Thumbnail

მოურინიოს გიორგი ჩაკვეტაძე ურჩიეს - ოთხი ფარული ტალანტი ტოტენჰემისთვის

  • ბრიტანული მედია ტოტენჰემისთვის საინტერესო ფეხბურთელებს ასახელებს
  • ოთხ მოთამაშეს შორის ერთ-ერთი გენტის ქართველი შემტევი ნახევარმცველია

ჟოზე მოურინიოს ურჩევენ, ყურადღება საქართველოს ნაკრებისა და გენტის ნახევარმცველს გიორგი ჩაკვეტაძეს დაუთმოს. ბრიტანული მედია იმ ოთხ ფარულ ტალანტს (არა TOP5 ლიგაში მოთამაშე) ასახელებს, რომლებიც პორტუგალიელ სპეციალისტს ლონდონის ტოტენჰემში შეიძლება გამოადგეს. ერთ-ერთი მათგანი კი სწორედ ჩაკვეტაძეა.

"ჩაკვეტაძის გვარი ტოტენჰემის ზოგიერთ გულშემატკივარს ალბათ ეცნობა, რადგან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის მომავალს ლონდონის ჩრდილოეთს წარსულში უკვე უკავშირებდნენ. 

შემტევმა ნახევარმცველმა მშობლიური კლუბი - დანამო თბილისი, ჯერ კიდევ მოზარდმა დატოვა და ბოლო სამი სეზონი ბელგიაში, გენტში გაატარა, სადაც მიღებული მუხლის სერიოზული ტრავმის შემდეგ, გამოჯანმრთელდა და გასულ სეზონში მოედანს დაუბრუნდა. მან ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდშიც ითამაშა, რომელიც გენტმა მოიგო (ვენის რაპიდთან - 2:1). 

ჟოზეს გუნდში გიორგის ნახვას ნებისმიერი ქართველი ქომაგი ისურვებდა

ჩაკვეტაძემ საქართველოს ნაკრების 9 მატჩში 5 გოლი გაიტანა და იმედოვნებს, რომ თავისი ქვეყნის ღირსებას ნოემბერშიც დაიცავს, როდესაც მისი გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის დაუპირისპირდება.

მაშინ, როცა "დეზებს" შემტევი ნახევარმცველებისა და თავდამსხმელების პოზიციებზე არ უჭირს, 21 წლის ფეხბურთელი მხედველობაში მისაღებია იმ შემთხვევისთვის, თუკი მოურინიო მოინდომებს, რომ შედარებით გამოცდილი მოთამაშეები უფრო ახალგაზრდებით ჩაანაცვლოს", - წერს football.london, რომელიც ჩაკვეტაძის გარდა, ტოტენჰემისთვის საინტერესო ფეხბურთელებად მანორ სოლომონს (შახტარი), ფილიპ ურემოვიჩსა (რუბინი) და ლინდონ სელაჰისაც (ტვენტე) ასახელებს.

გიორგი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად სწრაფად იქცა

გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელიც ამჟამად ტრავმას იშუშებს, მიმდინარე სეზონში გენტის ღირსება ყველა ტურნირის 4 მატჩში დაიცვა და ერთი საგოლე პასით გამოირჩა. 21 წლის ფეხბურთელს ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 

გენტი ევროპალიგაში გამოდის, სადაც მომდევნო მატჩს 29 ოქტომბერს, შინ ჰოფენჰაიმთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები