Thumbnail

გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფეს ლიგა ენდესაში საოცარო სტარტი აქვს. ქართველი კალათბურთელის გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ მე-6 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.

დღეს, ტენერიფელები მალაგის უნიკახას სტუმრობდნენ და 86:79 მოიგეს, შერმადინმა კი, ყოფილი კლუბი, სადაც 2 სეზონი გაატარა, არ დაინდო და 22 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში), 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 8-ვე ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ამდენად, მხოლოდ 1 სროლა გაუფუჭდა. გიორგის პასივში 5 დაკარგვა და 2 პერსონალური ფოლი ჰქონდა, მეტოქეებს კი 6 ჯარიმა აჰკიდა. შედეგად, 27:23 წუთში შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 31-ს გაუტოლდა და ის შეხვედრის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.

ტენერიფელთა რიგებში შედეგიანი იყო კანადელი ფორვარდი აარონ დორნეკამპიც, რომელმაც 8-დან 6 სამქულიანი ჩააგდო და თავი ასევე 22 ქულას მოუყარა, ბრაზილიელმა ვეტერანმა მარსელინიო უერტასმა კი 16 ქულას 10 პასი წაამატა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.

იბეროსტარ ტენერიფე მომდევნო მატჩს 30 ოქტომბერს, შინ, გრან კანარიასთან ჩაატარებს, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე იცავს.

კომენტარები

ბოლო ამბები