Thumbnail

'ასეთ დახვედრას არ ველოდი' - ანდრონიკაშვილი კრეიტონში დებიუტისთვის ემზადება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს ეროვნული ნაკრების 19 წლის კალათბურთელი რატი ანდრონიკაშვილი, რომელიც გაზაფხულზე აშშ-ს სტუდენტური ლიგის (NCAA) წევრ კრეიტონ ბლუჯეისში ჩაირიცხა, ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება და ეს, მიუხედავად იმისა, რომ კორონავორუსის პანდემიამ გეგმები მასაც აურია. კრეიტონელთა ევროპელ ახალწვეულებს – ანდრონიკაშვილსა და ლიეტუველ მოდესტას კანცლერისს ყურადღება ამჯერად Omaha World Herald მიაპყრო. აი, რას ვკითხულობთ სტატიაში.

“კრეიტონის ახალბედები პანდემიის პერიოდში თავის გადარჩენის ხელოვნებაში გამოიწვრთნენ. მოდესტას კანცლერისმა დოკუმენტურ სერიალს “უკანასკნელი ცეკვა” 3-ჯერ უყურა, რატი ანდრონიკაშვილმა კი ძველი სიყვარული – PlayStation გაიხსენა. ის სწორედ მოდესტასს დაუკავშირდა და Fortnite-ში ერთად “იბრძოდნენ”. კრეიტონის პირველკურსელებს არც სასკოლო სამუშაოები დავიწყნიათ, სასტუმროს დარბაზში ვარჯიშობდნენ და იმაზე ფიქრობდნენ, როგორი სადებიუტო სეზონი ელოდათ NCAA-ში.

“საერთო ჯამში, ჩემს სივრცეში ვიყავი”, - ამბობს აღნიშნულთან დაკავშირებით ანდრონიკაშვილი.

196 სმ. სიმაღლის ქართველი კალათბურთელი პანდემიამ ძალიან გააწვალა, რადგანაც მგზავრობასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ნახევარი დღე გერმანიაში გაატარა და მხოლოდ შემდეგღა ჩააღწია აშშ-ში თვითმფრინავით, რომელშიც მგზავრებზე მეტი თავისუფალი ადგილები იყო. გასაკვირი არ ყოფილა, რომ ამერიკაში ჩამოვლის შემდეგ, მას 2-კვირიანი კარანტინის გავლაც მოუწია. იგივე პროცედურები შეხვდა კანცლერისსაც, რომელიც შესაძლო საეჭვო კონტაქტების გამო, მერე კიდევ 2-ჯერ შეამოწმეს.

“მე მგონი, ყველაფერი ვცადე, წიგნების კითხვა, და მსგავსი რაღაცეები”, - აღნიშნა მან. რას იზამ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პანდემიის პერიოდის აშშ-ში.

რატი ანდრონიკაშვილი კრეიტონში 44-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

ყველაფრის მიუხედავად, კანცლერისიც და ანდრონიკაშვილიც პოზიტიური განწყობას ინარჩუნებენ. არადა, მათი ახალ კლუბში ინტეგრაციის არცთუ იოლი პროცესი სწორედ ახლა მიმდინარეობს.
ანდრონიკაშვილი ჩამოყალიბებული გამთამაშებელია, რომლის კრეატიულობაც ბლუჯეისს ახალ სეზონში ძალიან უნდა გამოადგეს. შემთხვევითი არაა, რომ 247Sports-ის ვერსიით, ის TOP-100 პროსპექტში შედის. კანცლერისი განსაკუთრებით ძლიერი შეტევაშია, ფარქვეშ შესვლისას.

კრეიტონელთა მთავარი მწვრთნელის დაგ მაკდერმოტის თქმით, ევროპელ ახალწვეულებს გარკვეული დრო დასჭირდებათ, რათა გუნდის ფილისოფიას შეეგუონ.

“ახლა, მათ ბევრი სამუშაო აქვთ. ვარჯიშებზე ორივეს ჰქონდა მომენტები, როდესაც ისინი ძალიან, ძალიან კარგები იყვნენ და ისეთებიც ვნახეთ, როდესაც ნამდვილ ახალბედებს ჰგავდნენ. ეს პროცესის ნაწილია და ამაში მოულოდნელი არაფერია. მთავარია, რომ ისინი ძალიან მოწადინებულები არიან, რომ რაც შეიძლება მეტი ისწავლონ. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ დიდ წარმატებას მიაღწევენ”.

ქართველ კალათბურთელს ბლუჯეისში თბილად დახვდნენ

კანცლერისის თქმით, მისთვის ყველაზე დიდი მოულოდნელობა ამ დონეზე არსებული სისწრაფეები იყო, ანდრონიკაშვილი თანაგუნდელების მადლიერია, რომლებიც ვარჯიშებს მიღმაც ყურადღებას არ აკლებენ. ისინი რატის უხსნიან მწვრთნელების მითითებები სწორად როგორ უნდა იქნას გაგებული, ეს კი, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ახლა, ამ ბიჭების მთავარი მიზანი ხომ გუნდში ფეხის მოკიდებაა.

“ამ ეტაპზე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ გამარჯვების პროცესის მონაწილე ვიყო”, - ამბობს კანცლერისი და მას ანდრონიკაშვილიც ეთანხმება.

მათ კრეიტონთან კონტრაქტები გაზაფხულის მიწურულს გააფორმეს, თუმცა, გასაგებ მიზეზთა გამო, საწვრთნელ პროცესში დაგეგმილზე გვიან ჩაერთვნენ. ანდრონიკაშვილი აქამდე სტუდენტურ კამპუსშიც კი არ იყო ნამყოფი, ამდენად, ახლა, ყველაფერი სწრაფად ხდება. მიუხედავად ამისა, რატი არსებული მდგომარეობით ძალიან კმაყოფილია.

“ოჯახის წევრებს უკვე მოვუყევი და ყველას ამას ვეუბნები, რომ გაცილებით უკეთესი სიტუაცია დამხვდა, ვიდრე – ველოდი. ყველანი ძალიან თბილად დამხვდნენ, შემიძლია ვთქვა, უმაღლეს დონეზე. ყოველთვის სასიამოვნოა იქ მოხვედრა, სადაც გელიან და გაფასებენ. ამ მხრივ კი, აქ ყველაფერი საუკეთესოდაა”.

COVID 19-ის გამო ნაადრევად შეწყვეტილ სეზონში კრეიტონს 13 მოგება და 5 მარცხი ჰქონდა და ბიგ ისთის კონფერენციაში ვილონავასთანა და სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლთან ერთად პირველობას ინაწილებდა. იმდროინდელი მონაცემებით, კრეიტონი ამერიკის სტუდენტური ლიგის ოფიციალურ რეიტინგში მე-7 ადგილზე გახლდათ და ეს, ძალიან მაღალი შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ NCAA-ს 32 კონფერენციაში მთლიანობაში 480-მდე გუნდი თამაშობს. თუკი არაფერი შეიცვალა, სტუდენტური ლიგის ახალი სეზონი 25 ნოემბერს დაიწყება და 5 აპრილს დასრულდება.

კომენტარები

ბოლო ამბები