Thumbnail
  • პოლ პოგბამ The Sun-ის ინფორმაციას ყალბი უწოდა
  • ფრანგი ნახევარმცველი საფრანგეთის ნაკრებიდან წასვლას არ აპირებს

პოლ პოგბამ უარყო ბრიტანული გამოცემა The Sun-ის დღეს დილით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი საფრანგეთის ნაკრებში თამაშზე უარს ამბობს.

Sun-ის ინფორმაციით, პოგბას პროტესტი ისლამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მარკონის სიტყვებით იყო განპირობებული. თუმცა, პოლი ამ ინფორმაციას ინსტაგრამში ვრცელი პოსტით გამოეხმაურა და ცნობილი გამოცემა ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში საჯაროდ დაადანააულა.

პოლ პოგბა: "ცრუ ინფორმაციაა, ეს მიუღებელია. The Sun-მა ეს კიდევ ერთხელ გააკეთა. ჩემს შესახებ აბსოლუტურად უსაფუძვლო ამბებს აქვეყნებენ და აცხადებენ ისეთ რამეს, რაც არასდროს მითქვამს ან მიფიქრია. შეშფოთებული, გაბრაზებული, შოკირებული და იმედგაცრუებული ვარ ზოგიერითი მედიით, რომლებიც საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებს თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ. წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი ტერორისა და ძალადობის. ჩემი რელიგია არის მშვიდობა, სიყვარული და პატივისცემა. სამწუხაროდ, პრესაში მომუშავე ზოგიერთი ადამიანი პასუხისმგებლობით არ მოქმედებს ახალი ამბების წერისას, ბოროტად იყენებს პრესის თავისუფლებას და არ ამოწმებს ინფორმაციას შეესაბამება თუ არა სიმართლეს. ჭორების ჯაჭვის შექმნა გავლენას ახდენს ხალხის და ჩემს ცხოვრებაზე. ვიჩივლებ ამ 100%-ით ყალბი ამბის გამომცემლებისა და გამავრცელებლების წინააღმდეგ. როგორც წესი, Sun-ს ეს ნაკლებად ადარდებს, მაგრამ შეგახსენებთ: ზოგი თქვენგანი, ალბათ, სკოლაში დადიოდა და გახსოვთ, როგორ გეუბნებოდათ მასწავლებელი, რომ ყოველთვის შეგემოწმებინათ თქვენი წყაროები და არ გაგევრცელებინათ ინფორმაცია გადამოწმების გარეშე. მაგრამ, ეს ისვ გააკეთეთ და ამჯერად ძალიან სერიოზულ თემაზე, გრცხვენოდეთ".

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა საფრანგეთის ნაკრებში 2013 წლიდან თამაშობს და "სამფეროვანთა" რიგებში ჩატარებულ 72 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა. ის 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონი, ხოლო 2016 წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები