Thumbnail

'ერთი ამბობს, მეორის სისხლს დავლევო; მეორე პირველის ფანების ატირებით იმუქრება' - ასე დაახასიათა პოპსპორტის რედაქტორმა პირადი საუბრის დროს UFC-ის სამყარო და მისი პრომოუშენი, რომელიც ხშირად მართლაც საკმაოდ თეატრალურია ხოლმე. ხაბიბი ამ სამყაროსთვის ყოველთვის ზედმეტად ნამდვილი იყო. ის ამის გამო უყვარდათ და ამავე მიზეზის გამო სძულდათ კიდეც.

გუშინ ბევრი ჩვენგანი ტელეეკრანებთან კიდევ ერთხელ იმიტომ შეიკრიბა, რომ დაუმარცხებელი ხაბიბის მარცხი ენახა. ეს მოლოდინი 29 ბრძოლა გრძელდებოდა. ამჯერადაც ამაოდ.

📋 მეტი ამ თემაზე

ჯასტინ გეიჯი რომ წაგებული იყო, ამას ბრძოლის დაწყებიდან 2-3 წუთის შემდეგ მივხვდი. გეიჯიმ რამდენიმე მაგრად მოარტყა - ამ არიზონელ სოფლელ ბიჭს მუშტებში მართლა მაგარი ძალა აქვს და ფეხით 'ლოუ-ქიქებიც' ეხერხება. ხაბიბს მოარტყეს, მაგრამ სახის გამომეტყველება არ შეცვლია, მეტიც, სუნთქვაც არ აჩქარებია. ამ დროს გეიჯი, რომელმაც მართლა კარგი პირველი რაუნდი ჩაატარა, უკვე მძიმედ სუნთქავდა და სახეზე ეწერა, რომ არ იცოდა, რა ექნა. ნათელი იყო, რომ ხაბიბის პრესინგს ის დიდხანს ვერ გაუძლებდა.

ხაბიბი თითქმის მთელი რაუნდი ფეხზე დარჩა და მეტოქის მტკივნეული დარტყმების მიუხედავად, მას მისსავე თამაშში არაფერი დაუთმო. მიუხედავად იმისა, რომ ორმა მსაჯმა რაუნდი ამერიკელს ჩაუთვალა, ცხადი იყო, რომ მას შანსი არ ჰქონდა. ეს პირველი რაუნდის ბოლო წამებზე გახდა ცხადი, როცა დაღესტნელმა მეტოქე პარტერში ჩაიყვანა და მისი ნაქები კოლეჯის ჭიდაობის მიუხედავად, წამებში ისე გაუსწორდა, რომ გეიჯი მხოლოდ რაუნდის დასრულებამ გადაარჩინა. დახრჩობამდე მას წამები აშორებდა.

მეორე რაუნდის დასაწყისში ხაბიბმა ის გააკეთა, რაც მსოფლიოში ყველაზე მაგრად გამოსდის. პარტერში მტკივნეული ილეთით მეტოქე ისე სწრაფად 'დააძინა, რომ გეიჯიმ ნორმალურად დანებებაც ვერ მოასწრო, მსაჯმა კი ბრძოლის დასრულება.

არის მომენტები, როცა ათლეტი მხოლოდ აპლოდისმენტებს იმსახურებს. გუშინაც სწორედ ასეთი მომენტი იყო. შეიძლება ვინმეს კონორ მაკგრეგორის, ნეიტ დიასის ან ტონი ფერგიუსონის სტილი - დგომში ჩხუბი და ბევრი სისხლი გირჩევნიათ, მაგრამ ხაბიბის ჭიდაობა სრულყოფილი იარაღია. ამას აღიარება უნდა. მით უმეტეს ახლა, როდესაც ბრძოლის დასრულების შემდეგ დაღესტნელმა მთელ მსოფლიოს ამცნო, რომ ეს მისი უკანასკნელი ბრძოლა იყო და 29 ტრიუმფის შემდეგ ის დაუმარცხებელი, ლეგენდად წავიდა.

ამჯერად ეს ნამდვილი წასვლაა. 'სიტყვა ვთქვი და მას შევასრულებ' - როცა ასეთ რამეს ხაბიბ ნურმაგომედოვი ამბობს, ზუსტად იცი, რომ შეასრულებს. ამით ის მთელი დანარჩენი ბრძოლების სამყაროსგან განსხვავდება. როგორც ზემოთ ვთქვი, ყოველთვის ზედმეტად ნამდვილი და უბრალო იყო. კავკასიურ, მთიელი კაცის სიხისტესთან და პირდაპირობასთან ერთად, რაღაცნაირი სიუხეშე თუ მოუხეშაობაც ჰქონდა, თუმცა, რასაც ვერავინ დაუკარგავს, ყოველთვის ღირსებით და თავისი შინაგანი, მორალური კოდექსით გამოირჩეოდა. ყოველთვის ვიცოდით, რომ მის სიტყვას ბევრად მეტი ძალა და წონა აქვს, ვიდრე ნებისმიერი სხვა მებრძოლისას. მის სიტყვაშიც და ჩხუბშიც ყოველთვის რაღაცნაირი განსაკუთრებული შინაგანი ძალა ჩანდა. ამის გამო მისი უფრო მეტად ეშინოდათ, ვიდრე ის უყვარდათ.

მამის გარდაცვალებამ მასზე დიდი გავლენა იქონია. ეს ბოლო ბრძოლაც მამისთვის მოიგო, ახლა კი ბრძოლებიდან წასვლა იმიტომ გადაწყვიტა, რომ დედასთან და ოჯახთან გაატაროს მეტი დრო - მამის გარეშე ბრძოლებზე გასვლა უბრალოდ აღარ უნდა. ასე განაცხადა წასვლის წინ.

უცნობია, რის გაკეთებას გადაწყვეტს ხაბიბი მომავალში. მთელი მისი ცხოვრება ვარჯიში და ბრძოლები იყო. უეჭველია, რომ მას ეს სამყარო ძალიან დააკლდება, თუმცა UFC-ის კიდევ უფრო მეტად დააკლება ხაბიბი. ბოლო წლებია, ამ დაუმარცხებელი კაცის რეკორდის დევნა მთელი ბრძოლების სამყაროსთვის მთავარი იდეაფიქსი გახდა. ხაბიბმა წასვლაც დიდი ჩემპიონივით შეძლო. წაუგებელმა არცთუ ისე იოლი მეტოქე უშანსოდ დაამარცხა და წავიდა. აქამდე ის მხოლოდ ჩემპიონი იყო, ახლა კი ლეგენდად იქცა.

კომენტარები

ბოლო ამბები