Thumbnail

'გადადგომის მიზეზი არ გვქონდა' - ბარტომეუს კომენტარი წასვლის შემდეგ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ბარსელონას პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის შემდეგ ჟოზეპ მარია ბარტომეუმ პირველი კომენტარი გააკეთა. 57 წლის ესპანელის განცხადებით, ბაიერნთან წაგების (2:8) შემდეგ მან პოსტი გამიზნულად არ დატოვა, რადგან იმ მომენტში წასვლა ყველაზე მარტივი გამოსავალი იქნებოდა.

ბარტომეუს განცხადებით, მან კლუბს ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში უხელმძღვანელა და მისთვის ბარსას პრეზიდენტობა დიდი პატივი იყო.

ჟოზეპ მარია ბარტომეუ (ბარსელონას ყოფილი პრეზიდენტი)

"ვაცხადებ ჩემი და დირექტორთა საბჭოს დანარჩენი წევრების გადადგომის შესახებ. ბაიერნთან წაგების შემდეგ წასვლა მარტივი საქმე იქნებოდა. დამარცხების მეორე დღეს ფუნდამენტური გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული კლუბის მომავლისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ეს უნდა გაგკვეთებინა პანდემიის პერიოდში და იმ დროს კლუბის დატოვება არ შეგვეძლო. ვინ მოიყვანდა ახალ მწვრთნელს, გააკეთებდა ტრანსფერებს, შეინარჩუნებდა მესის ან შეცვლიდა ხელფასებს? ჩვენ, როგორც ხელმძღვანელობას ეს უნდა გაგვეკეთებინა.

წესდების თანახმად, პირველივე დღეს დავნიშნეთ ახალი არჩვენები. ვადამდელი გადადგომა რამდენიმე კვირის განმავლობაში ძალაუფლების ვაკუუმს შექმნის. გადადგომის მიზეზი მარტში დაგეგმილ არჩვენებამდე არ გვქონდა. ზეწოლის მიუხედავად, წასვლა არ გვინდოდა. ისეთ კლუბში, როგორიც ბარსელონაა, ხელმძღვანელობის ცვლილებები ორგანიზებული უნდა იყოს. მოსაზრება, რომ ჩვენ რაღაც დასამალი გვაქვს და რაღაცის გვეშინოდა, სრულიად არასწორი მოსაზრებაა.

ჩვენ ბარსელონას მართვა კლუბისა და ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში მოგვიწია. ჩემთვის პატივი იყო ამ კლუბში მუშაობა, როგორც მენეჯერისთვის და როგორც პრეზიდენტისთვის. იმედია, პერსონალის ხელფასების ცვლილებები რამდენიმე დღეში დასრულდება. ამის შეუსრულებლობას შეიძლება კლუბისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვეს. ვიმედოვნებ, რომ ყველა მხარე შეთანხმდება“.

შეგახსენებთ, რომ ჟოზეპ მარია ბარტომეუ ბარსელონას პრეზიდენტის პოსტს 2014 წლის იანვრიდან იკავებდა და მისი მმართველობის პერიოდში კატალონიურმა გრანდმა 4-ჯერ ლა ლიგა და ესპანეთის თასი, 2-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, თითოჯერ კი ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ევროპის სუპერთასი მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები