Thumbnail

‘ხაბიბზე ბევრად მეტი მაქვს გაკეთებული’ - ჯონ ჯონსმა ნურმაგომედოვზე ილაპარაკა

ჯასტინ გეიჯის დამარცხების შემდეგ, ხაბიბ ნურმაგომედოვზე კიდევ უფრო მეტი ადამიანი ამბობს, რომ MMA-ს ყველა საუკეთესო მებრძოლია. დომინანტურმა გამარჯვებამ და კარიერის დამთავრებამ ამ თემაზე დისკუსია გაამძაფრა.

ხაბიბის მორიგი ტიტული ჯონ ჯონსმა უყურადღებოდ არ დატოვა და სიმბოლურად განაცხადა, რომ “თანახმაა, პირველი მოჩხუბრის სტატუსი დროებით ხაბიბს გადასცენ - სანამ თვითონ არ დაბრუნდება და ამ ‘ღვთაებრივ გვირგვინს’ არ დაიბრუნებს.”

მიუხედავად ამისა, ამ კომენტარიდან ძალიან მალე, ჯონსი ხაბიბის ყველა დროის საუკეთესო მოჩხუბრად აღიარების გავრცელებულ იდეას გამოეხმაურა. იგი ამ აზრს დაუპირისპირდა და თავდაჯერებულად გამოაცხადა, რომ მისგან განსხვავებით, ხაბიბს თავის კარიერაში არ გაუკეთებია იმდენი რამ, რომ ყველა დროის საუკეთესო მოჩხუბრის წოდება დაემსახურებინა.

ხაბიბ ნურმაგომედოვმა შაბათს ჯასტინ გეიჯი დაამარცხა და კარიერა დაასრულა

მისივე სიტყვებით, ხალხის გონება დაბინდულია იმის გამო, რომ ხაბიბმა ემოციური გამარჯვება მოიპოვა და სპორტიდან წასვლის შესახებაც გამოაცხადა. ჯონსის თქმით, იგი თვითონ ძალიან საღად უყურებს ამ ყველაფერს, რადგან ეს არის ის, რასაც მან მთელი ცხოვრება მიუძღვნა და რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ჯონსი აცხადებს, რომ მას ხაბიბ ნურმაგომედოვზე ბევრად მეტი აქვს გაკეთებული. მას მოგებული აქვს 14 სატიტულო ბრძოლა დივიზიონის საუკეთესო მოწინააღმდეგეებთან, ფლობს UFC-ის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონის რეკორდს, ხოლო მისი ერთადერთი მარცხი, რომელიც დისკვალიფიკაციით მოხდა, დღემდე საკამათოა.

ჯონსის შეხედულების მოწინააღმდეგეებს არგუმენტად მისი მრავალი დოპინგ-ტესტის ჩავარდნა მოჰყავთ, ასევე მის მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენება და ბოლო 2 სადავო ბრძოლა, რომლებშიც ბევრი ფიქრობს, რომ იგი დამარცხდა. ხაბიბ ნურმაგომედოვს აბსოლუტურად ყველა, ოცდაცხრავე ბრძოლა დომინანტურად აქვს მოგებული და მთელი კარიერის განმავლობაში ერთადერთი რაუნდი წააგო - მესამე რაუნდი კონორ მაკგრეგორთან.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის ხაბიბ ნურმაგომედოვმა UFC 254-ზე ჯასტინ გეიჯი მეორე რაუნდში, მახრჩობელა ილეთით დაამარცხა და ტიტული მესამეჯერ დაიცვა. ბრძოლის შემდეგ ხაბიბმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. მის ანგარიშზე MMA-ში ჩატარებული 29 ბრძოლიდან ამდენივე მოგებაა, საიდანაც 13 UFC-ზე მოდის.

საბოლოო ჯამში, ყველა დროის საუკეთესოს წოდება არაოფიციალურია და ხალხის სუბიექტურ აზრზეა დამოკიდებული.

კომენტარები

ბოლო ამბები