Thumbnail

ფამაგუსტას ანორთოსისის მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას ისევ დააჯარიმებენ. კვიპროსული მედიის ინფორმაციით, ქართველ სპეციალისტს ერთი კვირის წინათ, ნეა სალამინასთან მატჩის შემდგომ პრესკონფერენციის სრულფასოვნად ჩატარებაზე უარის თქმის გამო, დიდი ალბათობით, 3 000 ევროს ოდენობით დააჯარიმებენ.

ეს უკვე მეოთხე შემთხვევა იქნება. მანამდე ქეცბაია ომონიასთან, ოლიმპიაკოსთან და აპოლონთან მატჩების შემდეგ პრესკონფერენციებზე კი მივიდა, მაგრამ 1-2 ფრაზით შემოიფარგლა, რისთვისაც 5 000, 3 000 და 3 000 ევროთი დაჯარიმდა. ამგვარად, ნე სალამინასთან მატჩის შემდეგ მისი ჯარიმა უკვე 14 000 ევროს მიაღწევს.

გარდა ამისა, გაირკვა ქეცბაიასა და თორნიკე ოქრიაშვილს შორის კონფლიქტის მიზეზი. თემური თანამემამულე ფეხბურთელს თამაშის მიწურულს კარგ პოზიციაში მყოფი გიორგი ქვილითაიას მისამართით პასის არგაკეთების გამო გაუბრაზდა. ამავდროულად, ანორთოსისის პრესსპიკერმა სავვას პილაკუტასმა ქეცბაიასა და თორნიკე ოქრიაშვილს შორის გუშინ მომხდარ კონფლიქტზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ყველაფერი წარსულში დარჩა.

"ეს იყო ინტენსიური დისკუსია, მაგრამ გასახდელში იდეალური ატმოსფერო იყო და არის. საკითხის გაგრძელების საფუძველი არ არსებობს", - თქვა პილაკუტასმა.

ანორთოსისმა კვიპროსის პირველი დივიზიონის მე-8 ტურში ნიქოზიის აპოელს 2:0 მოუგო და ერთი გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა.  თემურ ქეცბაიას გუნდს 7 მატჩი აქვს ჩატარებული, 16 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მხოლოდ ლიდერ ლიმასოლის აპოლონს ჩამორჩება (3 ქულით). თემურ ქეცბაიას გუნდი მომდევნო მატჩს 28 ოქტომბერს, სტუმრად ეთნიკოსის წინააღმდეგ გამართავს.

📺 გიორგი ქვილითაიას გოლი აპოელთან

კომენტარები

ბოლო ამბები