Thumbnail
  • მთავარმა მწვრთნელმა ლევან ბაჯელიძემ გუნდში 24 ფეხბურთელი გამოიძახა
  • მათ შორის ხატია ჭყონიაცაა, ვინც ქალთა ლიგის ერთ მატჩში 15 გოლი გაიტანა

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე მატჩისთვის იწყებს მზადებას. ლევან ბაჯელიძის გუნდი დღეიდან შეკრებას სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” გაივლის, 27 ოქტომბერს კი, ისრაელს უმასპინძლებს.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მომავალი მატჩისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის რამდენიმე დებიუტანტია: ანა ჯოჯუა, მეგი ეჯიბია, ლიზი მწყერაშვილი, მაიკო ბებია, ელენე კახნიაშვილი და ნინო გურიელიძე ეროვნულ გუნდთან ერთად პირველად მოემზადებიან.

ნაკრებში ერთადერთი ლეგიონერი თურქული ერეგლი ბელედიესპორის მეკარე თეონა სუხაშვილია. გამოძახებულია ლანჩხუთის ფორვარდი ხატია ჭყონიაც, რომელმაც ათიოდ დღის წინ, ზარზმასთან მატჩში 15 გოლის გატანა მოახერხა. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ საქართველოს ქალთა ლიგა  20 ოქტომბერს დასრულდა, ჩემპიონი კი თბილისის ნიკე გახდა, რომელმაც ცამეტივე მატჩი მოიგო (ბურთები 117:5-ზე) და 39 ქულა მოაგროვა. ნიკედან ეროვნულ ნაკრებში 6 ფეხბურთელია.

მეკარეები: თეონა სუხაშვილი (ერეგლი ბელედიესპორი, თურქეთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი), თამარ ნადირაშვილი (ნიკე, თბილისი), სვეტლანა გაბელაია (გორი იუნაიტედი).

მცველები: ნინო სუთიძე, გვანცა ქადაგიშვილი, ანა ჯოჯუა, მეგი ეჯიბია (ყველა – კვარტალი, თბილისი), თამარ ტატუაშვილი (ნიკე, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნინო გურიელიძე (ნორჩი დინამო, თბილისი).

ნახევარმცველები: თამთა შენგელია, ლანა გორგაძე (ორივე – მართვე, ქუთაისი), ნინო პასიკაშვილი, თეონა თოდაძე, თეონა ბაქრაძე, ნათია დანელია (ყველა – კვარტალი, თბილისი), ელენე კახნიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი), ტატა მატვეევა (ნიკე, თბილისი).

თავდამსხმელები: ნათელა წოწერია, ხატია ჭყონია (ორივე – ლანჩხუთი), ლიზი მწყერაშვილი, მაიკო ბებია, ლელა ჭიჭინაძე (ყველა – ნიკე, თბილისი).

საქართველოსა და ისრაელის ეროვნულ ნაკრებთა მატჩი 27 ოქტომბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალთა ეროვნული გუნდი ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში დანიის, იტალიის, ბოსნია-ჰერცეგოვინას, ისრაელისა და მალტის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. ბაჯელიძის შეგირდებს 7-ვე მატჩი წაგებული აქვთ ბურთების სხვაობით – 2:36-ზე. ისრაელი 4 ქულით მეოთხეა.

კომენტარები

ბოლო ამბები