Thumbnail

'ის ძალიან გამოგვადგება' - ბაიონამ მიქაუტაძეს კონტრაქტი გაუფორმა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'კოტე გუნდის ახალგაზრდა მორაგბეებისთვის კარგი მაგალითის მიმცემი იქნება'
  • TOP 14-ის კლუბმა ქართველი მეორეხაზელი 3-თვიანი პერიოდით აიყვანა

ფრანგული TOP 14-ის წევრმა ბაიონამ ქართველი მორაგბის კონსტანტინე მიქაუტაძის ტრანსფერი ოფიციალური ვებ-გვერდზე დაადასტურა. შეგახსენებთ, რომ საუბარია 3-თვიან კონტრაქტზე. ფრანგულმა კლუბმა ქართველი მეორეხაზელი “სამედიცინო ჯოკრის” სტატუსით აიყვანა მას შემდეგ, რაც ასიერ უსარაგა დაუშავდა. კოტეს წარდგენას ბაიონას მთავარი მწვრთნელი იანიკ ბრიუც დაესწრო, რის შემდეგ კომენტარებიც გაკეთდა.

კონსტანტინე მიქაუტაძე (ბაიონას მორაგბე): “მიხარია, რომ ბაიონაში გადმოვედი. გასული სეზონი ტრავმების გამო ჩემთვის მძიმე გამოდგა, ამდენად, ბედნიერი ვარ, რომ ისევ TOP 14-ის კლუბში ვითამაშებ. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩემი შანსი გამოვიყენო. ძალიან ლამაზ რეგიონში მოვხვდი, მდიდარი ისტორიის მქონე კლუბში, რომელსაც ძალიან ერთგული ქომაგები ჰყავს. იგივე გრძობა მაქვს, რაც ტულონში. ბაიონას მაისურით მინდორზე გასვლას მოუთმენლად ველი”.

იანიკ ბრიუ (ბაიონას მთავარი მწვრთნელი): “კოტეს დიდი გამოცდილება აქვს მიღებული, ტულონში ტიტულებიც არ აკლდა, შემდეგ კი მონპელიეს მიაშურა. მისი ძალა და უნარები მეორე ხაზში ძალიან გამოგვადგება. ამჟამად ბევრი ტრავმირებული მორაგბე გვყავს და მისი სტილის მოთამაშეები ძალიან გვჭირდება. იმედი გვაქვს, რომ მიქაუტაძე ბაიონას ახალგაზრდა მორაგბეებისთვის კარგი მაგალითის მიმცემი იქნება”.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის მიქაუტაძეს 2011-16 წლებში ტულონის რიგებში 55 მატჩში 2 ლელო აქვს დადებული, შემდეგ კი, ფრანგული რაგბის კიდევ ერთ გრანდ მონპელიეს მიაშურა და 63 შეხვედრაში 1 ლელო მიითვალა. კოტე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2010 წლიდან თამაშობს და 64 მატჩში აქტივში 2 ლელო აქვს. ბაიონა მიმდინარე სეზონში 5 მატჩის მერე 8 ქულით მე-9 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 24 ოქტომბერს აჟენთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები