Thumbnail

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

იბეროსტარ ტენერიფეს 31 წლის ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა. შერმადინმა MVP-ს ტიტული გიპუზკოა ბასკეტის კოლუმბიელ ლეგიონერ ხაიმე ეჩენიკესთან გაიყო. ორივე ამ კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტი 29 გახლდათ.

ლიგა ენდესაში მე-5 ტურის საუკეთესოს გარკვევა იმიტომ დაგვიანდა, რომ გადადებული მატჩები იყო ჩასატარებელი, საბოლოოდ კი, შერმადინისა და ეჩენიკეს მიღწევა ვერავინ გადაფარა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტურში ტენერიფელებმა ფუენლაბრადას უმასპინძლეს და უხვქულიან მატჩში 91:87 მოიგეს, ქართველმა ცენტრმა კი სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 25:03 წუთში 17 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 4-ვე ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

ესპანეთის ჩემპიონატში ზოგ გუნდს უკვე 6 მატჩი აქვს ჩატარებული, იბეროსტარ ტენერიფეს კი, 5-დან 5 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილს მადრიდის რეალთან ერთად ლიდერობს. ტენერიფელები მომდევნო მატჩს 25 ოქტომბერს ქართველი კალათბურთელის ყოფილ გუნდ მალაგის უნიკახასთან ჩაატარებენ.

აღსანიშნავის ისიც, რომ 5 მატჩის ჯამში, შერმადინის საშუალო მაჩვენებლები 17.4 ქულა, 4.4 მოხსნა, 2.0 პასი, 1.0 ჩაჭრა და სარგებლიანობის კოეფიციენტი 23.8 გახლავთ, რაც მთელს ლიგაში საუკეთესო შედეგია.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ლეგიონერმა ძალიან შედეგიანად ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სასტარტო ტურშიც, სადაც იბეროსტარმა დანიურ ბაკენ ბეარსს 98:73 სძლია, გიორგიმ კი 26 ქულა ჩააგდო და თამაშის MVP გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები