Thumbnail
  • 📅 21 ოქტომბერი | ⌚ 23:00 | ⚽ ბაიერნი V ატლეტიკო | 📺 SILK UNIVERSAL
  • ბაიერნი ახალ მისიას იწყებს და ისევ ნომერ პირველი კანდიდატია
  • ტიაგო ალკანტარას წასვლა რეკორდმაისტერისთვის პრობლემა არ არის
  • ატლეტიკოს 4 წამყვანი ფეხბურთელი აკლია
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო და აი, რეკორდმაისტერი უკვე ტიტულის შენარჩუნებაზე ზრუნვას იწყებს!

UPDATE: უეფამ დაადასტურა: ბაიერნი-ატლეტიკო ჩატარდება

ბავარიული გრანდის გულშემატკივრებს ლისაბონის ზეიმის კადრები ჯერაც თვალწინ უდგათ და უკვე ვალდებულები არიან, რომ ჯგუფური ეტაპის ტურებს და მეტოქეებს შეეჩვიონ. კორონა-წელიწადში ფინალიდან მომდევნო ტურნირის პირველ მატჩამდე ბევრი დრო ვერ გავიდოდა. თუმცა ბაიერნის პირველივე მეტოქე ძლიერია: ჰანსი ფლიკის გუნდი დიეგო სიმეონეს ატლეტიკოს მასპინძლობს და ეს ოთხშაბათის მთავარი მატჩია. თუმცა ბაიერნი ისევ ფავორიტია - არა მარტო ამ შეხვედრის, არამედ მთლიანად სეზონის!

რამდენად შეუძლია რეკორდმაისტერს ის, რაც ბოლოს მადრიდის რეალმა შეძლო და თანაც, არაერთხელ, არამედ ზედიზედ ორჯერ? შეუძლია და მერე როგორ! მართალია, ჰანსი ფლიკმა ტიაგო ალკანტარა დაკარგა (ესპანელი ლივერპულში გადავიდა), მაგრამ ეს ბაიერნის შესაძლებლობებს ოდნავადაც არ აკნინებს.

ტიაგოს წასვლის შემდეგ, ნახევარდაცვის ცენტრში იოზუა კიმიხი თამაშობს, დაცვის მარჯვენა ფლანგზე კი ამ უკანასკნელს პავარი ცვლის. დიდი შანსია, რომ დაცვის მარცხენა ფლანგზე კარგ ფორმაში მყოფი ერნანდესი ვიხილოთ და არა დევისი. წამყვანი ფეხბურთელებიდან ბაიერნს მხოლოდ ახალწვეული ლეროი სანე ჰყავს ტრავმირებული.

კომანი, მიულერი, გნაბრი - ბაიერნის შემტევი ტრიო ლევანდოვსკის უკან

ატლეტიკოს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს - დიეგო სიმეონეს 4 მოთამაშე აკლია. დაშავებულია დიეგო კოშტა, ტრავმები აქვთ საულ ნიგესს და ხოსე ხომენესსაც. დიდი ხანია, ლაზარეთშია შიმე ვრსალკო. სამაგიეროდ, გამოჯანმრთელდა ფლანგის მცველი რენან ლოდი. სიმეონეს მიუნხენში B-გუნდის 4 ფეხბურთელის წაყვანა სურდა, მაგრამ ოთხივე მადრიდში დარჩა, რადგან ერთ-ერთ თანაგუნდელს კორონავირუსზე ტესტირებისას არასახარბიელო შედეგი ჰქონდა. კლუბის თქმით, ამ უკანასკნელს პირველი გუნდის ფეხბურთელებთან კონტაქტი არ ჰქონია.

საინტერესო ფაქტები

⚽ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული იწყებს მისიას სახელწოდებით “ტიტულის შენარჩუნება”. ისტორიაში პირველად და უკანასკნელად ეს ბაიერნმა 1976 წელს შეძლო.

⚽ ბაიერნს ჩემპიონთა ლიგაში ბოლო 11 თამაში მოგებული აქვს - საშუალოდ 3,18-ბურთიანი უპირატესობით.

⚽ CL-ში ბოლო 7 მოგებული მატჩიდან 4-ში ბაიერნმა ანგარიში პირველ 15 წუთში გახსნა.

⚽ ბოლო 7 სეზონია, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულები ახალი სეზონის პირველ საშინაო მატჩს იგებენ.

⚽ ბუნდესლიგაში ბაიერნის ბოლო 9 საშინაო გამარჯვებიდან 5-ში მეორე ტაიმში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ ატლეტიკომ 2019/2020 წლების სეზონის დაწყების შემდეგ, ლა ლიგაში სტუმრად გატანილი გოლების 64% მეორე ტაიმში გაიტანა.

⚽ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 3 სეზონის ჯამში 24 ჯგუფიდან 12 ჯგუფში პირველი და მეორე ადგილები პირველი და მეორე კალათებიდან ამოღებულმა გუნდებმა დაიკავეს. ამ ჯგუფში ბაიერნი და ატლეტიკო სწორედ ასეთი გუნდებია.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ალაბა, ერნანდესი - გორეტცკა, კიმიხი - გნაბრი, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.
ტრავმა: სანე

ატლეტიკო (4-2-2-2): ობლაკი - ტრიპიერი, სავიჩი, ფელიპე, რენან ლოდი - კოკე, ტორეირა - კორეა, კარასკო - სუარესი, ჟოაო ფელიქსი.
ტრავმა: დიეგო კოშტა, ვრსალკო, საული, ხიმენესი.

კომენტარები

ბოლო ამბები