Thumbnail

'ვინც მაგინებდა, ფეხბურთი არ უყვარს' - კიეზას პასუხი ფიორენტინას ტიფოზებს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • იუვენტუსმა ფედერიკო კიეზა ოფიციალურად ახლა წარადგინა
  • ტურინელთა ახალმა შემტევმა ფიორენტინას ტიფოზებს უპასუხა

იუვენტუსმა ფედერიკო კიეზას პრეზენტაცია გამართა. მიუხედავად იმისა, რომ 22 წლის ფეხბურთელი ტურინულმა გრანდმა თითქმის 1 თვის წინ დაიმატა, მისი წარდგენისთვის დრო მხოლოდ ახლა გამონახეს, რადგან კალენდარი ძალიან დატვირთულია.

კიეზამ მადლობა გადაუხადა ყოფილ გუნდს, ფლორენციის ფიორენტინას და იმ გულშემატკივრებზე გააკეთა კომენტარი, რომლებიც იუვეში გადასვლის შემდეგ შეურაცხყოფას აყენებენ. მოგეხსენებათ, ფიორენტინას ტიფოზებს იუვე განსაკუთრებით სძულთ და კიეზაც მოღალატედ შერაცხეს - ისე, როგორც უფრო ადრე ფედერიკო ბერნარდესკი და 90-იანებში რობერტო ბაჯო.

"საჯაროდ მადლობას ვუხდი ფიორენტინას და ქალაქ ფლორენციას, სადაც მომცეს შესაძლებლობა, გავზრდილიყავი, როგორც ადამიანი და პიროვნება. მადლობა ფიორენტინას ექსპრეზიდენტ დელა ვალეს, პრეზიდენტ კომისოს და გულშემატკივრებს, რომლებიც ყოლვეთვის გვერდში მედგნენ, კარგ და ცუდ მომენტებში," - განაცხადა კიეზამ წარდგენისას და დასძინა: "არ მინდა, დაპირისპირება გამოვწივიო. ის ადამიანები, ვინც მაგინებენ და შეურაცხყოფას მაყენებენ, არ ქომაგობენ ფიორენტინას და ფეხბურთი არ უყვართ. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც სოციალურ მედიას შეურაცხყოფისთვის იყენებენ. თუმცა, ახლა მხოლოდ იუვენტუსის მომავალზე ვფიქრობ. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და პასუხისმგებლობას ვგრძნობ.

'იმედი მაქვს, იუვეში ჩემი კვალის დატოვებას მოვახერხებ'

ფედერიკო ამაყობს, რომ იუვეს ფეხბურთელი გახდა: "ამ გუნდის მაისურის ჩაცმა ჩემთვის საამაყოა. მხოლოდ უახლოეს მატჩებზე ვფიქრობ. მადლობას ვუხდი კლუბს, რომ ჩემში ინვესტიცია ჩადო. კრიშტიანო რონალდსთან ერთად ვარჯიში სიამოვნება იქნება. ჩემპიონთა ლიგაში თამაში უნიკალური ემოცია იყო. მომდევნო კვირების განმავლობაში ერთად ვიმუშავებთ და ნამდვილად მივიღებთ იმ შედეგებს, რასაც ვიმსახურებთ. იმედი მაქვს, ჩემი კვალის დატოვებას მოვახერხებ. თუმცა, გზა ჯერ კიდევ ძალიან გრძელია და გასაუმჯობესებელი ბევრი რამეა".

კიეზამ იუვენტუსში სადებიუტო თამაშში საგოლე პასიც გააკეთა და წითელი ბარათი მიიღო

შეგახსენებთ, რომ იუვენტუსმა ფედერიკო კიეზა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს 1-წლიანი იჯარით ინათხოვრა, მაგრამ გამოსყიდვის უფლება აქვს. იტალიელმა შემტევმა ტურინელთა მაისურით 3 თამაში ჩაატარა, 1 საგოლე პასი შეასრულა და ერთხელ წითელი ბარათი მიიღო.

კომენტარები

ბოლო ამბები