Thumbnail

ბუდაპეშტის გრანდ სლემი | ზაალიშვილმა და მატიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • სეზონის განახლების შემდეგ, ორივე მედალი მძიმეწონოსნებმა მიითვალეს 
  • საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მე-8 ადგილი დაიკავა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტის გრანდ სლემზე 6 სპორტსმენით იყო წარდგენილი, ტურნირი 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ორივე მედალი ყველაზე მძიმე (+100 კგ.) მძიმე წონით კატეგორიაში იქნა მოპოვებული. კვარცხლბეკზე ასვლა გელა ზაალიშვილმა და ლევან მატიაშვილმა მოახერხეს.

ზაალიშვილმა ყირგიზ იური კრაკოვეცკის იპონით სძლია, უნგრელ რიჩარდ სიპოჩთან კი ვაზარით აგებდა, თუმცა, მეტოქეს მე-3 შიდო აჰკიდა და მეითხედფინალში გავიდა, სადაც მომავალ ჩემპიონ – რუს ინალ ტასოევთან იპონზე დაეცა. ქართველი ძიუდოისტი ამ ორთაბრძოლას ვაზარით იგებდა, თუმცა, საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოახერხა. ამგვარად, გელა რეპეშაჟში გადაერთო, სადაც უზბეკი ბეკმუროდ ოლტიბოევი დააიპონა, ბრინჯაოს მედლისთვის კი, ნიდერლანდელ იურ სპიიკერს ასევე წმინდად სძლია.

📺 გელა ზაალიშვილი V იურ სპიიკერსი

მსგავსი გზა გაიარა მატიაშვილმაც, რომელმაც საწყის წრეში იპონით ყაზახ იერასილ კაჟიბაიევს აჯობა, ბრაზილიელ დავიდ მოურას 3 შიდო მიაღებინა, მეოთხედფინალში კი მომავალ ფინალისტ – რუს ტამერლან ბაშაევთან ვაზარით დამარცხდა. ლევანიც სანუგეშო რაუნდში აღმოჩნდა, სადაც ბრაზილიის ნაკრების კიდევ ერთი წევრი რაფაელ სილვა იპონზე დასცა, კვარცხლბეკზე ასასვლელად კი ებრაელ ორ სასონს გაეჯიბრა და ვაზარით აჯობა.

📺 ლევან მატიაშვილი V ორ სასონი

შეგახსენებთ, რომ ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ძალები ბაგრატ ნინიაშვილმა (66 კგ.), ფრიდონ გიგანმა, ლაშა შავდათუაშვილმა (ორივე – 73 კგ.) და ავთანდილ ჭრიკიშვილმა (90 კგ.) სცადეს, თუმცა, მათ მედლების მოპოვება ვერ მოახერხეს. საქართველოს ნაკრებმა ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში მე-8 ადგილი დაიკავა, აშკარა ლიდერი კი რუსეთი იყო, რომელმაც 5 ოქრო და 4 ვერცხლი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები