Thumbnail
  • საქართველო 1:2 სომხეთი
  • გოლები: 0:1 ღაზარიანი (33), 1:1 ყაზაიშვილი (65 პენ.), 1:2 ადამიანი (86)
  • ვლადიმირ ვაისის მატჩისშემდგომი პრესკოფერენცია

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მე-5 ტურში საკუთარ მოედანზე სომხეთის ნაკრებთან 1:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ვლადიმირ ვაისი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი)

...სომხეთთან წაგებულ მატჩზე: "მაკედონიასთან მარცხის შემდეგ ვთქვი, რომ ვტოვებდი პოსტს, კონტრაქტი იწურება. რაც შეეხება თამაშს: წინა ხაზი პრობლემატურია. მომენტები გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ. მეტოქეს სამი მომენტი ჰქონდა და 2 გოლი გაგვიტანეს. შეიძლება ეს ახალი არ არის და ადრეც ხდებოდა, მაგრამ ასეთ დონეზე შეცდომების დაშვება არ შეიძლება."

...გამოუყენებელ მომენტებზე: 5 წელი გავატარე საქართველოში. ეს არ არის 3 თვე, ეს ბევრი დროა. ოთხი დღის წინ ამ გუნდს სხვანაირად უყურებდნენ, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. 8 ახალ ფეხბურთელს მივეცით შანსი ამ თამაშში, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა. სომხეთს კარგი ფეხბურთელები ჰყავს ღაზარიანი, სარგისიანი, რომელიც ჰოფენჰაიმში თამაშობს. მათ თუ 1 შანსი მიეცემათ, გოლს გაიტანენ, ჩვენ კი 10 მომენტიდან, 5 ძალაინ სახიფათო მომენტიდან გოლის გატანას ვერ ვახერხებთ."

'ვფიქრობ, ზოგიერთ ფეხბურთელს პასუხისმგებლობის ნაკლებობა ჰქონდა'

...შეტევის ხარისხზე: "წინა თამაშის შემდეგ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ერთა ლიგაზე მომდევნო წელს უკეთეს გუნდებთან უნდა ეთამაშათ, ეს მატჩი უნდა მოეგოთ. ეს უნდა გაეკეთებინათ მათი მომავლისთვის და პროგრესისთვის. თუმცა ჩვენ ეს შანსი დავკარგეთ. შეტევის ხაზში ხარისხი ნაკლები იყო. ვერავინ იტყვის, რომ ვინმეს თამაშის მოგების მოტივაცია არ ჰქონდა, მაგრამ ვერ შევძელით."

...ფეხბურთელების პასუხისმგებლობაზე: "როდესაც ამ თამაშისთვის ვემზადებოდით, ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მაქსიმუმი უნდა გაეკეთებინათ შედეგისთვის. ყველა მათგანს, ვინც დღეს გუნდშია, თამაშის შემდეგ თითოეულ მათგანს ვეტყოდი სიმართლეს მათი დამოკიდებულების შესახებ. ვფიქრობ, რომ ზოგიერთ ფეხბურთელს ჰქონდა პასუხისმგებლობის ნაკლებობა. მე არ ვარ ქართველი, მაგრამ მაქსიმუმი გავაკეთე წარმატებისთვის. მიმაჩნია, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი, რომელიც ახლა ნაკრებშია, საქართველოს ნაკრების წევრი უახლოეს მომავალში აღარ იქნება. თუ ეს გუნდი კიდევ უნდა გაიზარდოს, ვფიქრობ, რამდენიმე ფეხბურთელი გუნდში არ უნდა დარჩეს. 1:1-ის შემდეგ თქვენ თავად ნახეთ კონკრეტული მოთამაშეების დამოკიდებულება. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი ამ მაისურის ტარების პასუხისმგებლობის ნაკლებობას განიცდის. ძალიან ვწუხვარ, რომ ჯერ ჩრდილოეთ მაკედონიასთან წავაგეთ და ახლა ჩემს ბოლო შეხვედრამდე ასეთ მატჩშიც მარცხი განივცადეთ."

...პირად ტრაგიკომედიაზე და ნაკრების ტრაგედიებზე: "ვფიქრობ, რომ დღეს დისციპლინით და შეტევაში ხარისხის ნაკლებობით წავაგეთ. ტრაგიკომედიაა, რომ ჩემს კარიერაში სომხეთის ნაკრებთან ოთხი მატჩიდან სამჯერ წავაგე. დისციპლინა ტრაგედიაა, კუთხურები ტრაგედიაა, შეტევის ბოლო ფაზა ტრაგედიაა, სტანდარტული სიტუაციები ტრაგედიაა - აბა, სხვა რა შეიძლება მომხდარიყო."

...საქართველოში მუშაობის დასასრულზე: "რა თქმა უნდა, ეს ცუდი დასასრულია. ერთი კვირის წინ დიდი იმედი გვქონდა, მაგრამ ახლა წაგებულები ვართ. ვეცდები, რომ ბოლო თამაში გამარჯვებით დავასრულო. ქართული ფეხბურთი პროგრესს გააგრძელებს, რადგან ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, დავითაშვილი, შენგელია. მე მიყვარს ეს ქვეყანა, აქ ძალიან კარგი დრო გავატარე, ყოველთვის ვგრძნობდი თქვენს მხადაჭერას, მაგრამ დასასრულის დრო მოვიდა, დაველოდები ახალ შემოთავაზებებს."

...ნავალოვსკიზე: "ნავალოვსკის ხშირად ვეუბებოდი, რომ პოზიციით მცველია და უმჯობესი იყო, კონკრეტულად თავის პოზიციაზე ყოფილიყო, მაგრამ არა მგონია მისი კრიტიკა სწორი იყოს. იყვნენ ფეხბურთელები, რომლებსაც მისი დაზღვევა შეეძლოთ."

'ზოგიერთი ფეხბურთელი პოზიტიურ კრიტიკას არ იღებს'

...ფეხბურთელების არჩევანზე: "საქართველო არ არის დიდი ქვეყანა და დიდი არჩევანი არ მქონდა. დაახლოებით 40 ფეხბურთელი იყო, საიდანაც არჩევანის გაკეთება გვიწევდა. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა მე მეკისრება მათ თამაშზე. ზოგიერთმა ფეხბურთელმა ვერ გაამართლა ჩვენი მოლოდინი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რომელიმეს ამის სურვილი არ ჰქონდა."

...დაცვის თამაშზე და ხოჭოლავაზე: "მცველების თამაშს რაც შეეხება: კაშია-კვირკველიას წყვილი უფრო შეთამაშებულია და სტაბილურად თამაშობენ, მაგრამ მათი დასვენებიდან გამომდინარე, ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. ერთ-ერთი პრობლემა შეიძლება იყოს ის, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი პოზიტიურ კრიტიკას არ იღებს. ჯაბა კანკავას ვფიქრობ, მომდევნო 3-4 წელი შეუძლია ნაკრებში თამაში, მაგრამ გუნდის პასუხისმგებლობა თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული. მჯერა, რომ საქართველოს ნაკრებს აქვს მომავალი, ტალანტები აქ ყოველთვის იყვნენ და ახლაც იყვნენ. ხოჭოლავას არც კარგად უთამაშია და არც ცუდად. მან მადრიდის რეალთან შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ დღეს უფრო ისე ითამაშა, თითქოს ამხანაგური თამაში იყო. ემოცია აკლდა."

საქართველო 1:2 სომხეთი

გოლი: 0:1 ღაზარიანი (33), 1:1 ყაზაიშვილი (65 პენ.), 1:2 ადამიანი (86).

საქართველო (4-2-3-1): მაკარიძე - ჯიღაური, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი - კანკავა, აბურჯანია (80. კვეკვესკირი) - საბა ლობჟანიძე (80. პაპუნაშვილი), გვილია (80. მიქელთაძე), დავითაშვილი (56. ყაზაიშვილი) - ელგუჯა ლობჯანიძე (68. კაჭარავა).

სომხეთი (4-4-2): იურჩენკო - ჰამბარცუმიანი, ჰაროიანი, ცალისირი, ჰოვჰანისიანი (69. გრიგორიანი) - ბარსეგიანი, უდო (77. მურადიანი), გრიგორიანი, ღაზარიანი (77. ბიჩაკჩიანი) - ადამიანი, კარაპეტიანი (77. კორიანი).

სატურნირო მდგომარეობა 5 ტურის შემდეგ - საქართველო V ესტონეთი ფორმალობაა

საქართველოს ნაკრები 2020 წელს ბოლო შეხვედრას 18 ნოემბერს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი ერთა ლიგის დასკვნით ტურში ესტონეთს უმასპინძლებს და ამ შეხვედრის შემდეგ საქართველოში სლოვაკი სპეციალისტის ოთხწელნახევარიანი მოღვაწეობა დასრულდება.

კომენტარები

ბოლო ამბები