Thumbnail

მიხაელ შუმახერის სხვა რეკორდები, რომლებსაც ლუის ჰემილტონი უმიზნებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • პორტუგალიის გრანპრიზე ლუის ჰემილტონმა მიხაელ შუმახერის რეკორდი მოხსნა
  • ბრიტანელი ლეგენდარული გერმანელის კიდევ არაერთ რეკორდს ემუქრება

როგორც მოსალოდნელიც იყო, ლუის ჰემილტონმა მიხაელ შუმახერს ძალიან მაგარი რეკორდი წაართვა. ბრიტანელს ახლა უკვე 92 გრანპრი აქვს მოგებული და ლეგენდარულ გერმანელს ამაში 92:91-ს უგებს.

ზოგადად, წელს ჰემილტონი დიდი შუმის ბევრ მიღწევას ემუქრება. მაგალითად, სეზონის დასრულებამდე 5 რბოლაა დარჩენილი და რაკი ჰემილტონს 77-ქულიანი უპირატესობა აქვს, ცხადია, რომ ლუისი მიხაელს ჩემპიონობების რაოდენობითაც (შვიდი) წელსვე გაუთანაბრდება.

“10 ან 20 წელიწადში ჩვენ წარსულს გავიხსენებთ და გავაცნობიერებთ, რამდენად დიდი პილოტია ლუის ჰემილტონი,” - ეს მერსედესის გუნდის შეფის, ტოტო ვოლფის სიტყვებია.

ჰემილტონს შუმახერის რეკორდის დამხობა სებასტიან ფეტელმაც მიულოცა: “ლუისს ჯერ კიდევ რბოლამდე ვუთხარი, რომ ამას მიაღწევდა. ჩვენ მართლაც ვერ ვაცნობიერებთ კარგად, რა მიღწევაა ეს - მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, ამ ბოლიდით ადვილიაო. ასეთი შედეგის მისაღწევად წლების მანძილზე უნიკალური სტაბილურობაა საჭირო.”

შუმახერის კიდევ რომელი რეკორდების მოხსნა შეუძლია ჰემილტონს? ერთ-ერთი შეიძლება მომდევნო გრანპრიზეც დაემხოს. მიხაელ შუმახერს ერთსა და იმავე გუნდში (ფერარი) 72 რბოლა აქვს მოგებული. ჰემილტონის ანგარიშზე მერსედესში 71 გამარჯვებაა.

ჰემილტონს წელსვე შეუძლია კიდევ ერთი დიდი მიღწევის გამეორება, მაგრამ ეს უფრო რთული იქნება: საქმე ეხება ყველაზე მეტ გამარჯვებას ერთ სეზონში. შუმიმ 2004 წელს სეზონის 17 რბოლიდან 13 მოიგო, სებასტიან ფეტელმა იგივე რედ ბულში 2013 წელს გააკეთა. თუ ჰემილტინი ხუთივე დარჩენილ რბოლას მოიგებს, მასაც 13 გამარჯვება ექნება სეზონში.

ბრიტანელს გერმანელის გადასწრება შეუძლია ჰეთთრიკებითაც (პოული, რბოლის მოგება, უსწრაფესი წრე) - ამაში შუმახერი ახლა 22:18-ს იგებს.

ჰემილტონისმ ბრწყინვალე კარიერა გრძელდება - ლუისი შუმის რეკორდებს უმიზნებს

ფაქტია, რომ შუმის რეკორდების დევნას ჰემილტონი გაისადაც გააგრძელებს. 2021-ში მას მერვე ჩემპიონობით ერთპიროვნული გალიდერება შეუძლია. გარდა ამისა, ჰემილტონი სატურნირო ცხრილს 114 რბოლის შემდეგ ლიდერობდა, შუმახერი კი - 121 რბოლის შემდეგ. 2021 წელს, შეიძლება, ეს რეკორდიც დაემხოს.

სამაგიეროდ, დიდი დრო დასჭირდება უსწრაფესი წრეების რაოდენობის რეკორდის მოხსნას - თუკი ჰემილტონი ამას საერთოდ მოახერხებს. მიზეზი: მიუხედავად ამისათვის განკუთვნილი ქულისა, დღეს უფრო რთულია უსწრაფესი წრის გავლა, ვიდრე შუმახერის დროს იყო. ახლა ამას უმეტესად ის პილოტი ახერხებს ხოლმე, რომელსაც რბოლის მიწურულს ცოტა საწვავი და ახალი საბურავები აქვს. ჰემილტონს უსწრაფესი წრე 52-ჯერ ჰქონდა, შუმახერს - 77-ჯერ.

კომენტარები

ბოლო ამბები