Thumbnail

მოსკოვის ცსკას ყოფილი მცველი ოლეგ კორნაუხოვი ზენიტისა და რუბინის მატჩს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ პეტერბურგელთა ხორვატ მცველ დეიან ლოვრენს დამართა, ეს უკანასკნელი რუსეთის პრემიერლიგას უფრო სერიოზულად მოეპყრობა.

“ვფიქრობ, რომ ამ მატჩის შემდეგ ლოვრენი შეხედულებები შეიცვლება. არა მგონია, რუსეთის ჩემპიონატს ისევე ზემოდან უყუროს, როგორც აქ ჩამოსვლის დროს იყო. აი, ახლა, ხვიჩამ მიუჩინა ადგილი და ალბათ, არსებულ სიტუაციაზე დაფიქრდება”.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართულ შეხვედრაში ყაზანელებმა სენსაციურად იმარჯვეს (2:1), 19 წლის ქართველი ფეხბურთელი კი ტრადიციულად ძალიან აქტიური იყო, ერთ ეპიზოდში კი, ზენიტის ვარსკვლავური მცველი აშკარად დაჯაბნა: ხვიჩამ ხორვატს ჯერ სისწრაფეში აჯობა, შემდეგ კი, მოხდენილი მოძრაობით მოატყუა.

ცნობისთვის, პეტერბურგელებმა 31 წლის ლოვრენი ინგლისური ლივერპულიდან გადაიყვანეს, სადაც მან 6 სეზონში 131 მატჩი ჩაატარა. დეიანს ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში 61 შეხვედრა უგროვდება და 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახლავთ.

აქვე ვთქვათ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის 12 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, აქტივში 1 საგოლე პასიც აქვს და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა. ქართველ ფეხბურთელს რუბინთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. მისი გუნდი სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრა კი, 31 ოქტომბერს, შინ ტულის არსენალთან უწევს, რომლის ღირსებას გია გრიგალავა იცავს.

📺 ზენიტი V რუბინი

კომენტარები

ბოლო ამბები