Thumbnail

კამერას ლაინსმენის თავი ბურთი ეგონა და ქომაგები მთელი თამაში მას უყურებდნენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • სახალისო ამბავი შოტლანდიის ჩემპიონშიპის მატჩში მოხდა
  • მელოტ მსაჯს შლიაპის დახურვა ან პარიკის გაკეთება ურჩიეს

სახალისო ამბავი მოხდა შოტლანდიის ჩემპიონშიპის მატჩში, რომელშიც ინვერნესი ეირ იუნაიტედს დაუხვდა. ინვერნესი ის გუნდია, რომელიც საშინაო მატჩების ინტერნეტ-ტრანსლაციის დროს ხელოვნური ინტელექტის მქონე კამერას იყენებს. პატარა კლუბები ამ ნოვაციის წყალობით, იმ თანხას ზოგავენ, რაც ოპერატორებსა და გადამღებ ჯგუფს უნდა გადაუხადონ, თუმცა, ზოგჯერ ეს გაუთვალისწინებელ შემთხვევებს იწვევს.

ეირ იუნაიტედთან შეხვედრაში სწორედ ამგვარი რამ მოხდა. მთელი მატჩის განმავლობაში კამერა ბურთზე უფრო ხშირად იმ არეალს იღებდა, სადაც ლაინსმენის თავი სჩანდა. მიზეზი ნამდვილად სახალისო იყო: ხელოვნური ინტელექტი გვერდითი მსაჯის მელოტ თავს ბურთად აღიქვამდა, რის გამოც თამაშის კომენტატორს ხშირ-ხშირად ბოდიშის მოხდა უწევდა.

მაყურებლები კომენტარებში წერდნენ, რომ ისინი ინვერნესის გოლის დროსაც კი კადრში ლაინსმენის თავს ხედავდნენ. “თამაშს ახალი სტრიმინგ-სერვისის საშუალებით ვუყურებდი და მსაჯის ელვარე თავის გარდა არაფერი მინახავს. შემდეგ ჯერზე, დარწმუნდით, რომ ის შლიაპით არის და კამერას მისი თავი ბურთი არ ეგონება”, - დაწერა ერთ-ერთმა ქომაგმა, მეორემ კი ლაინსმენის პარიკის გამოყენება ურჩია.

📺 კამერას ლაინსმენის თავი ბურთი ეგონა

კომენტარები

ბოლო ამბები