Thumbnail

PREVIEW | მილანი V რომა - 'როსონერი' მეტოქეს მაგარ ფორმაში ხვდება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 📅 26 ოქტომბერი | ⌚ 23:45 | ⚽ მილანი V რომა
  • სერია A-ს მე-5 ტურის ცენტრალური თამაში 'სან სიროზე' ჩატარდება
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

იტალიის სერია A-ს მე-5 ტური ცენტრალური მატჩით დასრულდება, რომელშიც მილანი რომას დაუპირისპირდება. ამ გუნდების შეხვედრა ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და ახლაც ასეა, განსაკუთრებით, მასპინძლების გამო. სტეფანო პიოლის გუნდი საოცარ ფორმაშია და მარტიდან მოყოლებული არ დამარცხებულა.

"როსონერიმ" ბოლო თამაში ადრეულ გაზაფხულზე სეზონის იძულებით შეწყვეტამდე წააგო (ჯენოასთან შინ 1:2), მას შემდეგ ყველა ტურნირის ჩათვლით, 21 თამაშია არ წაუგია, სერია A-ში კი, 16 მატჩია არ დამარცხებულა. მილანმა სერია A-ს მიმდინარე სეზონის ოთხივე შეხვედრა მოიგო და ასეთი კარგი სტარტი 1995 წლის შემდეგ არ ჰქონია. მაშინ გუნდს ფაბიო კაპელო წვრთნიდა და იმ სეზონში სკუდეტოც მოიგო. აღსანიშნავია, რომ ლომბარდიელები სატურნირო ცხრილს 12 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობენ, რაც 2012 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

ურიგო ფორმაში რომაც არ გახლავთ. პაულუ ფონსეკას გუნდმა პირველ ტურში ვერონასთან უგოლო ფრე ითამაშა, მაგრამ განაცხადში არმყოფი ფეხბურთელის თამაშის გამო, ტექნიკური წაგება ჩაეთვალა. ეს არის ერთადერთი მარცხი რომაელებისთვის მიმდინარე სეზონში. მას შემდეგ "ჯალოროსიმ" 3 მატჩი მოიგო და ერთხელ ფრე ითამაშა (ყველა ტურნირზე).

მატჩის წინ საკადრო პრობლემები ორივე გუნდს აქვს. მილანს ჰაკან ჩალჰანოღლუ, მატეო გაბია, ლეო დუარტე და ანტე რებიჩი აკლია, ხოლო რომას ნიკოლო ძანიოლოს, კრის სმოლინგის, ხავიერ პასტორესა და ამადუ დიავარას გარეშე მოუწევს ფონს გასვლა.

მილანი მიმდინარე სეზონში ყველაზე ახალგაზრდული გუნდია - ფეხბურთელთა საშუალო ასაკი 23.6 წელია, არადა, იქ 39 წლის ზლატანიც თამაშობს

შესანიშნავ ფორმაშია ზლატან იბრაჰიმოვიჩი. შვედმა ლეგენდამ სერია A-ს ამ სეზონში 2 თამაში ჩაატარა და ორჯერვე დუბლი შეასრულა. 39 წლის ზლატანს ასაკი არ ეტყობა და მილანის ბოლოდროინდელ წარმატებებში მისი წვლილი ძალიან დიდია. რომას ლიდერი კი ედინ ჯეკოა, რომელმაც სეზონი ჩვეული შედეგიანობით ვერ დაიწყო. სამაგიეროდ, გოლებს იტანს პედრო. ესპანელი შემტევი იტალიურ გუნდს კარგად მოერგო და ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად სწრაფადვე ჩამოყალიბდა.

საინტერესო ფაქტები

⚽ მილანს რომასთან ბოლო 5 მატჩიდან 3 მოგებული აქვს (1 ფრე, 1 წაგება). ამ ხუთ თამაშამდე კი რომაელებს მილანის წინააღმდეგ ზედიზედ 4 შეხვედრა ჰქონდათ მოგებული.

⚽ რომა არის გუნდი, რომლის წინააღმდეგ სერია A-ში მილანს ყველაზე მეტი მატჩი აქვს მოგებული (170 თამაშიდან 75 გამარჯვება).

⚽ მილანს რომასთან შინ ბოლო ორი თამაში მოგებული აქვს. ბოლოს "როსონერიმ" "ჯალოროსისთან" ზედიზედ 3 საშინაო მატჩი 1996 წელს მოიგო.

⚽ მილანი სერია A-ს მიმდინარე სეზონში ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჩატარებულ 4 ტურში ქულა არ დაუკარგავს. ლომბარდიული გრანდის ისტორიაში აქამდე მხოლოდ 3-ჯერ მოხდა, რომ სეზონის საწყისი ხუთივე თამაში მოიგო - ბოლოს 1993 წელს.

⚽ სეზონის განახლების შემდეგ (ივნისიდან) მილანი ტოპ ჩემპიონატების კლუბებს შორის ერთადერთია, რომელსაც თამაში არ წაუგია (21 მატჩი), ხოლო კონკრეტულად შიდა ჩემპიონატში ყველაზე მეტი გამარჯვება მოიპოვა მადრიდის რეალთან ერთად (13).

⚽ რომას სერია A-ს ეგიდით ლომბარდიის რეგიონში ჩატარებული ბოლო 8 საგარეო მატჩიდან ერთადერთი აქვს მოგებული (4 ფრე, 3 წაგება). ეს ერთი გამარჯვება "ჯალოროსიმ" ივლისში ბრეშასთან (3:0) მოიპოვა.

⚽ მილანი ერთადერთი გუნდია, რომელმაც მიმდინარე სეზონში ჩატარებულ ყველა შეხვედრაში პირველი გოლი გაიტანა (ანგარიში გახსნა). თავის მხრივ, რომამ პირველი გოლი მხოლოდ გასულ ტურში გაუშვა ბენევენტოსთან.

⚽ მილანი ბოლო 10 მატჩია მინიმუმ 2 გოლს იტანს. გუნდს მსგავსი შედეგიანი სერია 1964 წლის შემდეგ პირველად აქვს.

⚽ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ივლისიდან მოყოლებული სერია A-ში ყველაზე მეტჯერ შეასრულა დუბლი (4-ჯერ). მათ შორის 2-ჯერ ამის გაკეთება ბოლო ორ მატჩში მოახერხა. გარდა ამისა, მილანის შვედმა ფორვარდმა რომასთან ბოლო ორ თამაშშიც შეძლო დუბლის გაფორმება.

⚽ პედრომ ბოლო ორ შეხვედრაში გოლი გაიტანა. ესპანელს ამაზე უკეთესი სერია უკანასკნელად 2011 წელს ბარსელონაში თამაშის პერიოდში ჰქონდა.

⚽ რომას ნახევარმცველმა ჯორდან ვერეტუმ სერია A-ს ბოლო 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა და აქედან 4 პენალტით. აღსანიშნავია, რომ ფრანგს ყველა ეს გოლი "სტადიო ოლიმპიკოზე" აქვს გატანილი.

⚽ მილანისა და რომას ბოლო ხუთ ურთიერთშეხვედრაში 2-ჯერ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ რომას ბოლო 3 მატჩი მოგებული აქვს. რომ არა ტექნიკური წაგება სეზონის პირველ მატჩში ვერონასთან, პაულუ ფონსეკას გუნდი ამ დროისთვის დაუმარცხებელი იქნებოდა.

⚽ "ჯალოროსის" მიერ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 5 მატჩში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ მილანს ამ სეზონში 8 თამაში აქვს ჩატარებული, საიდანაც 7 მოიგო და ერთხელ ფრე ითამაშა (რიუ ავესთან, რომელსაც პენალტების სერიაში აჯობა).

⚽ ხსენებული 8 მატჩიდან 5-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, ხოლო 4-ჯერ ორივე გუნდმა მოახერხა გოლის გატანა.

⚽ მილანი და რომა სერია A-ში ერთმანეთს 170-ჯერ შეხვედრიან. მილანი - 75 მოგება, 50 - ფრე და რომა - 45 მოგება.

სავარაუდო შემადგენლობები:

მილანი (4-2-3-1): დონარუმა - კალაბრია, კიაერი, რომანიოლი, ტეო ერნანდესი - ბენასერი, კესი - სელმაკერსი, დიასი, ლეაო - იბრაჰიმოვიჩი.
ტრავმა ან კოვიდინფიცირებულები: ჩალჰანოღლუ, მუსაკიო, რებიჩი, დუარტე, გაბია.

რომა (3-4-2-1): მირანტე - ფაციო, იბანიესი, კუმბულა - სანტონი, პელეგრინი, ვერეტუ, სპინაცოლა - მხითარიანი, პედრო - ჯეკო
ტრავმა ან კოვიდინფიცირებულები: ძანიოლო, პასტორე, სმოლინგი, დიავარა, მანჩინი.

კომენტარები

ბოლო ამბები