Thumbnail
  • ქართველი კალათბურთელი, შესაძლოა, დეკადის საუკეთესო პასის ავტორი გახდეს
  • გიორგი ცინცაძისთვის ხმის მიცემა ფიბას საიტზე დღეში ერთხელაა შესაძლებელი

ქართველი კალათბურთელი გიორგი ცინცაძე ბოლო დეკადის (10 წელი) საუკეთესო პასის ავტორობისთვის იბრძვის და საკმაოდ წარმატებითაც, რადგანაც კაცთა ვირტუალურ ბადეში უკვე ფინალშია გასული.

საუბარია პასზე, რომელიც ცინცაძემ 2015 წლის ევრობასკეტზე ლიეტუვასთან მატჩში გააკეთა და ის ჩვენი კალათბურთის ქომაგს კარგად უნდა ახსოვდეს. მაშინ გიორგიმ ბურთი ბრუნში ზურგსუკან გაუშვა, მანტას კალნიეტისსა და იონას ვალანჩიუნასს შორის გააძვრინა, შეტევა კი მანუჩარ მარკოიშვილმა დაასრულა. ის შეხვედრა მერვედფინალურ ეტაპზე შედგა და საქართველოს ნაკრებმა 81:85 წააგო, არადა, მოგების შანსი ნამდვილად იყო.

შეგახსენებთ, რომ ფიბამ გამოკითხვა ორიოდ კვირის წინ დაიწყო და ამისთვის საუკეთესო 16 ასისტი (კაცთა და ქალთა შორის) შეარჩია. გამოკითხვას შეჯიბრის სახე აქვს და გამარჯვებული პლეი ოფის სისტემით გამოვლინდება. ცინცაძისთვის ხმის მიცემა (დღეში ერთხელ) ამ ბმულზეა შესაძლებელი.
საწყის რაუნდში ქართველი უკანახაზელის კონკურენტი სერბი დუშან ბულუტი და მისი პასი გახლდათ, რომელიც მან 3X3 კალათბურთში 2016 წლის მსოფლიო თასზე ახალ ზელანდიასთან გააკეთა.

გამოკითხვის შედეგად, გიორგიმ ხმების 58% მიიღო, დუშანმა კი – 42%. ნახევარფინალში ქართველმა კალათბურთელმა უკვე სახელოვან ესპანელ მარკ გასოლს აჯობა. ეს უკანასკნელი ნომინირებული იმ პასით იყო, რომელიც 2013 წლის ევრობასკეტზე სერბეთთან შეხვედრაში მიითვალა. ამ შემთხვევაში, ცინცაძის უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინი იყო – 67%-33%.

კაცთა ბადის ფინალში ქართველი უკანახაზელის მეტოქე არგენტინის ნაკრებისა და მადრიდის რეალის ერთ-ერთი ლიდერი ფაკუნდო კამპაცო იქნება. ამ უკანასკნელმა 2019 წლის მსოფლიო თასზე სერბეთთან მატჩში თანაგუნდელს ზურგსუკან ულამაზესი პასი გაუკეთა. ცინცაძესა და კამპაცოს შორის უმჯობესი მთავარ ფინალში ქალთა ბადის ჩემპიონს შეხვდება, სადაც პირველობისთვის ანდრეა ბოკეტე (არგენტინა) და დაიანა ტაურასი (აშშ) იბრძვიან.

34 წლის ცინცაძე კარიერას ჯერაც აგრძელებს და მცირე ხნის წინ კონტრაქტი არაბეთის გაერთიანებული საამიროების კლუბ ბანიჯას აბუ დაბისთან გააგრძელა. გიორგისთვის აზიაში თამაში უცხო ხილი არაა, რადგანაც გასული 2 წელი ყატარულ ალ შამალიში გაატარა (ქვეყნის ჩემპიონიც გახდა), გასულ სეზონში, 13 მატჩში მისი საშუალო მონაგარი კი 15.5 ქულა, 5.3 მოხსნა, 7.6 პასი და 1.5 ჩაჭრა იყო.

შეგახსენებთ, რომ ცინცაძეს საკმაოდ მდიდარი სათამაშო ბიოგრაფია აქვს. უცხოეთში იგი ცსკას (რუსეთი), სამარას (რუსეთი), ურალ გრეიტის (რუსეთი), დინამო მოსკოვის (რუსეთი), ტარტუს (ესტონეთი), ტრიკალას (საბერძნეთი), დონეცკის (უკრაინა), სოპოტის (პოლონეთი), ბუდიველნიკის (უკრაინა), ჩემპვილის (ლიბანი), სკოპიეს (მაკედონია), გრაველინის (საფრანგეთი), რუენისა (საფრანგეთი), იაშის (რუმინეთი) ღირსებასაც იცავდა.

📺 ცინცაძის დაუვიწყარი პასი ლიეტუვასთან

კომენტარები

ბოლო ამბები