Thumbnail

'ეს ყველაზე დიდი პრობლემა იყო' - მაისაშვილი შოტლანდიასთან მატჩზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლევან მაისაშვილმა შოტლანდიასთან გამართული შეხვედრა შეაფასა
  • ქართველ მწვრთნელს იმედი აქვს, რომ ნაკრები თამაშის ხარისხს გამოსაწორებს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 8-თვიანი პაუზის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა. ლევან მაისაშვილის გუნდი შოტლანდიის ნაკრებთან ''მარიფილდზე'' 7:48 დამარცხდა. ''ბორჯღალოსნებმა'' 8 ლელო გაუშვეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან მაისაშვილმა მედიასთან მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ მომდევნო შეხვედრებში შედეგის გამოსწორების იმედი აქვს.

ლევან მაისაშვილი: "კმაყოფილები, რა თქმა უნდა, ვერ ვიქნებით. ლოგიკურია, ველოდებოდით შეცდომებს, მაგრამ არა ამდენს. მატჩი დიდი ხანი არ გვქონდა ჩატარებული. ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, რომ თამაშის დასაწყისშივე სადავეები ხელიდან გავუშვით. მეორე ტაიმის სტარტზე თამაშზე კონტროლი მცირე ხნით მოვახერხეთ, მაგრამ უპირატესობა მალევე გავუშვით. ბურთს ვერ ვფლობდით, ბევრჯერ დავჯარიმდით, შესაბამისად, ეს ლოგიკური შედეგია.

მეორე ტაიმში მცირე ტრავმებმა, შეცდომებმა და ჯარიმება დიდი ზეგავლენა მოახდინა მატჩზე. შოტლანდიელები მოლში აშკარად დომინანტები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ჩვენს გუნდში ბევრი ცვლილება იყო. ყველაფერი წინ გვაქვს, ასეთი მატჩები კარგია, რადგანაც გვაფხიზლებს და დიდ განსახვავებას ვხედავთ პირველი დონის ქვეყნებსა და რაგბი ევროპის ქვეყნებს შორის.

მთლიანი შემადგენლობით მატჩისთვის მოსამზადებლად მხოლოდ 2 ვარჯიში გვქონდა. ერთ-ერთი მიზეზი მოლში შექმნილი პრობლემებისა, სწორედ ეს იყო. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ცვლილება გვქონდა პირველ და მეორე ხაზში. მომდევნო თამაშებისთვის მოლში უფრო კარგად ვითამაშებთ. სერიოზული ტრავმები არ გვაქვს, მაგრამ ჯერ ექიმების პასუხებს ველოდებით. ოთია გიორგაძემ თამაშის გაგრძელება კუნთის ტკვილის გამო ვერ შეძლო, ასე დაემართა ნოდარ ჭეიშვილსაც."

კომენტარები

ბოლო ამბები