Thumbnail

'ძალიან იმედგაცრუებული ვარ' - მესუთ იოზილის წერილი არსენალის ფანებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • არსენალმა მესუთ იოზილი პრემიერლიგის სეზონის განაცხადში არ შეიყვანა
  • 32 წლის გერმანელი ნახევარმცველი კლუბის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

ლონდონის არსენალის ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა კლუბის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც გერმანელი ფეხბურთელი ინგლისის პრემიერლიგის სეზონის განაცხადში არ შეიყვანა. ეს ნიშნავს, რომ 32 წლის ნახევარმცველი "მეთოფეების" მაისურით პრემიერლიგაში თამაშს, სულ ცოტა, თებერვლამდე ვერ შეძლებს. ამ დროიდან კი განაცხადში ცვლილებების შეტანა შესაძლებელი იქნება.

მანამდე იოზილი არსენალმა არც ევროპალიგის განაცხადში შეიყვანა

"ჩემთვის რთულია ამ წერილის დაწერა არსენალის ფანებისთვის, რომლის ღირსებას ბოლო წლების განმავლობაში ვიცავდი. პრემიერლიგის სეზონის განაცხადს მიღმა ჩემი დატოვების შესახებ მიღებული კლუბის გადაწყვეტილების გამო, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. 2018 წელს, ახალი კონტრაქტის გაფორმებით, ერთგულება გამოვუცხადე არსენალს - კლუბს, რომელიც მიყვარს. ძალიან სამწუხაროა, რომ საპასუხოდ არაფერი მივიღე. ახლაღა გავიგე, რომ დღეს ერთგულება იშვიათი ღირსებაა. ყოველკვირა ვინარჩუნებდი პოზიტივს იმ იმედით, რომ შემადგენლობაში დაბრუნების შანსი გაჩნდებოდა. ამიტომაც ვიყავი ჩუმად. 

კორონავირუსით გამოწვეული პაუზის წინ, ძალიან კმაყოფილი ვიყავი ახალი მწვრთნელის, მიკელ არტეტას ხელმძღვანელობით ნაჩვენები პროგრესით. ყველაფერი კარგად მიდიოდა და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მაღალ დონეზე გამოვდიოდი, მაგრამ მერე ყველაფერი ისევ შეიცვალა და არსენალში თამაშის უფლება მეტჯერ აღარ მომცეს. 

რაღა უნდა ვთქვა? ლონდონს ისევ ჩემს სახლად მივიჩნევ, გუნდში მყავს უამრავი მეგობარი და ამ კლუბის ფანატებთან მყარ კავშირს ჯერ კიდევ ვგრძნობ. რაც უნდა მოხდეს, ვიბრძოლებ ჩემი შანსისთვის და არ დავუშვებ, რომ არსენალში ჩემი მერვე სეზონი ასე დასრულდეს. პირობას ვიძლევი, რომ ეს რთული გადაწყვეტილება ჩემს გეგმებზე არ აისახება. თავდაუზოგავად გავაგრძელებ ვარჯიშს და ვიბრძოლებ არაადამიანურობის წინააღმდეგ და სამართლიანობისთვის", - დაწერა იოზილმა. 

გერმანელი ნახევარმცველი ლონდონის არსენალის ღირსებას 2013 წლიდან იცავს, მისი კონტრაქტი კი კლუბთან 2021 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. თურქული წარმომავლობის მქონე ფეხბურთელს, რომელსაც გერმანიის ნაკრებში 92 მატჩი აქვს ჩატარებული, მადრიდის რეალში, ბრემენის ვერდერსა და გელზენკირხენის შალკეშიც უთამაშია. 

კომენტარები

ბოლო ამბები