Thumbnail

'ფეხბურთი მიყვარს, მაგრამ ეს მეტისმეტია' - პეპი შემჭიდროვებულ კალენდარზე

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • COVID-19-ის გამო ფეხბურთელებს მცირე დროში ბევრი მატჩის ჩატარება უწევთ
  • გვარდიოლას აზრით, მჭიდრო კალენდრის გამო მოთამაშეები ხშირად ტრავმიანობენ 

კორონავირუსის პანდემიის გამო საფეხბურთო კალენდარი გადაიტვირთა და შემჭიდროვდა. ფეხბურთელებს მცირე მონაკვეთში რამდენიმე თამაშის გამართვა უწევთ. მსგავსი დატვირთვა ბევრ პრობლემას იწვევს.

გადატვირთული და მჭიდრო კალენდარი არ მოსწონს მანჩესტერ სიტის მთავარ მწვრთნელს პეპ გვარდიოლას. COVID-19-ის პანდემიის გამო, ინგლისში გუნდები მოკლე დროში კიდევ უფრო მეტს თამაშობენ, რადგან აქ ერთის ნაცვლად ორ თასზე გამოდიან - ასოციაციის და კარაბაოს.

გვარდიოლა ამით ძალიან უკმაყოფილოა. ესპანელი სპეციალისტი ფეხბურთელების ხშირ ტრავმიანობას მცირე პერიოში ჩატარებულ ბევრ მატჩს აბრალებს. ის მიიჩნევს, რომ მოთამაშეებს დასვენებისთვის მცირე დრო ეძლევათ.

"მიყვარს ფეხბურთი, მიყვარს ფეხბურთის თამაში, მიყვარს ფეხბურთის ტელევიზორში ყურება, მაგრამ ეს მეტისმეტია. ეს მოთამაშეებისთვის ძალიან ბევრია. ფეხბურთელებს ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად დასვენების დრო არ აქვთ. ისინი ტრავმებს იღებენ. უნდა ილოცოთ და იმედი იქონიოთ, რომ ყველა თამაში უპრობლემოდ, მოთამაშის დაზიანების გარეშე ჩაივლის", - განაცხადა გვარდიოლამ.

პეპის გუნდს პრემიერლიგაში არცთუ კარგი სტარტი აქვს - 4 შეხვედრა გამართა და 7 ქულა აიღო. სიტი ამ მაჩვენებლით ცხრილში მე-11 ადგილს იკავებს და პირველ ადგილზე მყოფ ევერტონს, რომელსაც ერთი შეხვედრით მეტი აქვს ნათამაშები, 6 ქულით ჩამორჩება.       

კომენტარები

ბოლო ამბები