Thumbnail

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის ლოკომოტივის ცენტრალური მცველი საბა კვერკველია, რომლის მიმართ დაინტერესებას თავის დროზე ინგლისურ კლუბებს მიაწერდნენ, ახლახან ახლოს ყოფილა საბერძნეთის სუპერლიგის კლუბში გადასვლასთან, მაგრამ ვერც ეს ტრანსფერი განხორციელდა და საბა ისევ რუსეთში დარჩა. 

ამის შესახებ რუსული Sport24 იუწყება, რომლის ცნობით, 28 წლის ქართველ ფეხბურთელით სალონიკის პაოკ-ი ინტერესდებოდა, მაგრამ რუსულმა და ბერძნულმა კლუბებმა მოლაპარაკება ვერ შეძლეს და საბოლოოდ, 2020/21 წლების სეზონის დაწყების წინ, ლოკომოტივმა საბა იჯარით ვოლგოგრადის როტორში გაუშვა.

საბას რუსეთის გარეთ გაყიდვაზე უარი თავის დროზე იური სიომინმა თქვა

საბა კვერკველია მოსკოვის ლოკომოტივის ღირსებას 2017 წლიდან იცავს და მასთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ფეხბურთელმა ამ კლუბთან ერთად თითოჯერ რუსეთის ჩემპიონობა და რუსეთის სუპერთასი, ორჯერ კი რუსეთის თასი მოიგო.

მოსკოველ "რკინიგზელთა" გუნდში ქართველი ფეხბურთელის პოზიციები მწვრთნელის ცვლილების შემდეგ შეირყა. ზაფხულში კვერკველია იჯარით როტორში სეზონის ბოლომდე გადავიდა, მისი მაისურით რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებულ 4 მატჩში კი 3-ჯერ გააფრთხილეს. 

საბას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში უკვე 40 მატჩი აქვს ჩატარებული

შეგახსენებთ, რომ ბერძნული პაოკ-ის ღირსებას ნიკა ნინუა იცავს, რომელიც ბერძნულ კლუბში დინამო თბილისიდან გასულ ზაფხულს გადაბარგდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები