Thumbnail

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა ვიკტორ გრესევმა საქართველოსთან მატჩის კიდევ ერთხელ გადადების გამო მწუხარება გამოთქვა და ისტორია ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის დაპირისპირებას შეადარა. მოგეხსენებათ, UFC-ში აღნიშნული მებრძოლების შერკინება რამდენჯერმე დაიგეგმა, თუმცა, ჯერაც არ ჩატარებულა.

“ქართველები ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე ძლიერი მეტოქეები არიან, ამდენად, მათთან მატჩებისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადებით. ახლა კი ისე გამოვიდა, რომ საქართველოსთან შეხვედრა უკვე მეორედ გადაიდო. ეს ძალიან სამწუხაროა. თამაში ჯერ კიდევ მარტში გვსურდა და ახლაც ძალიან გვინდოდა, ასე რომ, ბიჭები გულდაწყვეტილები არიან. სიტუაცია ნაწილობრივ უკვე ხაბიბისა და ფერგიუსონის ისტორიას გავს, თუმცა, ვერაფერს ვიზამთ – ასეთია ამჟამინდელი რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ”.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც პირველ ნოემბერს, მესხის სტადიონზე უნდა გამართულიყო, რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით გადაიდო. შეგახსენებთ, რომ ნაკრებებს ჯერ კიდევ მარტში უნდა ეთამაშათ, თუმცა შეხვედრა მაშინაც კორონავირუსის გამო არ შედგა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მატჩს “ბორჯღალოსნებისთვის” სატურნირო მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგანაც ლევან მაისაშვილის ნაკრებს ჩემპიონის ტიტული უკვე გარანტირებული აქვს. ქართველ მორაგბეებს რუსებთან ისტორიაში 23 მატჩი აქვთ ჩატარებული, საიდანაც 21-ში გაიმარჯვეს. რუსებმა ერთადერთი მოგება სულ პირველ შეხვედრაში, 1993 წელს იზეიმეს, კიდევ ერთი თამაში კი ფრედ დასრულდა (2002 წელს).

კომენტარები

ბოლო ამბები