Thumbnail
  • ლივერპულს მიდტიულანდთან ფაბინიოც დაუშავდა
  • იურგენ კლოპისთვის ეს კიდევ ერთი შოკია
  • მერსისაიდელებს დაცვის ცენტრში სერიოზული პრობლემა აქვთ

საბოლოოდ, ლივერპულმა მიდტიულანდს მარტივად, 2:0 მოუგო, მაგრამ 28-ე წუთზე მომხდარის გამო გაბრაზებულ იურგენ კლოპს ამ გამარჯვებამ ხასიათი ოდნავადაც ვერ გამოუკეთა.

28-ე წუთზე ფაბინიო დაშავდა. ლივერპულს კიდევ ერთი ისეთი ფეხბურთელი გამოაკლდა, რომელსაც დაცვაში თამაში შეუძლია. მოგვიანებით, კლოპმა ამ ამბავს შოკი უწოდა. ლივერპულის გულშემატკივრები ალბათ უფრო უარეს სიტყვებს გამოიყენებენ.

უილიამსი წინა სეზონში მე-6 ლიგაში თამაშობდა, ახლა კი ჩემპიონთა ლიგაშია

საერთოდ, ბრაზილიელი ჩამშლელი ნახევარმცველია და მიდტიულანდთან დაცვის ცენტრში მარტო იმიტომ იდგა, რომ კლოპს სხვა არჩევანი უბრალოდ აღარ ჰქონდა. ვირჯილ ვან დაიკი თვეების მანძილზე ვერ ითამაშებს, ჯოელ მატიპიც ტრავმირებულია და შესაბამისად, მერსისაიდელთა გერმანელი მწვრთნელი იძულებულია, დაცვის ხაზი, რბილად რომ ვთქვათ, გადააწყოს. თუმცა იმას, რაც ახლა ლივერპულის დაცვის ცენტრში ხდება, გადაწყობაც აღარ ჰქვია.

მიდტიულანდთან იურგენმა მოედანზე 19 წლის რაის უილიამსი შეუშვა, რომელიც წინა სეზონის პირველ წრეში განათხოვრებული იყო მეექვსე ლიგის კლუბში შესანიშნავი სახელწოდებით კიდერმინსტერი. ახლა კი, ამ ბიჭმა ჩემპიონთა ლიგაში თავისი მეორე მატჩი ჩაატარა. და ცხადია, რომ კიდევ ჩაატარებს.

ფაბინიოს ტრავმის სიმძიმე მალე უნდა გაირკვეს. “მისი ტრავმა ყველაზე ბოლოა, რაც ახლა გვჭირდებოდა. მითხრა, თამაშის გაგრძელება შემიძლია, მაგრამ სწრაფად ვერ ვირბენ, სპრინტს ვერ შევძლებო,” - თქვა კლოპმა.

ვის შეუძლია დაცვაში თამაში?

ვინღა დარჩა იურგენს დაცვის ცენტრისთვის გომესის გარდა, რომელმაც გადატვირთულ კალენდარში აუცილებლად ყველა შეხვედრა უნდა ჩაატაროს? ჯერჯერობით უცნობია, შეეძლება თუ არა მატიპს შაბათს, ვესტ ჰემთან თამაში. გომესისა და უილიამსის გარდა, კლოპს მხოლოდ 18 წლის, ძალიან გამოუცდელი სეპ ვან დენ ბერგი და ყოფილი შტუტგარტელი ნათანიელ ფილიპსი ჰყავს. ეს უკანასკნელი 23 წლისაა და მერსისაიდელებისთვის მხოლოდ 1 ოფიციალურ მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული (5 იანვარს, ევერტონთან ასოციაციის თასზე). მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ლივერპულს ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არც ფილიპსი ჰყავს შეყვანილი და არც ვან დენ ბერგი.

აი, ჯორდან ჰენდერსონზე კი ლივერპულის ფანებს სანერვიულო არ აქვთ. ეს უკანასკნელი შესვენებაზე ვეინალდუმმა შეცვალა, მაგრამ არა ტრავმის გამო, არამედ იმიტომ, რომ ეს კლოპის იდეა იყო - ორივეს 45-45 წუთი უნდა ეთამაშათო, თქვა გერმანელმა.

მოკლედ, ლივერპულისთვის მიდტიულანდთან გამარჯვება საბოლოო ჯამში არცისე მარტივი ამბავი იყო, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები