავად იმისა, რომ მას ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის გამო პასუხისმგებლობა აუცილებლად ეკისრება, ჯოხის მხოლოდ მასზე გადატეხვა არასწორი იქნებოდა. ვაისი საქართველოში პოპულარული არასოდეს ყოფილა. ის ნაკრებში თავიდანვე ‘ცუდ ფეხზე’ მოვიდა. გულშემატკივრისთვის ზედმეტად უსიამოვნოდ გამოიყურებოდა კახა ცხადაძის და ფეხბურთის ფედერაციის კონფლიქტი. ცხადაძეს თითქოს უსამართლოდ მოექცნენ. მისი გუნდი ბევრს მოსწონდა და მის შემცვლელ ვაისსაც კეთილგანწყობით არავინ შეხვედრია.

ამის მიუხედავად, უბრალო სტატისტიკა გვარწმუნებს: ვაისის ფორმაციის საქართველოს ნაკრები სულ მცირე იმაზე ცუდი არ ყოფილა, ვიდრე მისი წინამორბედების ხელში.

ვაისზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ დავით ყიფიანს აქვს

მეტიც, ამ საუკუნეში საშუალოდ ერთ თამაშში დაგროვებული ქულების მიხედვით სლოვაკი სპეციალისტი საუკეთესოა! მასზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ დავით ყიფიანს აქვს. ეს ის შედეგი არ არის, რომელიც საქართველოში ვინმეს დააკმაყოფილებს. ანუ, იმის თქმა კი არ მინდა, რომ ვაისის ნაკრები ძალიან მომწონდა, არამედ იმის, რომ ქართული ფეხბურთი ბევრი წელია, სტაბილურად ერთ დონეზეა და ეს ვაისის, ან მხოლოდ ვაისის ბრალი არ არის.

ერთა ლიგის შანსი

სტატისტიკა ხშირად სრულ სურათს ვერ აჩვენებს. ასეა ვაისის შემთხვევაშიც. თუ მის სტატისტიკას ვნახავთ, გამოდის, რომ მისი გუნდი სამიდან მხოლოდ ერთ შეხვედრას აგებდა.

თუ გავაანალიზებთ ბოლო 15 წლის შედეგებს და იმ 5 მწვრთნელს, რომლებმაც საქართველოს ნაკრებში ამ პერიოდში იმუშავეს, გამოვა, რომ სლოვაკი სპეციალისტის ხელში ეროვნული გუნდი ყველაზე ხშირად იგებდა და ყველაზე იშვიათად აგებდა.

სტატისტიკურად ვაისი ამ საუკუნეში საუკეთესოა

თუმცა, ისევ და ისევ, სტატისტიკა ყველაფერს არ ამბობს. ვაისის სტატისტიკა უკეთესად მხოლოდ იმიტომ გამოიყურება, რომ უეფამ ერთა ლიგით საქართველოს ნაკრებს ძალიან კარგი შანსი მისცა, რომ გრანდად გამოჩენილიყო ევროპული ფეხბურთის უპირობო აუტსაიდერებში.

ვაისის 16 გამარჯვებიდან სულ მცირე 13 (ლატვია სამჯერ, ესტონეთი ორჯერ, ყაზახეთი ორჯერ, გიბრალტარი ორჯერ, ანდორა, მალტა, ლიეტუვა, სენტ კიტსი და ნევისი) ისეთ შეხვედრებშია მოპოვებული, რომელთა ვერმოგება უბრალოდ არ განიხილება. საქართველოს ნაკრები ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმაციაში ვალდებულია, ეს მეტოქეები დაამარცხოს. უბრალოდ, კლასშია ზედმეტად დიდი სხვაობა.

დარჩენილი სამი გამარჯვებიდან ერთი, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ ისე ძლიერ ბელარუსთან პლეი ოფის შეხვედრაში გამარჯვებაა და ერთიც კვიპროსთან ამხანაგურ შეხვედრაში მოგება.

გამოდის, რომ ხუთი წლის მანძილზე ვაისის ხელში გუნდმა მხოლოდ 1 დასამახსოვრებელი გამარჯვება მოიპოვა - ესპანეთის ნაკრებთან ტესტ-მატჩში გასვლაზე, ოქრიაშვილის გოლით.

ოქრიაშვილის გოლი, რომლითაც საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა

მარტივად რომ ვთქვათ, ვაისის სტატისტიკა ბევრს არაფერს ნიშნავს. საქართველოს ნაკრებს თუნდაც საშუალო ევროპული გუნდისთვის ხუთი წლის მანძილზე, ფაქტობრივად, არ მოუგია.

მეტოქეების გათვალისწინებით, მაგალითად, თემურ ქეცბაიას ხელში, თამაშში 1.15 ქულა, ბევრად მეტია ვიდრე ვაისის 1.35.

ვაისის ხელში გუნდმა ორი შესარჩევი ციკლი ისე დაამთავრა, რომ გიბრალტარის გარდა ვერავის მოუგო (მათ შორის, ვერც მოლდოვას). ანუ, საქართველოს ნაკრების თითქოსდა ‘პროგრესი’ ბევრი არაფრით უკავშირდება ვაისის მუშაობას. ეს უფრო უეფას განვითარების სტრატეგიის და ერთა ლიგის პროექტის დამსახურებაა.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაკედონიასთან მარცხის გარდა, ნაკრებმა ჩააგდო კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. ვერ გადავიდა ძალიან იოლი ჯგუფიდან B დივიზიონში, რაც სოლიდურ შანსს მისცემდა, რომ პროგრესი საშუალო ევროპული გუნდების ფონზე გაეგრძელებიდა.

საშუალო და მაღალი კლასის მეტოქეების ნაცვლად, ერთა ლიგის შემდეგ ჯგუფშიც საქართველოს ესტონეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის ტიპის გუნდებთან თამაში მოუწევს.

დადებითი და უარყოფითი მხარეები

ვაისი საქართველოს ნაკრებში საკმაოდ ნორმალური საფეხბურთო CV-ით მოვიდა. მის ანგარიშზე იყო პატარა გუნდებით მიღწეული ორი დიდი წარმატება - მან ჯერ არტმედია გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, შემდეგ კი სლოვაკეთის ნაკრები 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც სლოვაკებმა იტალია დატოვეს ჯგუფში და პლეი ოფამდე მივიდნენ.

ამ ხუთი წლის განმავლობაში ვაისის ხელში ნაკრებში სტაბილური სამუშაო გარემო იყო. გუნდი აღარ გამოიყურებოდა ტოქსიკურად: მოთამაშეები აუხსნელი მიზეზებით აღარ ამბობდნენ უარს სანაკრებო შეკრებებზე ჩამოსვლაზე, არ ჰქონდა კონფლიქტები პრესასთან და გუნდის შიგნით ერთი შეხედვით კარგი სამუშაო გარემო იყო. მოკლედ, როგორც საფეხბურთო ჟარგონზე ამბობენ, ‘გუნდი შეკრა’.

ამ მხრივ იგი დიამეტრულად განსხვავდებოდა, მაგალითად, თემურ ქეცბაიასგან, რომლის ნაკრებში მუშაობის ბოლო პერიოდში ეროვნული გუნდის გარშემო ზედმეტად კონფლიქტური გარემო იყო. ქეცბაია ქართველ გულშემატკივარს დღემდე უყვარს - პირველ რიგში, მისი პირდაპირობის გამო და იმის გამოც, რომ თავის საქმეში ბოლომდე იხარჯება, გულით აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეში შეიძლება მართალი იყო, ქეცბაიას ხშირად ავიწყდებოდა, რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელობა პოლიტიკური თანამდებობაც არის. მთელი ქვეყანა გიყურებს და თითოეულ ნათქვამ სიტყვას სხვა ფასი აქვს. აი, ვაისს კი კონფლიქტებისგან თავის არიდება კარგად გამოსდიოდა.

თუმცა, როგორც სომხეთთან წაგებული თამაშის შემდეგ, მის ბოლო პრესკონფერენციაზე გაირკვა, ამის მიზეზი ის კი არ იყო, რომ მან საქართველოს ნაკრების მოთამაშეებთან რაიმე განსაკუთრებული ენა იპოვა კომუნიკაციისთვის და გუნდის შიგნით პროფესიონალიზმის, მონდომების და სხვა შიდაქართული სენის პრობლემა აღარ არსებობდა, არამედ ის, რომ ის ამ ყველაფერზე უბრალოდ თვალს ხუჭავდა, კონფლიქტზე არ მიდიოდა და პრობლემები გარეთ არ გამოჰქონდა.

ვლადიმირ ვაისი: "თავად ნახეთ კონკრეტული მოთამაშეების დამოკიდებულება. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი ამ მაისურის ტარების პასუხისმგებლობას ნაკლებად განიცდის. თუ ეს გუნდი კიდევ უნდა გაიზარდოს, ვფიქრობ, რამდენიმე ფეხბურთელი გუნდში არ უნდა დარჩეს."

ანუ, ვერ ვიტყვით, რომ ვაისი თუნდაც ურთიერთობების და გუნდის შიდა კლიმატის დონეზე აწყობილ და დალაგებულ გუნდს ტოვებს. ის პრობლემები, რომლებიც ეროვნულ ნაკრებს წლებია, აწუხებდა, როგორც ჩანს, ისევ სახეზეა.

ვლადიმირ ვაისი: "დისციპლინა ტრაგედიაა, კუთხურები ტრაგედიაა, შეტევის ბოლო ფაზა ტრაგედიაა, სტანდარტული სიტუაციები ტრაგედიაა - აბა, სხვა რა შეიძლება მომხდარიყო."

სუსტი ტაქტიკოსი

ვაისის დადებითი მხარე ისიც იყო, რომ ის თავის საქმეს თანმიმდევრულად აკეთებდა. ნაკრებს სტაბილური შემადგენლობა ჰყავდა და მეტ-ნაკლებად ვაისი ყველა უძლიერეს ფეხბურთელს შანსს აძლევდა. მოკლედ, საკადრო სელექციაში ის არაადეკვატური არასოდეს ყოფილა. სწორედ ამ სტაბილურობიდან გამომდინარე მისი გუნდი თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მუდამ ცდილობდა, რომ მაქსიმუმი ეთამაშა. ნაკრები ბოლო მომენტამდე (სომხეთთან თამაში მაკედონიასთან მარცხის შემდეგ) დემორალიზებული არ ყოფილა - ანუ ისეთი, როცა გრძნობ, რომ გუნდში ქაოსია და ფეხბურთელებს თამაში არ უნდათ. ეს განწყობა, მაგალითად, კუპერის პერიოდში, ანაც ქეცბაიას მწვრთნელობის ბოლო შეხვედრებში უფრო იგრძნობოდა.

ამაში მას ფეხბურთის ფედერაციაც ეხმარებოდა. მან ნდობის კრედიტი მიიღო და არცთუ სახარბიელო შედეგების ფონზე, ხუთი წელი ჰქონდა იმისთვის, რომ გუნდი თავისი ხედვების მიხედვით აეშენებინა.

თუმცა, გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ ვაისი ძალიან სუსტი ტაქტიკოსია. ჩატარებული 47 თამაშის მანძილზე არ მახსენდება არცერთი შეხვედრა, როდესაც მან თუნდაც რაიმე ორიგინალური, ან არასტანდარტული ტაქტიკური გადაწყვეტილება მიიღო. ის თავის ფავორიტ სქემას (4-3-3 ან 4-2-3-1) თითქმის არასოდეს ღალატობდა და დაცვაში სტაბილური შემადგენლობის, ორი საყრდენის და შეტევაში ინდივიდუალური ოსტატობის იმედად იყო.

ვაისის შედეგები საქართველოს ნაკრებში

გუნდის შიდა სამზარეულოს პირადად კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ჩემზე ვაისი უფრო მენეჯერის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ვიდრე მწვრთნელის. ანუ, გარედან ისე ჩანდა, რომ სლოვაკი სამუშაო პროცესის ხელმძღვანელობის და შემადგენლობის დასახელების მიღმა სათამაშო დეტალებში თითქოს არც ღრმავდებოდა. ყოველ შემთხვევაში, გუნდის თამაშში ეს არ ჩანდა.

საქართველოს ნაკრებს მის ხელში ძალიან უჭირდა შეტევაში თამაში იმ შემთხვევაში, თუკი თავისზე აშკარად სუსტი მოწინააღმდეგეების კლასის ხარჯზე დაჩაგვრა არ გამოსდიოდა. ბოლო ათ თამაშში საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთხელ (სომხეთთან 2:2) მოახერხა ერთზე მეტი გოლის გატანა. პირველ შესარჩევ ციკლში 10 თამაშში 8 გოლი გაიტანა, მეორეში კი გიბრალტარის გარდა, დანიასთან, ირლანდიასთან და შვეიცარიასთან გამართულ 6 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლის შეგდება მოახერხა (ისიც დანიასთან 5:1-ზე წაგებულ შეხვედრაში).

ამიტომ, თუკი სტატისტიკის დონეზე ვაისის გუნდს თამაშში საშუალო შედეგი აქვს და 1.29 გოლი გააქვს, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. ამ გოლების აბსოლუტური უმეტესობა მათ თავისზე სუსტი მეტოქეების წინააღმდეგ აქვთ გატანილი. თუნდაც საშუალო კლასის მეტოქეების წინაშე კი ეროვნულ გუნდს თუნდაც 1 გოლის გატანა სტაბილურად ძალიან უჭირს.

ამის შესახებ ჩვენ დეტალურად წინა ანალიტიკურ სტატიებში ვსაუბრობდით - საქართველოს ნაკრები სტაბილურად ახერხებს, ბურთი 50 პროცენტის ფარგლებში ეჭიროს და თუნდაც მასზე ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ თამაში ცალკარად არასოდეს გამოიყურება.

წაიკითხე | მთავარი პრობლემა - როგორ თამაშობს საქართველოს ნაკრები

ვაისის ხელში თამაში პროცენტულად დაახლოებით თანაბრად ნაწილდება - საქართველოს მესამედზე 27 პროცენტი და მეტოქის მესამედზე - 23 პროცენტი. ამის მიუხედავად, საქართველომ სლოვაკი სპეციალისტის ხელში სტაბილურად არ იცოდა, რა უნდა ექნა ბურთისთვის და ტერიტორიისთვის, იმ გამონაკლისი შემთხვევის გარდა, როდესაც ჩაკვეტაძემ, ოქრიაშვილმა ან კვარაცხელიამ რამე თავად უნდა მოიფიქრონ.

სანაკრებო სპეციფიკა რთულია. მწვრთნელს უკვე გამზადებულ მასალასთან უწევს მუშაობა და შეკრების დროს სულ რამდენიმე დღე აქვს თამაშის დასაყენებლად. თუმცა, ფაქტია, რომ ვაისს ხუთი წელი ჰქონდა და მის ხელში ნაკრები სტაბილურად ერთ დონეზე იყო, პროგრესი არ ჩანდა, არ ჩანდა პასუხი იმ ობიექტურ პრობლემებზე, რომლებიც ეროვნული გუნდის თამაშშია.

კარგი თაობა და გაშვებული შანსი

ვინმე შეიძლება შემომეკამათოს და მითხრას, რომ ბოლო ორი წელია, საქართველოს ნაკრების თამაში უკეთესი იყო, ვიდრე ვაისის პირველ წლებში. დავეთანხმები. გასულ შემოდგომაზე, მაგალითად, საქართველომ ზედიზედ სამ თამაშში (ირლანდიასთან, დანიასთან და შვეიცარიასთან) საკმაოდ მაღალი კლასის გუნდების წინააღმდეგ ორგანიზებული ფეხბურთი აჩვენა: ორი ფრე და დასანანი მარცხი შვეიცარიასთან. თუმცა, თუ გადავხედავთ ნაკრების შემადგენლობას და შევადარებთ, თუ რა კონტიგენტით დაიწყო ვაისმა მუშაობა და რა კონტიგენტი ჰყავს ახლა, ცხადია, რომ საქართველოს ეროვნული გუნდს უფრო დიდი არჩევანი აქვს.

ვაისის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: ლორია - უჩა ლობჟანიძე, ამისულაშვილი, კვერკველია, ნავალოვსკი - კაშია, დაუშვილი - ჯიღაური, ანანიძე, ყაზაიშვილი - დვალიშვილი.

ამ გუნდის ლიდერები დღემდე ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ, მაგრამ დამატებით, ახალ თაობაში საქართველოს რამდენიმე მართლა ძალიან კარგი ფეხბურთელი ჰყავს. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ახალი თაობა (კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, შენგელია, კაკაბაძე, კიტეიშვილი ა.შ.) საქართველოს მასშტაბისთვის მართლა ძალიან კარგია. ალბათ საუკეთესო მას შემდეგ, რაც 2000-იანების დასაწყისში კობიაშვილი, იაშვილი, არველაძე, კალაძე და სხვები ფეხბურთიდან წავიდნენ.

ანუ, ვაისზე უფრო მეტად ის ითქმის, რომ მან ნაკრების რესურსი ვერ გამოიყენა, ვიდრე ის, რომ მას რესურსები არ ჰქონდა. გარანტირებულად, ხარისხობრივად მას უფრო მეტი არჩევანი ჰქონდა, ვიდრე კუპერს, ქეცბაიას ან თუნდაც ცხადაძეს.

მოკლედ, ვაისის ხელში გამოვიდა, რომ უეფას ნაჩუქარი ისტორიული შანსი საქართველოს მასშტაბით საკმაოდ კარგი თაობით ვერ გამოვიყენეთ.

რა უნდა მოხდეს?

მაკედონიასთან მარცხი საქართველოს ნაკრებისთვის და ზოგადად მთელი ქართული საფეხბურთო სამყაროსთვის დიდი ფსიქოლოგიური დარტყმაა. ნაკრებს ახალი სპეციალისტი სჭირდება, რომელიც, პირველ რიგში, გუნდის ამ შოკიდან გამოყვანას შეძლებს და შემდეგ უკვე თამაშის განვითარებაზე იზრუნებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს კარგი ახალი თაობა ჰყავს და კონკურენტული გუნდია შესაქმნელი.

გამოცდილი კანკავა, ლორია და ოქრიაშვილი ალბათ შემდეგ წლებშიც დარჩებიან გუნდის ლიდერებად, უფრო რთულია კაშიას და ყაზაიშვილის სიტუაცია - სათამაშო პრაქტიკის არქონა მათ ფორმაზე აისახება. მოკლედ, საქართველოს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ იმაზე კარგი გუნდი ჰყავდეს, ვიდრე ვაისის ხელში ჰყავდა.

ოქრიაშვილი და ლორია ვაისის გუნდის შეუცვლელი წევრები იყვნენ

ქართველ სპეციალისტებს შორის სამი კანდიდატი გამოიყოფა: ქეცბაია, არველაძე და ცხადაძე. თუმცა, არცერთ მათგანს მოქმედ ფედერაციასთან იდეალური ურთიერთობა არ აქვს და მათ შორის, ყველაზე რეალისტური ვარიანტი მაინც ცხადაძეა. უცხოელ სპეციალისტებს შორის არჩევანი საკმაოდ დიდია, თუმცა ჯერ კონკრეტული არაფერი ჩანს.

კახა ცხადაძე: ‘ნებისმიერი მწვრთნელისთვის დიდი პატივია ეროვნული გუნდის ხელმძღვანელობა. არც მე ვარ გამონაკლისი.

ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ნაკრებს იმ ტიპის მწვრთნელი სჭირდება, რომელიც ეროვნულ გუნდს ხარისხობრივად ახალ საფეხურზე აიყვანს. ვაისი დინებას მიყვებოდა და მან თავის წინამორბედებთან შედარებით, ახალი სიტყვის თქმა ვერ შეძლო. ჯამში ეროვნული ნაკრები ზუსტად აჩვენებს, განვითარების რა დონეზეა მთლიანად ქართული ფეხბურთი. ამიტომაც, ნაკრებს ისეთი სპეციალისტი ჭირდება, რომელიც არსებული რესურსებიდან მაქსიმუმს წამოიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები