Thumbnail

'ეს მოგება საბასთვის განსაკუთრებული იყო' - კვერკველია ტურის სიმბოლურში

  • საბამ როტორის გამარჯვებაში ლოკომოტივთან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა
  • ქართველმა მცველმა ის კლუბი დასაჯა, რომელმაც სეზონის წინ მასზე უარი თქვა
  • 28 წლის ფეხბურთელი სიმბოლურ ნაკრებში ამ სეზონში პირველად მოხვდა

საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვერკველია რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. მოსკოვის ლოკომოტივის 28 წლის ფეხბურთელი, რომელიც ამ სეზონში იჯარით როტორში გამოდის, ტურის რჩეულთა შორის გამოცემა soccer.ru-მ დაასახელა.

საბამ წარმატებული მატჩი სწორედ იმ კლუბთან ჩაატარა, რომელსაც ეკუთვნის. როტორმა ლოკომოტივს სტუმრად მოსკოვში სენსაციურად მოუგო (2:1) და სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა. კვერკველიამ სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშა.

საბა თავისი კლუბის წინააღმდეგ განსაკუთრებით მოტივირებული იყო

აღსანიშნავია, რომ თამაშის დასრულებამდე ათი წუთით ადრე, კვერკველიას საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა, რაც VAR-მა დააფიქსირა. როტორისთვის საბედნიეროდ, ლოკომოტივმა გატანა ვერ მოახერხა.

"როტორის გამარჯვება ბრწყინვალედ გამოყენებული საკუთარი მომენტების, ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ლოკომოტივის მოდუნების, იღბლისა და იმ თავდადების შედეგია, რისი სიმბოლოც საბა კვერკველიაა. ცოტა ხნის წინ ქართველი მცველი ლოკოში თამაშობდა და თავის დროზე მის ჩემპიონობაში მნიშვნელოვანი წვლილიც შეიტანა, მაგრამ შემდეგ "რკინიგზელებისთვის" უსარგებლო აღმოჩნდა. 

საბასთვის ეს განსაკუთრებული გამარჯვება იყო, რის გამოც ასრულებდა ვარდნებსა და ეღობებოდა ბურთს. პენალტის დროსაც კი მისი რაიმეში დადანაშაულება ძნელია: ხელით შემთხვევით ითამაშა და თანაც, 11-მეტრიანი ნიშნულიდან ანტონ მირანჩუკის დარტყმის შემდეგ, ანგარიშიც არ შეცვლილა", - წერს საიტი.

კვერკველიაზე უარი ლოკომოტივმა მწვრთნელის შეცვლის შემდეგ თქვა

მოსკოვში გამართულ მატჩში, როტორის მაისურით, საბა კვერკველიას გარდა, ზურიკო დავითაშვილმა , ბექა მიქელთაძემ და დინამო ბათუმის ყოფილმა ფორვარდმა ფლამარიონმაც ითამაშეს. ზურიკომ შეხვედრა სრულად ჩაატარა, ბექა მოედანზე ბოლო 15 წუთით გავიდა, ჯოვინო კი, რომელმაც გოლი და საგოლე პასი მიითვალა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.

📺 ვიდეო: ჯოვინოს გოლი და საგოლე პასი ლოკომოტივთან

რუსეთის პრემიერლიგაში გასული 12 ტურის შემდეგ, როტორს 6 ქულა აქვს და სასტურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა. საბა კვერკველიამ მიმდინარე ჩემპიონატში 5 მატჩში ითამაშა და ყვითელი ბარათი 3-ჯერ მიიღო. ქართველი მცველი ამ სეზონში ტურის სიმბოლურში პირველად მოხვდა.

კომენტარები

ბოლო ამბები