Thumbnail

ხუთი ევროპული კლუბი, რომლებიც ხვიჩათი დაინტერესდნენ - აგენტი არ ჩქარობს

აგენტმა მამუკა ჯუღელმა, რომელიც რუბინის ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას ინტერესებს წარმოადგენს, ის ევროპული კლუბები დაასახელა, რომლებიც საქართველოს ნაკრების 19 წლის ფეხბურთელით უკვე დაინტერესდნენ. 

"რაც შეეხება ხვიჩას ევროპაში გადაბარგებას, ვისაუბრეთ რუბინის ხელმძღვანელობასთან, სლუცკისთან და კიდევ ერთი-ორი წელიწადი სჭირდება. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ხუთი კლუბი გამოვიდა ჩემთან კავშირზე: ტორინო, სასუოლო, ზალცბურგი, გენტი და უდინეზე.

რუბინში, სადაც სულ ახლახან შექმნეს კარგი გუნდი, ჯერ არ არიან მზად, გაუშვან კვარაცხელია. ხვიჩას გაყიდვა რომც სურდეთ, მე უარს ვიტყოდი. მან ჯერ კიდევ უნდა ითამაშოს რუსეთის პრემიერლიგაში და გამოცდილება მიიღოს. 

მინდა, რომ ხუთი წლის შემდეგ ის რეალში თამაშობდეს. მჯერა თუ არა ამის? ის 15 წლის იყო, როდესაც გავყვიროდი, ვარსკვლავი იზრდება-მეთქი. როდესაც 17 წლის იყო, მისი გაფორმება ბაიერნს სურდა. მან ბაზაც დაათვალიერა და სალიჰამიჯიჩსაც (ბაიერნის სპორტული დირექტორი) შეხვდა. ვისაუბრეთ ხელმძღვანელობასთან, მაგრამ საბოლოოდ არ აიყვანეს.

ხვიჩას ანგარიშზე რუსეთის ჩემპიონატში 2 გოლი, 1 საგოლე პასი და მოპოვებული 3 პენალტია

მჯერა, რომ მომავალში ის აღმოჩნდება ერთ-ერთ წამყვან კლუბში: რეალში, ბარსელონაში, ბაიერნში, ჩელსიში, იუვენტუსში, ინტერში, მილანში. ამაში დარწმუნებული ვარ. მთავარია, ტრავმები არ მიიღოს. რომ არ მჯეროდეს, ახლავე მივცემდი ჯენოას ან უდინეზეს", - ამბობს ჯუღელი ხვიჩა კვარაცხელიაზე მომზადებულ საათნახევრიან ფილმში, რომელიც ნობელ არუსტამიანის YOUTUBE-არხზე გამოქვეყნდა.

რუსულ მედიაში ბოლო დროს დაიწერა, რომ ხვიჩა კვარაცხელიათი უკვე დაინტერესდა ესპანური სევილია, თურქული გალათასარაი და დორტმუნდის ბორუსია.

კომენტარები

ბოლო ამბები