Thumbnail

'ასე თუ ვითამაშებთ, ჯგუფიდან გავალთ' - ზიდანი ფრით კმაყოფილია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გლადბახთან (2:2) მატჩი შეაფასა. ფრანგი სპეციალისტი გერმანიაში გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი დარჩა და თქვა, რომ ასეთი თამაშით მისი გუნდი ჯგუფურ ეტაპს დაძლევს. ზიდანის აზრით, რეალმა ფრე დაიმსახურა და შეიძლება, მოგებასაც იმსახურებდა.

ზინედინ ზიდანი (რეალის მთავარი მწვრთნელი): "შედეგი გუნდის ხასიათს აჩვენებს. ფრე დავიმსახურეთ და ვფიქრობ, უფრო მეტიც. გუნდის რეაქცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო. აშკარაა, რომ რთულ სიტუაციაში ვართ, როგორც შარშან ამავე ეტაპზე. ფეხბურთელები ბოლომდე იბრძვიან და თუ ასე ვითამაშებთ, ჯგუფიდან გავალთ.

ვეცდებით დაღლილობა ვაკონტროლოთ. არ ვჩერდებით და დიდ ენერგიას ვხარჯავთ, ეს არის ის, რაც არის. ყველასთვის რთული წელი იქნება. დღეს უნდა ვიამაყოთ, რადგან ბოლოს ქულა მოვიპოვეთ, ძალიან რთული იყო. რაც შეეხება თამაშს, მთელი შეხვედრა კარგად ჩავატარეთ. მართალია, რაღაც დაგვაკლდა, რადგან ვერ მოვიგეთ. თუმცა, ჩვენი გეგმის ბოლომდე გვჯეროდა და ფრე დავიმსახურეთ.

ვიცით, რომ სერხიო რამოსი ჩვენთვის დამატებითი პლუსია. კარგად ვითამაშეთ და გვაქვს რესურსები. დისციპლინა უნდა დავიცვათ და ასე თუ ვითამაშებთ, მნიშვნელოვან რამეს მივაღწევთ. აზარი? მისი შემოყვანა დაგეგმილი გვქონდა, შეეცადა, რომ ეთამაშა. არ ვიცი, როგორ მოახერხებს ყოველ სამ დღეში თამაშს, ვნახოთ ამას როგორ შეეგუება. ვფიქრობ, ასენსიოსაც კარგი თამაში ჰქონდა, დინამური იყო. ვიცით, რა ხარისხის ფეხბურთელია მარკო, მაგრამ ყველანი კარგები იყვნენ".

შეგახსენებთ, რომ B ჯგუფს 4 ქულით შახტარი ლიდერობს, ინტერსა და გლადბახს 2-2, ხოლო რეალს 1 ქულა აქვს. ამ ჯგუფის მთავარი შეხვედრა მომდევნო ტურში 3 ნოემბერს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება, სადაც რეალი ინტერს უმასპინძლებს.

📺 გლადბახი 2:2 რეალი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები