Thumbnail
  • 'ბასკონიაში 6 წელი გავატარე, ამდენად, გუნდის გამოცვლა რთული გახლდათ'
  • ქართველი კალათბურთელის ინტერვიუ VTB-ლიგის იუთუბ-არხთან

მოსკოვის ცსკა-ს ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია VTB-ლიგის იუთუბ-არხის გადაცემის სტუმარი იყო და მისდამი მიძღვნილ სიუჟეტში რამდენიმე შეკითხვას უპასუხა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი რუსულ გრანდის მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა, მას შემდეგ, რაც ესპანურ ბასკონიასთან ერთად ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმა.

ბასკონიადან მოსკოვის ცსკა-ში გადასვლის გადაწყვეტილება იოლად მიიღეთ?

ასე ნამდვილად არ ყოფილა. ბასკონიაში 6 წელი გავატარე, ამდენად, გუნდის გამოცვლა რთული გახლდათ. სამაგიეროდ, ვიცოდი, რომ ევროლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში გადავდიოდი. ამან არჩევანის გაკეთება შედარებით გამიადვილა.

ცსკა-ში ტრანსფერამდე, ესპანეთის ჩემპიონატის მოგება მოახერხეთ...

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყო. ბასკონია ჩემპიონობას 10 წელი ელოდა, მე კი, გასული 6 სეზონი. იმ დღიდან, რაც ამ კლუბის წევრი გავხდი, ძალიან მინდოდა, ბასკონიასთვის და სრულიად ქალაქისთვის ჩემპიონობა მომეპოვებინა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს მოვახერხეთ. იქაური ხალხი ამას ნამდვილად იმსახურებდა.

ცსკა-ში გადმოსვლის მერე, დენიელ ჰეკეტს 23-ნომრიანი მაისურით დათმობა სთხოვეთ. თავად რას იზამდით, ცსკა-ში ლებრონ ჯეიმსი ანაც მაიკლ ჯორდანი რომ მოსულიყვნენ და იგივე თქვენთვის ეთხოვათ?

რთული სათქმელია. თუკი ეს მას, როგორც თანაგუნდელს მართლა ძალიან დასჭირდებოდა, შესაძლოა, ნომერი დამეთმო, თუმცა, ავუხსნიდი, რომ ეს ჩემთვისაც მნიშვნელოვანია. ამდენად, ალბათ, მეტყოდნენ, Ok, შენთვის დაიტოვე. თუკი ლებრონ ჯეიმსი აქ ჩამოვა, ვფიქრობ, რომ მასთან შეთანხმებას როგორღაც მოვახერხებ.

ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ 25 ხინკლის შეჭმა შეგიძლიათ. ეს მართალია?

დიახ, ნამდვილად ვთქვი, რომ ამის გაკეთება შემიძლია. აი, მაგალითად, ეხლა მშიერი ვარ და ბევრ ხინკალს შევჭამდი, თუმცა, 25-ს ალბათ მაინც მხოლოდ ნიძლავზე. გამარჯვებისთვის ამას მოვახერხებდი.

ცნობისთვის, ამჟამად, შენგელია ცსკა-სთან ერთად ბელგრადში იმყოფება და დღეს, ევროლიგის ეგიდით სერბულ ცრვენა ზვეზდას დაუპირისპირდება. მოსკოველებს გასულ 4 ტურში 2-2 მოგება-წაგება აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილი უკავიათ, შენგელიას საშუალო მონაგარი კი 10.0 ქულა, 8.0 მოხსნა და 2.3 პასია.

კომენტარები

ბოლო ამბები