Thumbnail

ბურჯანაძის 9 ქულა ესპანეთში - ბექას სათამაშო დრო გაუზარდეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ესპანეთის ACB ლიგის მე-7 ტურში ბექა ბურჯანაძის გრან კანარიამ მონბუსს უმასპინძლა და 10 ქულის სხვაობით, 75:85 დამარცხდა. მასპინძლებმა პირველი პერიოდის მოგება (26:25) მოახერხეს, მაგრამ შემდეგ თამაშის სადავეები დაკარგეს და მორიგი მარცხი განიცადეს.

ბექა ბურჯანაძემ ამ შეხვედრაში 27:27 წუთი ითამაშა და ამ დროში 9 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ხოლო მისი მარგი ქმედების ინდექსმა 8 შეადგინა. ბექამ შეტევაში საკმაოდ კარგად ითამაშა, 1-დან 1 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, მაგრამ სამქულიანებში იდეალური შედეგი არ ჰქონია: 4-დან 1.

აღსანიშნავია, რომ გრან კანარიას ახალმა მთავარმა მწვრთნელმა პორფირიო ფისაკმა ბურჯანაძეს საკმაოდ სოლიდური სათამაშო დრო დაუთმო, რაც პირველ ტურს თუ არ ჩავთვლით, მიმდინარე სეზონში, ქართველი კალათბურთელისთვისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე მონბუსის ლიეტუველი ლეგიონერი ლაურინას ბირიტუსი გახდა, რომელმაც 19 ქულით და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

გრან კანარიამ ზედიზედ მე-6 თამაში წააგო (1 მოგება, 6 მარცხი) და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 30 ოქტომბერს, სტუმრად, გათამაშების ლიდერ გიორგი შერმადინის ტენერიფესთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები