Thumbnail
  • ზინედინ ზიდანის გოლი ლევერკუზენთან ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა
  • რომ არა ეს ტრანსფერები, შესაძლოა, ლიგას სხვანაირი ისტორია ჰქონოდა

ჩემპიონთა ლიგის მოგებას ბევრი კლუბი ცდილობს და ყველა ოცნებობს. ყველა გრანდის ნებისმიერი ხმაურიანი ტრანსფერის მთავარი მიზანი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირი მოგებაა.

Marca-მ იმ ფეხბურთელების საუკეთესო ათეული შეადგინა, რომელთა ტრანსფერებმაც ჩემპიონთა ლიგა შეცვალა და კლუბს ტურნირი მოაგებინა.

ეუსებიო - ბენფიკა (1962)

ბენფიკამ 1961 წელს ჩემპიონთა თასის ფინალში ბარსელონა 3:2 დაამარცხა. პორტუგალიურ კლუბს ტიტულის შენარჩუნება სურდა. სწორედ ამიტომ, მათ გუნდში ლეგენდარული ეუსებიო მიიყვანეს. მომავალ წელს ბენფიკა ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე კიდევ ერთი ესპანური გრანდი მადრიდის რეალი იყო. პორტუგალიურმა გუნდმა “სამეფო გუნდი” 5:3 დაამარცხა, ეუსებიომ რეალს დუბლი შეუსრულა და ბენფიკას ტიტულის შენარჩუნებაში დაეხმარა.

ზინედინ ზიდანი - რეალი (2002)

რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მოგება მადრიდულ კლუბში პირველივე სეზონში მოახერხა. ესპანურმა გუნდმა ფრანგი იუვენტუსიდან 71.6 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა. ფინალში "სამეფო გუნდი" ლევერკუზენს შეხვდა, ზიდანმა კი ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო და დასამახსოვრებელი გოლი გაიტანა, რეალი წინ გაიყვანა და საბოლოოდ გუნდს 2:1 მოაგებინა.

ჩაბი ალონსო - ლივერპული (2005)

ჩაბი ალონსო 2005 წლის ლეგენდარული ფინალის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო. ესპანელმა მე-60 წუთზე გატანილი გოლით წონასწორობა აღადგინა და ლივერპულმა თამაში შეატრიალა. გარდა გატანილი გოლისა, ჩაბი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე. რაფა ბენიტესის გუნდმა ალონსო რეალ სოსიედადიდან 14 მილიონი ევროს სანაცვლოდ 2004/05 წლების სეზონის დასაწყისში დაიმატა.

ლიონელ მესი - ბარსელონა (2006)

2006 წელს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ბარსელონა ლონდონის ჩელსის შეხვდა. ორმატჩიანი დუელი საკამოდ დაძაბული გამოდგა. კატალონიურმა გრანდმა "არისტოკრატებს" 3:2 მოუგო. გასვლით შეხვედრაში ლიონელ მესის შესანიშნავი პერფორმანსი ჰქონდა. სამწუხაროდ, არგენტინელმა არსენალთან ფინალი ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა თავისი სიტყვა მესიმ 2009 წლისა და 2011 წლის ფინალებში თქვა.

სამუელ ეტო’ო - ინტერი (2010)

სამუელ ეტო’ოს ბარსელონასთან ერთად 2008/09 წლები ძალიან წარმატებული გამოუვიდა. კატალონიელებთან ერთად მოგებული ტიტულების შემდეგ იგი იტალიაში, მილანის ინტერში გადაბარგდა. სამუელი ჟოზე მოურინიოს გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე იყო. იგი მთელი სეზონი განმავლობაში კარგად გამოიყურებოდა და ინტერთან ერთად ტრებლის მოგებაც მოახერხა.

ხუან მატა - ჩელსი (2012)

ბევრს, შესაძლოა, ხუან მატას ამ სიაში ყოფნა გაუკვირდეს. 2011 წლის ზაფხულში ჩელსიმ ესპანელი ვალენსიადან დაიმატა. მატა 2012 წელს ჩელსისთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადა მიუნხენის ბაიერნს "ალიანც არენაზე" დაუპირისპირდა. ყველას კარგად ახსოვს დიდიე დროგბას დარტყმა და გოლი, მაგრმამ ვინ გაუკეთა მას საგოლე გადაცემა? სწორია, ხუან მატამ! ესპანელმა კუთხური სწორედ იქ ჩააწოდა, სადაც საჭირო იყო.

მანუელ ნოიერი - ბაიერნი (2013)

ბაიერნმა ნოიერი შალკედან 2011 წელს, 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა. მიუხედავად შთამბეჭდავი პირველი სეზონისა, მან 2012 წელს ლიგის ფინალი ჩელსისთან დათმო. ერთი წლის შემდეგ ბაიერნმა ტრებლი შეასრულა. ნოიერი მიუნხენურ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

გარეთ ბეილი - რეალი (2014)

რეალმა ბეილი ტოტენჰემიდან იმ დროისთვის სარეკორდო ფასად, 91 მილიონ ევროდ დაიმატა. მადრიდულ კლუბს ლიგა დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა მოგებული. 2014 წელს ატლეტკოსთან ფინალში, ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. დამატებითი დროში უელსელმა გუნდი დააწინაურა და მე-10 ჩემპიონთა ლიგის თასი მოაგებინა.

ლუის სუარესი - ბარსელონა (2015)

2014 წელს ბარსელონამ პრემიერლიგის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ლუის სუარესი დაიმატა. ურუგვაელი კარგ ფორმაში შევიდა და მესისთან და ნეიმართან ერთად საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ტრიო შექმნა. 2015 წელს ლიგის ფინალში ტურინის იუვენტუსთან სუარესმა მე-2 გოლი გაიტანა, რომელიც გამარჯვების აღმოჩნდა. ბარსელონამ იმ წელს ტრებლი შეასრულა.

ვირჯილ ვან დაიკი - ლივერპული (2018)

2018 წელს ლივერპულმა 85 მილიონ ევროდ ვირჯილ ვან დაიკი დაიმატა. ნიდერლანდელის შეძენის შემდეგ "მერსისაიდული" გუნდის დაცვა სხვა დონეზე ავიდა. ლივერპული მასთან ერთად უფრო მაღალი დონის გუნდია. ვან დაიკი ლივერპულის შეუცვლელ წევრად ჩამოყალიბდა და ბოლო დროს ინგლისური კლუბის წარმატებები მისი დიდი დამსახურებაა. ნიდერლანდელთან ერთად ლივერპულმა 2018 წელს მადრიდის რეალთან ფინალი წააგო, თუმცა ერთ წელიწადში, ტოტენჰემის დამარცხების შემდეგ, "მერსისაიდულმა" გუნდმა ვან დაიკთან ერთად ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტიტული ისტორიაში მეექვსედ მოიგო.

 

კომენტარები

ბოლო ამბები