Thumbnail

საქართველოს რაგბის ნაკრების წევრმა ჟურნალისტებს ლაივის დროს აგინა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'აფციაურის ქმედება ეწინააღმდეგება ეთიკის ნორმებს და ლახავს რაგბის ფასეულობებს'
  • საქართველოს ნაკრების მორაგბე გადაცემის წამყვანებს ანგარიშსწორებითაც დაემუქრა

დღეს, ფეისბუქ-გვერდზე რაგბი XV საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების მატჩს ლაივ-რეჟიმში განიხილავდნენ, როდესაც კომენტარებში საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრი გიორგი აფციაური ჩაერთო და გადაცემის წამყვანებს შეურაცხყოფა მიაყენა, ამას გარდა კი, მათ ანგარიშსწორებითაც დაემუქრა. აღნიშნულთან დაკავშირებით, რაგბი XV-მა სპეციალური განცხადება გაავრცელა და საქართველოს რაგბის კავშირს მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდა, გამორიცხული არაა, მომხდარზე სამართლებრივი რეაგირების აუცილებლობაც დადგეს. აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“რაგბი XV-ის გუნდს გვსურს, გამოვეხმაუროთ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ დღეს, ჩვენს ფეისბუკგვერდზე, საქართველოსა და შოტლანდიის რაგბის ნაკრებების თამაშის განხილვის დროს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი აფციაურის მიერ გადაცემის წამყვანებისა და რაგბი XV-ის გუნდის მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ და მუქარისშემცველ განცხადებებთან დაკავშირებით.

სრულიად წარმოუდგენელია, როდესაც მოქმედი ან ვეტერანი სპორტსმენი საჯაროდ, პირდაპირი ეთერის მსვლელობისას (ფეისბუკლაივის კომენტარებში), შეურაცხყოფს და ემუქრება ჟურნალისტებს.

დაუშვებელია პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ჟურნალისტების შეურაცხყოფა, გინება და მუქარა. მოქმედი მოთამაშის მხრიდან ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება ეთიკის ნორმებს და ლახავს რაგბის ფასეულობებს.

იმისათვის, რომ მომავალში, სპორტსმენების მხრიდან მსგავსი საქციელი არ წახალისდეს, ჩვენ, რაგბი XV-ის გუნდი, მოვითხოვთ, საქართველოს რაგბის კავშირმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მკაფიოდ გამოხატოს მისი პოზიცია.

ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, მუქარისა და შეურაცხყოფის გაგრძელების შემთხვევაში მივმართოთ შესაბამის სტრუქტურებს და მოვითხოვოთ სამართლებრივი რეაგირება”.

ცნობისთვის, 26 წლის აფციაურს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 22 მატჩი აქვს ჩატარებული. მან მონაწილეობა 2015 წლის მსოფლიო თასის მატჩებშიც მიიღო.

პოპსპორტის რედაქცია კოლეგებს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ და ვუერთდებით მათ მიმართვას! მედიის თავისუფლებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხში სოლიდარობის გამოხატვა ჩვენი ორგანიზაციის უმთავრესი პრიორიტეტია.

კომენტარები

ბოლო ამბები