Thumbnail

'პირველი დონის გუნდები და ნაკრები' - მიქაუტაძე ყველას აინტერესებს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ჟორჟ მიქაუტაძის მიმართ ინტერესი ძალიან გაიზარდა
  • მას საფრანგეთის 19-წლამდე ნაკრებში უპირებენ გამოძახებას
  • 'ის 1B დივიზიონს აბსოლუტური სენსაციაა და ბუნებრივია, რომ ინტერესი გაჩნდა'

ბელგიური სერენის თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაძე მიმდინარე სეზონში ადგილობრივი მედიის ყურადღების ცენტრშია. საფრანგეთში დაბადებულ 19 წლის შემტევს საოცარი სეზონი აქვს და ბელგიის 1B დივიზიონში 8 მატჩში 14(!) გოლის გატანა მოახერხა.

Voetbalnieuws იტყობინება, რომ მიქაუტაძის მიმართ ინტერესი ძალიან გაიზარდა და მას, როგორც ბელგიის ჟუპილერ ლიგის, ისე საფრანგეთის ლიგა 1-სა და ინგლისური კლუბები აკვირდებიან. წყარო არ აკონკრეტებს გუნდების სახელებს, მაგრამ წერს, რომ ჟორჟი პირველი დონის გუნდების ინტერესის სფეროში მოხვდა.

"ეჭვგარეშეა, რომ ამ ეტაპზე 1B დივიზიონის აბსოლუტური სენსაცია ჟორჟ მიქაუტაძეა. სერენის თავდამსხმელი მუდმივად ახერხებს გოლების გატანას და დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ მისი გუნდი სატურნირო ცხრილის ლიდერია. ეს ბუნებრივად ინტერესს ქმნის. 19 წლის შემტევმა 8 მატჩში 14 გოლი გაიტანა. უკვე 2-ჯერ შეასრულა ჰეთთრიკი, თითოჯერ პოკერი და დუბლი. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკვე დაინტერესდა ბელგიის ჟუპილერ ლიგის რამდენიმე გუნდი, აგრეთვე ლიგა 1-სა და ინგლისური კლუბების წარმომადგენლები", - წერს გამოცემა.

ასეთი გოლები გააქვს მიქაუტაძეს

აღნიშნულ სტატიაში ისიც წერია, რომ ჟორჟი უკვე შერჩეულია საფრანგეთის 19-წლამდე ნაკრებში გამოსაძახებლად, მაგრამ მისი გადაბირება სამშობლოში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასაც სურს.

შეგახსენებთ, რომ ჟორჟ მიქაუტაძე ფრანგული მეცის საკუთრებაა და გუნდთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული. სერენში ის ზაფხულში იჯარით გადავიდა და 1B დივიზიონის ბომბარდირთა სიას სათავეში ძალიან დამაჯერებლად უდგას. ჟორჟი საფრანგეთშია დაბადებული, ფეხბურთის თამაში ლიონის აკადემიაში დაიწყო, გასულ სეზონში კი მეცის მაისურით საფრანგეთის ლიგა 1-ში დებიუტიც ჰქონდა.

📺 მიქაუტაძის დუბლი მოლენბეკთან

კომენტარები

ბოლო ამბები