Thumbnail

ანა ჩაკვეტაძე: პანიკა დამეუფლა, არ მინდოდა, ასე ახალგაზრდა მომკვდარიყავი

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'პისტოლეტებითა და დანებით იყვნენ შეიარაღებულნი. ვიფიქრე, ჩემი აღსასრული დადგა'
  • ანა ჩაკვეტაძემ ის დღე გაიხსენა, როდესაც მის სახლში ბოროტმოქმედები შეიჭრნენ

ქართული წარმომავლობის მქონე რუსმა ჩოგბურთელმა ანა ჩაკვეტაძემ ის მძიმე დღე გაიხსენა, როდესაც მის სახლში ბოროტმოქმედები შეიჭრნენ და სპორტსმენსა და მისი ოჯახის წევრებს სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებოდნენ. ეს ფაქტი 2007 წელს მოხდა და როგორც ანა ამბობს, მის კარიერაზე ძალიან უარყოფითად იმოქმედა.

“მართლა მეგონა, რომ ის 17 დეკემბერი ჩემი ცხოვრების ბოლო დღე იყო. მაშინ მხოლოდ 20 წლის ვიყავი და ძალიან გულნატკენი გახლდით, რომ ასე ახალგაზრდა უნდა მომკვდარიყავი.

2007 წლის სეზონი მსოფლიოს მე-6 ჩოგნის რანგში დავასრულე. ეს ჯადოსნური წელი იყო. სულ რაღაც 1 თვე იყო გასული, რაც შემაჯამებელ ტურნირზე ნახევარფინალში გავედი, არადა, ჯგუფში სერენ უილიამსი, ჟუსტინ ენენი და ელენა იანკოვიჩი მყავდა.

იმ საღამოს მე და მამაჩემი მსოფლიოს პირველ ჩოგან – ჟუსტინ ენენთან საგამოფენო მატჩიდან დავბრუნდით. დაღლილები ვიყავით და დასაძინებლად დავწექით. ღამის დაახლოებით 3 საათი იქნებოდა, როდესაც გამეღვიძა და აღმოვაჩინე, რომ სახლში 5 უცნობი ადამიანი შემოპარულიყო: ყველანი ნიღბებში, მუქი ფერის სამოსში იყვნენ, თანაც ტანით დიდები.

ამ დროს სხვა ოთახიდან ყვირილი გავიგე და მივხვდი, რომ ეს მამაჩემი იყო. მაშინვე პანიკა დამეუფლა. გავიფიქრე, რომ ჩემი აღსასრული დადგა. ეს ადამიანები პისტოლეტებითა და დანებით იყვნენ შეიარაღებულნი.

ძალიან შემეშინდა. მათ იცოდნენ ვინ ვიყავი და ის Rolex-იც კი მომთხოვეს, რომელიც საგამოფენო მატჩზე მაჩუქეს. ეს შემთხვევითი ძარცვა ნამდვილად არ ყოფილა, ყველაფერი კარგად იყო დაგეგმილი.

ანას მამა ჯემალ ჩაკვეტაძე დამნაშავეთა ამოცნობისას

ოთახიდან გაქცევა ვცადე, თუმცა, ხელები შემიკრეს, ისე მაგრად, რომ მერე რამდენიმე დღე მათ ვერ ვგრძნობდი. დანებით გვემუქრებოდნენ, მშობლებს კი ცემეს, რათა მათ სეიფი გაეღოთ.

მამაჩემმა სერიოზული დაზიანებები მიიღო – მხარე მოტეხეს და ოპერაციის გაკეთება მოუწია. ღმერთს მადლობას ვუხდიდი, რომ ჩემს უმცროს ძმას სხვა ოთახში ეძინა და ის არ გაუღვიძებიათ.

ჩემი მშობლები მოსკოვში დღესაც იმ ბინაში ცხოვრობენ და ეს ძალიან არ მომწონს. ძარცვის შემდეგ მოსკოვში, ჩემთვის მშობლიურ ქალაქში ცხოვრება საშიში გახდა. ახლა, ჩემი შვილი კირა 2 წლისაა და ცხადია, ბებია-ბაბუას სულ უნდა რომ მათ მივუყვანო, თუმცა, სამ-ოთხ საათზე დიდხანს ვერ ვუტოვებ.

მაშინ ქალთა ჩოგბურთის TOP 10-ში ვიყავი და ცხოვრებაში საუკეთესო ჩოგბურთს ვაჩვენებდი, მას მერე კი, ყველაფერმა ჩამოშლა დაიწყო. ვფიქრობ, რომ იმ შემთხვევამ ჩემი წინსვლა შეაჩერა. ცხადია, გახარებული ვიყავი, რომ გადავრჩი და საჩოგბურთო კორტზე გასვლა ისევ შემეძლო, თუმცა, ჩემი თამაშის დონე ძალიან დაეცა.

იმ ინციდენტის შემდეგ უკვე 13 წელი გავიდა და დღემდე არ ვართ დარწმუნებული, რომ ნამდვილად ისინი დაიჭირეს, ვინც ძარცვა ჩაიდინა. მაშინვე ვიფიქრეთ, რომ ამ ამბავში რომელიღაც ახლობელი იყო გარეული, რადგანაც შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე ავტოფარეხის სახურავი გამოვცვალეთ და ბოროტმოქმედები სწორედ იქიდან იყვნენ შემომძვრალნი”.

ცნობისთვის, ანა ჩაკვეტაძე ჯერაც მხოლოდ 33 წლისაა, თუმცა, ზურგის ქრონიკული ტრავმის გამო, საჩოგბურთო კარიერა 2013 წელს დაასრულა და დღემდე "ევროსპორტის" კომენტატორია. მას WTA-ს ეგიდით 8 ტურნირი აქვს მოგებული, დიდი სლემის ტურნირებზე ანას ყველაზე დიდი წარმატება კი 2007 წლის აშშ-ს ღია პირველობას უკავშირდება, როდესაც ნახევარფინალში გააღწია. ჩაკვეტაძეს კარიერის პიკი სწორედ 2007 წლის სექტემბერში ჰქონდა, როდესაც მსოფლიო რეიტინგში მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.

კომენტარები

ბოლო ამბები